ავსტრალიის ღია პირველობა: მწვერვალზე მესამე ცდიდან

AutoSharing Option
ჩინელმა ნა ლიმ მესამე ცდიდან მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და ძალიან მიუახლოვდა WTA-ის რეიტინგის მეორე პოზიციას.

სანახევროდ მოულოდნელი ფინალი
ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა ტურნირი სავსე იყო მოულოდნელობებით. მიუხედავად ამისა, ფინალის შემადგენლობას სანახევროდ თუ ვუწოდებდით სენსაციურს. რა თქმა უნდა, ნა ლი არ იყო ბადის თავის ნახევარში ფავორიტი იქ სერენა უილიამსის ყოფნის გამო, მაგრამ არავის ავიწდებოდა, რომ ჩინელს ორჯერ ჰქონდა ნათამაშები ავსტრალიის ღიას ფინალში. სამაგიეროდ, გადამწყვეტ მატჩში დომინიკა ციბულკოვას გამოჩენა - სრულფასოვანი სენსაცია გახლდათ.

ნა ლიმ მხოლოდ 30 წლის შემდეგ შეძლო ქალთა
ჩოგბურთის ელიტაში დამკვიდრება. ჩინელს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული "დიდი სლემის" ტურნირი - 2011 წლის როლან გაროსი. მართალია, გასულ წელს მან ვერ შეძლო ამ კოლექციის შევსება, მაგრამ კარიერაში პირველად დაიკავა რეიტინგის ტოპ-სამეულში ადგილი, რაც ასევე ისტორიული შედეგი იყო.
უშუალოდ ავსტრალიის ღიაზე, ლიმ მხოლოდ ერთი რთული მატჩი ჩაატარა. მესამე წრეში მას სერიოზული პრობლემები შეექმნა ლუსი საფაროვასთან. ჩინელმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ჩეხს მეორე სეტში მატჩბოლი ჰქონდა, რომლის დროსაც საფაროვას დარტყმა რამდენიმე სანტიმეტრით აცდა ხაზს. "ამ ხუთმა სანტიმეტრმა გადაარჩინა ჩემი ტურნირი", - იხუმრა მატჩის შემდეგ ლიმ.

დომინიკა ციბულკოვამ რამდენიმე წელი გაატარა არასტაბილური მოთამაშის სტატუსით, რომელსაც შეუძლია გაიბრწყინოს ცალკეულ მატჩში, მაგრამ მარათონულ დისტანციაზე არ ძალუძს გარკვეული დონის გადალახვა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სლოვაკი არასოდეს შესულა WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში. თუმცა იმ მოთამაშეებისთვის, ვინც ელიტაში არასოდეს ყოფილა, მას მეტად კარგი სტატისტიკა აქვს "დიდი სლემის" ტურნირებზე: ის ასეთი დონის ოთხივე ჩემპიონატზე მინიმუმ მეოთხედფინალამდე მისულა. ასეთი შედეგით დღეს მხოლოდ სერენა უილიამსი, ვიქტორია აზარენკა, მარია შარაპოვა და ნა ლი დაიკვეხნიან. ხოლო ავსტრალიის ღია პირველობამდე მისი საუკეთესო შედეგი 2009 წლის უიმბლდონი იყო, როცა მეოთხედფინალში მარია შარაპოვას მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა დინარა საფინასთან.

მეორე წრიდან მოყოლებული, ციბულკოვა მელბურნში ბრწყინვალე ჩოგბურთს აჩვენებდა. მან მხოლოდ თითო გეიმი დაუთმო სტეფანი ფოგელსა და კარლა სუარეს-ნავაროს, შემდეგ სამსეტიანი მატჩი მოუგო მარია შარაპოვას (ეს იყო ფინალამდე ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც დომინიკამ სეტი დათმო), მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი ორი დამაჯერებელი გამარჯვება იყო სიმონა ჰალეპზე და აგნიეშკა რადვანსკაზე. ამ ჩოგბურთელებმა ციბულკოვას მხოლოდ სამ-სამი გეიმი აართვეს. პირად შეხვედრებში, სლოვაკი ჩინელთან 0:4-ს აგებდა, მაგრამ ამას დიდ როლს არავინ ანიჭებდა.

ორმხრივი ნერვიულობა
ფინალის სტარტზე ორივე ჩოგბურთელი ბევრს ნერვიულობდა. ციბულკოვამ პირველივე გეიმში წააგო საკუთარი მოწოდება, როცა ორმაგი შეცდომა დაუშვა. თუმცა მეტოქეს შორს წასვლის საშუალება არ მისცა, შემდეგ კი ნა ლის უზუსტობებით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. თამაში პირველი სეტში მთლად ხარისხიანი არ გამოვიდა. რა თქმა უნდა, ორივე ცდილობდა შეტევითი ჩოგბურთის ჩვენებას, მაგრამ აქცენტი უფრო იმაზე ჰქონდათ გადატანილი, ერთმანეთისთვის მოუხერხებელი დარტყმები როგორ შეესრულებინათ. თან, ორივე მათგანი კარგად მოქმედებდა დაცვაში. საბოლოოდ, უნებლიე შეცდომების რაოდენობა უფრო მეტი მივიღეთ, ვიდრე "ვინერსები".

პარტიის ბოლოს, უფრო მეტად ციბულკოვას უჭირდა. თავიდან მან "დაფარული" სეტბოლიდან გადაარჩინა გეიმი, შემდეგ მაინც დათმო გეიმი საკუთარი მოწოდებაზე, მაგრამ მიღებაზე მოიგერია სეტბოლი და თამაში ტაი-ბრეიკში გადაიყვანა. აქ თავისი სიტყვა თქვა ლის სათამაშო უპირატესობამ პარტიის ბოლოს - ჩინელი უფრო სუფთად თამაშობდა და მოიგო კიდევ უმნიშვნელოვანესი პირველი სეტი, რომელიც 70 წუთი გრძელდებოდა.

მეორე სეტი კი ცალმხრივ მოძრაობას დაემსგავსა. ციბულკოვამ პირველი სეტის შემდეგ გონს მოსვლა ვერ შეძლო, თან შესანიშნავად ათამაშდა ლი. მთელი პარტიის განმავლობაში, მან მხოლოდ ხუთი შეცდომა დაუშვა და 12 "ვინერსი" მიითვალა. საბოლოოდ, დომინიკამ მეორე სეტში ვერც ერთი გეიმი ვერ აიღო - 6:7(3), 0:6.

"როგორც იქნა, მოვიგე ეს ტიტული. მადლობა ჩემს აგენტს, რომელმაც მდიდარ ქალად მაქცია, მადლობა ჩემს მწვრთნელს კარლოსს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ერთად, განსაკუთრებით ამ ზამთარს. ვულოცავ ჩემს მეუღლეს. ჩემი წარმატებები მას პოპულარობას მატებს ჩინეთში. მადლობა, რომ ყველაფერი მიატოვე და ჩემს სპარინგად მუშაობ. და საერთოდ, შენ გაგიმართლა, რომ მე მიპოვნე", - საკუთარი გამოსვლის დროს არაერთხელ გააცინა პუბლიკა ჩინელმა.

კარლოს როდრიგესის ხელმძღვანელობით, ლეგენდარულმა ბელგიელმა ჟუსტინ ანენმა შვიდი ტურნირი მოიგო, ლისთან ერთად კი ეს მისი პირველი წარმატებაა "დიდ სლემზე". ამ გამარჯვების შემდეგ, ნა ლი მხოლოდ 11 ქულით იქნება დაშორებული რეტინგის მეორე ადგილთან, რომელიც ბელარუს ვიქტორია აზარენკას ეკუთვნის.
საინტერსოა, რომ 31 წლის ჩინელი ავსტრალიის ღია პირველობის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა ავსტრალიელ მარგარეტ კორტს, რომელმაც მელბურნის კორტები 30 წლის ასაკში დაიპყრო. ის აგრეთვე მეოთხე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც ავსტრალიის ღია ისე მოიგო, რომ ტურნირის მსვლელობისას მატჩბოლი მოიგერია.

ფინალი
ნა ლი (ჩინ, 4)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20) 7:6(3), 6:0.

ავსტრალიის ღიას ყველა ჩემპიონი

ერთეულები
კაცები: სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია)
ქალები: ნა ლი (ჩინეთი)

წყვილები
კაცები: ლუკაშ კუბოტი/რობერტ ლინდსტედტი (პოლონეთი/შვედეთი)
ქალები: სარა ერანი/რობერტა ვინჩი (იტალია)

მიქსტი
კრისტინა მლადენოვიჩი/დანიელ ნესტორი (საფრანგეთი/კანადა)

იუნიორების ტურნირი
ერთეულები
ბიჭები: ალექსანდრ ზვერევი (გერანია)
გოგონები: ელიზავეტა კულიჩკოვა (რუსეთი)

წყვილები:
ბიჭები: ლუკას მიდლერი/ბრედლი მუსლი (ავსტრია/ავსტრალია)
გოგონები: ელიზავეტა კულიჩკოვა/ანგელინა კალინინა (რუსეთი/უკრაინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული