ვიკას მეტოქე მეოთხედფინალში აგნიეშკა რადვანსკა იყო, რომელიც მელბურნში კარგად გამოდის, მაგრამ ბოლო დროს ის მოხერხებული მეტოქე იყო აზარენკასთვის: ბელორუსს პოლონელისთვის ბოლო შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული, თანაც, ბოლო ექვსი - სეტის
22 იანვარს აზარენკას პირველივე გეიმებში უამრავი შეცდომა დაუგროვდა. მას საერთოდ არ მისდიოდა მარჯვნიდან დარტყმა და არც სხვა საჩოგბურთო კომპონენტებში გამოსდიოდა ბევრი რამ. მოკლე სეტის მსვლელობისას, ვიკას 17 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა და ერთი პრესტიჟის გეიმი მხოლოდ 0:5-ზე აიღო.
მეორე სეტში ვიქტორიამ შეამცირა შეცდომების რაოდენობა და შეძლო მეტოქეზე ზეწოლა, მაგრამ რადვანსკა აგრძელებდა კარგ კომბინაციურ თამაშს და ბელორუსის არანაირ უპირატესობაზე ლაპარაკი არ ყოფილა; პირიქით, სეტის შუაში, პოლონელი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მომდევნო გეიმში აზარენკამ პირველად ითამაშა კარგად მეტოქის მოწოდებაზე და ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
მე-11 გეიმში ვიქტორიამ გაჭირვებით შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება, რასაც მომდევნო გეიმში აგნიეშკას მოულოდნელი შეცდომები მოჰყვა და სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.
თითქოს, ფსიქოლოგიური უპირატესობა აზარენკას მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა: რადვანსკა ძალიან მალე მოეგო გონს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველმა გეიმმა - რადვანსკამ ბოლომდე იბრძოლა მეტოქის მოწოდებაზე და ბრეიკით წინ გასვლა შეძლო, რამაც მას სრული სათამაშო უპირატესობა მოუტანა.
პოლონელს ყველაფერი გამოსდიოდა: მკვდარ ბურთებს იგერიებდა, მეტოქის "სმეშებს" პასუხობდა, ჰაერიდან ზუსტად ურტყამდა, მაგრამ მაინც გადამწყვეტი იყო ვიქტორიას უნებლიე შეცდომები. ექვსი გეიმის განმავლობაში, აზარენკამ 15 შეცდომა დაუშვა - ხუთჯერ მეტი, ვიდრე პოლონელმა. პირველად მათ 16-მატჩიან დაპირისპირებაში, რადვანსკამ "მშრალი" ანგარიშით მოიგო სეტი - 6:1, 5:7, 6:0.
ასე შეწყდა აზარენკას 18-მატჩიანი მოგებათა სერია ავსტრალიის ღია პირველობაზე, რადვანსკამ კი ამ ტურნირზე მეხუთე ცდიდან მოიგო მეოთხედფინალი და პირველად გააღწია ნახევარფინალში. მომავალ ორშაბათს აგნიეშკა აუცილებლად გაასწრებს რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ მარია შარაპოვას, თუმცა მესამე პოზიციაზე გადასვლის შანსი აქვს ნა ლისაც.
* * *
ნახევარფინალში რადვანსკა დომინიკა ციბულკოვას შეხვდება. ამ უკანასკნელისა და მისი გუშინდელი მეტოქის - სიმონა ჰალეპის მეოთხედფინალში გასვლა უკვე დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. ჰალეპი მომავალ კვირას WTA-ს რეიტინგის ტოპ-ათეულში შევა და საერთოდაც, მისი პროგრესი ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ციბულკოვა რეიტინგში ასე შორს არასოდეს წასულა, სამაგიეროდ, ის წარმატებული იყო "დიდი სლემის" ტურნირებზე: თითოეულში მინიმუმ მეოთხედფინალში უთამაშია, 2009 წლის როლან გაროსზე კი ნახევარფინალამდეც მიაღწია. მაშინაც და ახლაც სლოვაკმა გზად მარია შარაპოვა დაამარცხა.
ერთი შეხედვით, ეს მატჩი დაძაბული უნდა გამოსულიყო, მაგრამ ციბულკოვამ სწრაფად მოიპოვა ინიციატივა. ჰალეპი ზედმეტად ნერვიულობდა და ამან მას ცუდი სამსახური გაუწია. რუმინელმა აღიარა კიდეც მატჩის შემდეგ - ემოციებს ვერაფრით გავუმკლავდიო. ამ ხანმოკლე შეხვედრაში ჰალეპმა 25 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ციბულკოვამ ეს კარგად გამოიყენა - ერთ საათში 6:3, 6:0 მოიგო.
1/4-ფინალი
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 11) 6:3, 6:0; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2) 6:1, 5:7, 6:0.
1/2-ფინალი
ეჟენი ბუშარი (კან, 30)-ნა ლი (ჩინ, 4); დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"