21 წლის ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს რეიტინგით მეორე ადგილზე მყოფი ამერიკელი ჩოგბურთელი დაამარცხა დაძაბულ პაექრობაში - 7:6, 7:5.
- შანჰაის ტურნირამდე მხოლოდ ჩვენი ეზოს დამლაგებელი თუ მიცნობდა, აგასის ძლევის შემდეგ მთელმა უბანმა გაიგო ჩემი სახელი, - იხუმრა ირაკლი ლაბაძემ, რომელსაც რუსეთის დედაქალაქში შევეხმიანეთ.
- კორტზე გასვლის წინ არ შეგშინებია?
- გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისის "დინამოს" კორტებზე ისეთი ბავშვობა
- მაინც არა მგონია, აგასისთან მატჩის წინ გულარხეინად ყოფილიყავი.
- ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ მამის ხელმძღვანელობით დავიწყე, მერე 1997 წლამდე რენა აბჟანდაძე მავარჯიშებდა. ბავშვობიდანვე ვიწრთობოდი ტურნირებში. 9 წლისამ ხარკოვში პირველი ადგილი დავიკავე - ფინალში კარპენკოს ვძლიე.
მერეც არაერთ საკავშირო ტურნირში გავიმარჯვე, მაგრამ ყრმობის ასაკში ყველაზე წარმატებული 1996 წელი გამოდგა: იტალიაში ზედიზედ ორ ტურნირში ვითამაშე - ერთი მოვიგე, მეორეში ნახევარფინალი წავაგე.
მერე ინგლისში ევროპის პირველობაზე გავიმარჯვე. იმავე წელს მილანში 16-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა გაიმართა. მერვედფინალიდან ზედიზედ ვძლიე რუს მარატ საფინს, ესპანელ ხუან კარლოს ფერეროს, ფრანგ ჟულიენ ჟან პიერს და ჩემპიონობა მოვიპოვე.
- შანჰაიმდე უიმბლდონიც იყო...
- დიახ, 1998 წელს 18-წლამდელთა ფინალში გავედი და მსოფლიოს ჩოგბურთის მომავალ ვარსკვლავ როჯერ ფედერერთან დავმარცხდი - 4:6,4:6.
- და მაინც, ჩინეთი...
- მართალია, აგასი მსოფლიო რეიტინგით მეორე იყო, მაგრამ არც მე მაკლდა გამოცდილება - იმ ტურნირისთვის 102-ე ადგილზე ვიყავი.
საინტერესო ის იყო, რომ თამაშამდე ერთი საათით ადრე ცენტრალური კორტის ერთ მხარეს მე ვხურდებოდი - სპარინგობას რუსი სტოლიაროვი მიწევდა, ბადის მეორე მხარეს აგასი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელი იდგნენ. ერთ-ერთ მომენტში აგასიმ სტოლიაროვს გადაულაპარაკა - ჩოგბურთს საქართველოშიც თამაშობენო? ჩემს პარტნიორს გაეცინა - მალე ნახავო, უპასუხა.
სათამაშოდ რომ გავდიოდით, ამერიკელს წივილ-კივილითა და ფეხზე ამდგარნი შეეგებნენ, ჩემი გვარის გამოცხადებისას კი ზრდილობისთვის სამიოდე კაცმა თუ დაუკრა ტაში. თავიდან აგასი დომინირებდა და 4:2 დაწინაურდა. ვერ ვგუობდი მემარცხენე მეტოქეს. თანდათან ალღო ავუღე, ხელთ ვიგდე ინიციატივა და მაყურებელთა ნაწილის სიმპათიებიც დავიმსახურე.
ჩემს საბოლოო გამარჯვებას ტრიბუნები გულგრილი არ დაუტოვებია. ცხადია, ყველაზე მეტად გახარებული მე ვიყავი.
- აგასის გარდა, არაერთი სახელოვანი ჩოგბურთელი დაგიმარცხებია. და მაინც, ხომ არ ფიქრობ, რომ შენი მონაცემების პატრონს მეტი ამბიცია უნდა გქონოდა და უკეთესი შედეგებისთვისაც უნდა მიგეღწია?..
- გეთანხმებით, შეიძლებოდა. უსაყვედურიათ კიდეც, ზარმაცობდიო. მთლად ასე არ ყოფილა, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ასეულში 42-ე ადგილამდე ვერ მივაღწევდი, თუმცა უკეთესად თამაშიც რომ შეიძლებოდა, ესეც ცხადია.
ჩემი თაობა ფსიქოლოგიურად ტრავმირებული თაობაა. 10-11 წლის ბიჭები ტყვიების ზუზუნში ვვარჯიშობდით. არცკი გვჯეროდა, რამის მიღწევას თუ შევძლებდით. ქართულმა მენტალიტეტმაც შემიშალა ხელი. დიდ ჩოგბურთზე 23 წლისამ დავიწყე ფიქრი - მთელი ოთხი-ხუთი წლით დავაგვიანე; თან გამუდმებულმა ტრავმებმაც შემიშალა ხელი - 10 წლისამ მოვიტეხე ხელი და ის ტრავმა ხშირად მახსენებდა თავს.
სხვათა შორის, 2004 წელს ინდიან-უელსის (აშშ) ნახევარფინალში რომ გავედი, ფედერერმა მომილოცა ეს წარმატება და 50-ეულში შემოსვლა დაგიგვიანდაო, მითხრა.
მაშინ ლონდონი არ განმეორდა - ნახევარფინალში ბრიტანელ ტიმ ჰენმანთან დავმარცხდი, ფედერერმა კი ჯერ აგასის, შემდეგ ჰენმანსაც სძლია და მთავარი პრიზი მოიპოვა.
- უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ ფედერერი...
- ჯერ კიდევ 1998 წელს, უიმბლდონის ტურნირის მოგებისას უწინასწარმეტყველეს, რომ დიდ ჩოგბურთს ითამაშებდა. უკვე კოჭებში ეტყობოდა ტალანტი. მართლაც საოცარ სიმაღლეებს მიაღწია, მაგრამ პიროვნულად ისეთივე უბრალო დარჩა, როგორიც ჭაბუკობისას იყო. როჯერი არა მარტო დიდი ჩოგბურთელი, არამედ დიდი პიროვნებაცაა.
-კერპი თუ გყოლია?
- ვერ გეტყვით. ისე, სამპრასისა და აგასის პლაკატები მეკიდა ოთახში.
- ავსტრიაში ცხოვრებისას, მახსოვს, ერთი სომეხი მეგობარი გყავდა.
- ჰო, სარქის სარქისიანი. სწორედ ის დამეხმარა, ავსტრიაში წავსულიყავი სავარჯიშოდ. კორტებზეც ხშირად მიწევდა სპარინგობას. ვენაში მეზობელ ქუჩებზე გვქონდა ბინები ნაქირავები.
ამერიკაში რომ გადადიოდა საცხოვრებლად, გამგზავრების წინა დღეს კაფეში დამპატიჟა. გამომშვიდობებისას მანქანის საბურავი მაჩუქა. რად მინდა-მეთქი, რომ ვკითხე, გაგიჭირდება, "პრადაშო", მიპასუხა. ორივეს გაგვეცინა. არაერთხელ გვიყურებია ერთად "მიმინოსთვის".
- ირაკლი, ხომ არ ფიქრობ, რომ პროფესიულ ჩოგბურთს ნაადრევად ჩამოშორდი?
- სხვა გზა არ მქონდა, როგორც გითხარით, ტრავმებმა შემაწუხა ძალიან. 2004 წელს, გახსოვთ, ალბათ, ათენის ოლიმპიადის პირველ წრეში კიფერთან უნდა მეთამაშა. წინა დღეს ბაღდატისთან ვარჯიშისას ხელის ტრავმა გავიმიზეზე და კორტზე ვერ გავედი.
2006 წელს ჩოგბურთში ხელახალი დაბრუნების შემდეგ უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი შეხვედრა მოვიგე; მერე ძირითად ბადეში რეიტინგის მე-12 ადგილზე მყოფი გილიერმო კორია, მერდი ფიში დავამარცხე და მერვედფინალი მაშინ მსოფლიოს მეორე ჩოგან რაფაელ ნადალთან სამ სეტში დავთმე - 3:6, 6:7, 3:6.
იმავე წელს, ლადო ჩიხლაძესთან ერთად, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე და გუნდი დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში გადავიყვანეთ.
2007 წელს, პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე, ფაქტობრივად, ცალი ხელით ვითამაშე. მერე ოპერაცია გავიკეთე. 2009 წელს ისევ დავუბრუნდი კორტებს, მაგრამ ვიგრძენი, რომ აქტიური ჩოგბურთიდან წასვლა აუცილებელი იყო.
- რუსეთის დედაქალაქში რას საქმიანობ?
- აქ მეგობრებმა მომიწვიეს. უფრო მარატ საფინის სანახავად ჩამოვედი. სტოლიაროვმა მირჩია, დავრჩენილიყავი. აქ მეტი შესაძლებლობებია ფრთების გასაშლელად. არადა, ჩემი მიზანი იყო, თბილისში მემუშავა, ქართველი ახალგაზრდებისთვის გადამეცა ჩემი გამოცდილება.
გული მიკვდებოდა, "დინამოს" ყოფილ კორტებთან რომ ჩავივლიდი. იქ გაიარა მთელმა ჩემმა ბავშვობამ. არ უნდა დაენგრიათ ის ისტორიული ადგილი, სადაც უამრავმა სახელოვანმა ქართველმა ჩოგბურთელმა აიდგა ფეხი.
ინფრასტრუქტურასთან ერთად, ქართულ ჩოგბურთს არც დაფინანსება აქვს. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ სპორტის ამ სახეობაზე გული არავის შესტკივა. ამგვარ სიტუაციაში საქართველოს ჩოგბურთში მე ჩემს თავს ვერ ვხედავ.
ღმერთმა ქნას, რომ სიტუაცია შეიცვალოს. ქართული ჩოგბურთის ტრადიციები უკეთეს მომავალს იმსახურებს.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"