თბილისელი ანა ტატიშვილი ამერიკელ ჰიტა ვატსონს ორ წრეში დანებდა - 2:6, 4:6, არადა, ვატსონი ანას მეწყვილეა და მათი დუეტი, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი, სტარტზე მასპინძლებს - ასია მუჰამადსა და ტეილორ თაუსენდს დაუპირისპირდება.
შაფათავა ფინალშია
წინა კვირას სოფიო შაფათავამ საფრანგეთის 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო წყვილებში. იგი ახლაც ახლოს არის მსგავს გამარჯვებასთან, ოღონდ 15.000-იან ტურნირში, რომელსაც ტალინი მასპინძლობს. ქართველი ჩოგბურთელი სლოვენიელ მაშა ზეკ-პესკირიჩთან არის შეამხანაგებული და
13 თებერვალს, ნახევარფინალურ პაექრობაში შაფათავამ და ზეკ-პესკირიჩმა ორ სეტში იოლად სძლიეს გერმანელი კიმ ალისე გრაიდეკისა და მოლდოველი იულია ჰელბეტის ტანდემს - 6:1, 6:3 და გადამწყვეტ პაექრობაში გამოცდიან აგნეს ბუკტას (უნგრეთი) და ვიქტორია ტომოვას (ბულგარეთი), რომლებმაც ემა ლაინესა (ფინეთი) და ანა ვრლჯიჩს (ხორვატია) აჯობეს - 6:4, 6:3.
თამარმა რანჩო დატოვა
ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი თამარ ჭალაგანიძე ოკეანის გაღმა, რანჩო სანტას 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება შეჯიბრებაში. უკვე გაუწყეთ, რომ პირველ წრეში ამერიკელ რიიდს სძლია - 6:2, 6:3, მაგრამ მეორე წრეში მის თანამემამულე ჯესიკა ფაილას დანებდა - 3:6, 2:6. თამარი წყვილებშიც ცდიდა ძალებს უკრაინელ ოლექსანდრა კორაშვილთან ერთად. აქაც საკვალიფიკაციოში აიღო სტარტი და შტეფი კარუტერსისა (სამოა) და ანა ისტომინას (რუსეთი) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან, თუმცა ძირითადი ბადის პირველ წრეში მე-2 ნომრებს - ლუიზა ჩირიკოსა (აშშ) და ტამირა პაზეკს (ავსტრია) დანებდა - 3:6, 2:6.
მხოლოდ ერთეულებს შემორჩნენ
ორი ქართველი მონაწილეობს ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი). ერთეულებში 13 თებერვალს მე-2 წრის ორთაბრძოლები გაიმართა. მესამე ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ალონა ფომინა (უკრაინა) დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:1 და მეოთხედფინალში დიანა ბუზეანუს (რუმინეთი) მძლეველ (6:1, 6:4) სლოვაკს - ლენკა ჟურიკოვას შეხვდება.
სოფიო ქვაცაბაიამ ტურნირის მეორე ნომერი იანა სიზიკოვა (რუსეთი) ჩამოაშორა შეჯიბრებას - 2:6, 6:4, 6:4 და 14 თებერვალს გერმანელ ქრისტინა შაკოვეცს გაუწევს მეტოქეობას, თან რევანშის აღებას შეეცდება. საქმე ის არის, რომ სოფიო და მისი მეწყვილე ესენ კოკჩე 13 თებერვალს სწორედ შაკოვეცისა და ალონა ფომინას დუეტთან დამარცხდნენ - 2:6,1:6, ხოლო გორგოძეს და პია კონიგს (ბელგია) ჩინელებმა - იჰონ ლიმ და ლინ ჟუმ აჯობეს - 7:5, 6:2.
105 ქულით დაიწყეს
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ამჟამად ყატარში იმყოფება და იქაურ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2.440.070 დოლარი) მონაწილეობს, ოღონდ - მხოლოდ წყვილებში. იგი ფრანგ კაროლინ გარსიასთან არის შეამხანაგებული. პირველ წრეში ქართულ-ფრანგულმა ტანდემმა კრისტინა ბაროიშსა (გერმანია) და ლაურა ტორპეს (საფრანგეთი) დაძაბულ პაქრობაში აჯობა - 7:6, 7:6 და 105 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. მეორე წრეში კალაშნიკოვა და გარსია კვეტა პესჩკეს (ჩეხეთი) და კატერინა სრებოტნიკის (სლოვენია) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"