ენდი მარეი წაგებით დაბრუნდა

AutoSharing Option
აბუ დაბიში სტარტი აიღო ტრადიციულმა საჩვენებელმა ტურნირმა, რომელშიც ATP-ის ტურის თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშე იღებს მონაწილეობას. გაიმართა ორი მეოთხედფინალი და გაირკვა ნახევარფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ესპანელი რაფაელ ნადალის მეტოქეები.

რაფაელი ფინალში გასასვლელად შეხვდება თანამემამულე დავიდ ფერერს, რომელმაც ოთხი ბრეიკი გააკეთა შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკასთან მატჩში თავად ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება და 7:5, 6:1 გაიმარჯვა.

დღის მეორე მატჩში, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, კორტზე ვიხილეთ ბრიტანელი ენდი მარეი, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერ აკლია სათამაშო პრაქტიკა. მან სამჯერ წააგო საკუთარი გეიმი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას
წინააღმდეგ, მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა და საათსა და 11 წუთში 5:7, 3:6 წააგო.

ამ მოგებით ფრანგმა ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრის უფლება მოიპოვა, თავად ენდი მარეი კი მეხუთე ადგილისთვის მატჩში შეხვდება სტანისლას ვავრინკას.

2014 წლის საჩოგბურთო სეზონის დაწყებამდე აღარაფერი დარჩა. მიდის აქტიური მზადება და შესაბამისად, სიახლეებიც და კომენტარებიც უკვე მრავლადაა. მათგან ყველაზე საინტერესოებს გაგაცნობთ...

სამპრასი ჯოკოვიჩის მწვრთნელზე
ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს პიტ სამპრასს მიაჩნია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მწვრთნელად ბორის ბეკერი მიიწვია:

"რა თქმა უნდა, ნოვაკმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია გასულ წლებში ვაიდასთან თანამშრომლობით, მაგრამ ბორისს შეუძლია ჯოკოვიჩის თამაშს დაამატოს ის, რაც სერბს აქამდე აკლდა. ნოვაკისთვის 2013 წლის სეზონი კარგად განვითარდა, მაგრამ მას ახალი ხმის გაგონება უნდა. ბეკერმა შესანიშნავად იცის, რას ნიშნავს უიმბლდონის ფინალში წაგება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სწორი სვლაა, რომელიც ნოვაკს სარგებლობას მოუტანს"
.

კეში ჯოკოვიჩის მწვრთნელზე
უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს, პეტ კეშს კი პირიქით, მიაჩნია, რომ ჯოკოვიჩის გადაწყვეტილება მწვრთნელად ლეგენდარული გერმანელის მიწვევაზე, უცნაურად მოჩანს:

"გაკვირვება, გაოცება და უნდობლობა - ეს ის გრძნობებია, რომელიც განვიცადე ჩემი პრინციპული მეტოქის - ბეკერის ჯოკოვიჩის მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. ვცდილობ, საღად შევაფასო სიტუაცია. ალბათ, "დიდი სლემის" ექვსგზის ჩემპიონმა ყველაზე კარგად იცის, როგორ ასწავლოს ნოვაკს ჰაერიდან თამაში, მაგრამ მაინც არ მასვენებს ის აზრი, რომ ეს უცნაური გადაწყვეტილებაა"
.

მარეი და ბეკერისა და ლენდლის დაპირისპირება
ენდი მარეის მიაჩნია, რომ ბეკერის მისვლა ჯოკოვიჩის მწვრთნელად არანაირად არ იმოქმედებს მის ურთიერთობაზე ნოვაკთან. აღვნიშნავთ, რომ ბეკერი და მარეის მწვრთნელი ივან ლენდლი ერთმანეთს 21-ჯერ შეხვედრიან და 11-ჯერ ლენდლმა გაიმარჯვა.

"პირადად მე არ ვფიქრობ, რომ მათი მეტოქეობა გაგრძელდება. იმის მიუხედავად, რომ მწვრთნელები დიდ გავლენას ახდენენ მოთამაშეებზე, კორტზე მაინც ჩოგბურთელები გადიან - და მწვრთნელებს არ აქვთ კონტროლი თავიანთ შეგირდებზე. კარგია, რომ ნოვაკმა თავის შტაბში ბეკერს უხმო. შემიძლია მხოლოდ ჩემზე ვილაპარაკო. ვბრუნდები ტრავმის შემდეგ და კონკრეტულს არაფერს ველოდები. უბრალოდ, ვითამაშებ და ვეცდები, ტრავმები არ მივიღო. იმედია, რომ შევძლებ კარგი შედეგების ჩვენებას "დიდი სლემის" ტურნირებზე"
, - აღიარა მარეიმ.

ნა ლი და გამარჯვება ავსტრალიაში
ნა ლის იმედი აქვს, რომ 2014 წელს შეძლებს ავსტრალიის ღიაზე გამარჯვებას. აღვნიშნავთ, რომ ჩინელი ორჯერ თამაშობდა ამ ტურნირის ფინალში და ორივეჯერ დამარცხებულმა დატოვა კორტი. "უკვე ორჯერ ვიყავი ახლოს ავსტრალიის ღიაზე გამარჯვებასთან. განსაკუთრებით, 2013 წელს. ვგრძნობ, რომ შემიძლია მელბურნში ტიტულის მოპოვება. იმედია, ეს შემდეგ თვეში მოხდება".

ფერერი და გამარჯვება დიდ სლემზე
ესპანელმა დავიდ ფერერმა საღად შეაფასა საკუთარი შანსები "დიდი სლემის" ტურნირებზე. მას მიაჩნია, რომ მისთვის რთული იქნება ტიტულის მოპოვება. სამაგიეროდ, როჯერ ფედერერს შეუძლია ამის გაკეთება:

"არ ვფიქრობ, რომ შევძლებ ტიტულის მოპოვებას "დიდი სლემის" ტურნირებზე. არსებობს ოთხი ძირითადი პრეტენდენტი - ნადალი, ჯოკოვიჩი, მარეი და ფედერერი. შესაძლოა, როჯერმა ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო თამაში 2013 წელს, მაგრამ ახალ სეზონში მას ექნება "დიდ სლემზე" გამარჯვების საშუალება. თუმცა, საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ მოვლენათა განვითარება 2013 წლის მსგავსი იქნება.

გარდა ამისა, არსებობენ ახალგაზრდა მოთამაშეები - რაონიჩი, დიმიტროვი, ტომიჩი, რომლებმაც შეიძლება ახალ წელს გაგვაკვირვონ. არ ვიცი, შეძლებს თუ არა რომელიმე 2014 წელს ტოპ-ათეულში შესვლას, მაგრამ მათ დიდი მომავალი აქვთ"
.

ცონგა და დიდი ტიტული
ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას მიაჩნია, რომ შეუძლია "დიდი სლემის" ტურნირზე გამარჯვების მოპოვება. აღვნიშნავთ, რომ ამ მომენტისთვის ფრანგის მთავარი მიღწევაა 2008 წელს, ავსტრალიის ღიას ფინალში თამაში. "დიახ, მე ჯერაც მიმაჩნია, რომ შემიძლია "დიდი სლემის" ტურნირის მოგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც შევეცდებოდი ტურის უძლიერეს მოთამაშეებთან გაჯიბრებას. მარეიმ დაამტკიცა, რომ თუ შენ რაიმე ძალიან გინდა, ადრე თუ გვიან ამას მიაღწევ. შეუძლებელი არაფერია. ძალიან მინდა კარიერაში ერთხელ მაინც აღვმართო თავზემოთ "დიდი სლემის" რომელიმე ტურნირის მთავარი პრიზი".

ლეივერი და ATP-ის მომავალი
ლეგენდარულ როდ ლეივერს მიაჩნია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი კიდევ რამდენიმე წელი იქნებიან მამაკაცთა ჩოგბურთის ლიდერები. ამასთან, მათ ბრძოლაში, შესაძლოა, მილოშ რაონიჩი ჩაერიოს: "ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წელიწადი ნადალი და ჯოკოვიჩი იბრძოლებენ ATP-ის რეიტინგში ლიდერობისთვის, მაგრამ მალე ამ ბრძოლაში, შესაძლოა, ჩაერთოს მილოშ რაონიჩი, რომელმაც ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ძალიან მოუმატა. მისი დამარცხება ძალიან რთული იქნება და ორი-სამი სეზონის შემდეგ ის შეძლებს რეიტინგში პირველი ადგილის მოპოვებას".

კრის ევერტი და უკონკურენციო სერენა
ლეგენდარულ კრის ევერტს მიაჩნია, რომ სერიოზული კონკურენტების დეფიციტი ვნებს სერენა უილიამსს. აღვნიშნავთ, რომ თავად ევერტი მთელი კარიერის განმავლობაში ებრძოდა მარტინა ნავრატილოვას. "გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ სერენასთვის სასარგებლოა ღირსეული კონკურენტების სიმცირე, მაგრამ ეს შორს არის სიმართლესთან. ვფიქრობ, პრინციპული მეტოქეების სიმცირე მხოლოდ ვნებს სერენას. როცა შენ გყავს პრინციპული მოწინააღმდეგე, ეს ქვეცნობიერად ამაღლებს მოტივაციას და გიბიძგებს უფრო მეტი მუშაობისკენ. ეს ინსტინქტის დონეზეა დასული", - გაგვიზიარა თავისი აზრი ევერტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული