პირველები კორტზე პეტრა კვიტოვა და ანდრეა პეტკოვიჩი გავიდნენ. მასპინძლის უპირატესობა პირველივე სეტის სტარტზე გამოიხატა, როცა უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი 3:0 დაწინაურდა. მართალია, ამის შემდეგ პეტკოვიჩმა ერთი ბრეიკის აღება მოახერხა, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა და კვიტოვამ საპასუხო ბრეიკით სეტი 6:2 მოიგო.
პეტრას მცირე პრობლემა შეექმნა მეორე სეტის დასაწყისში, რადგან პეტკოვიჩმა პარტია ბრეიკით დაიწყო, თუმცა ჩეხმა მალე დაიბრუნა
გერმანელებს იმედი ჰქონდათ, რომ ანგარიშს მატჩში ანჟელიკ კერბერი გაათანაბრებდა, რომელიც რეიტინგში ლუსი საფაროვაზე მაღლა დგას. და მართლაც, კერბერს ბევრი შანსი ჰქონდა, ორივე სეტში ბრეიკით იგებდა (მეორეში ორჯერ ჰქონდა ასეთი უპირატესობა), მაგრამ საფაროვამ შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გადამწყვეტ მომენტებში ზუსტად ითამაშა, რამაც ორ სეტში მოგება მოუტანა - 6:4, 6:4.
ასე რომ, პირველი დღის შემდეგ ჩეხეთმა ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ტრიუმფის ბრწყინვალე შანსი მიიღო. საქმე ისაა, რომ ფედერაციის თასის ფინალში 0:2-დან არც ერთ გუნდს არ შემოუტრიალებია მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ.
მესამე შეხვედრა, რომელიც გუშინ გაიმართა, ფინალის მშვენება გამოდგა. პეტრა კვიტოვასა და ანჟელიკ კერბერის მატჩის პირველ სეტს ფანტასტიკური სცენარი ჰქონდა. გერმანელმა პირველმა გააკეთა ბრეიკი და მალე 5:2 დაწინაურდა.
მომდევნო სამ გეიმში კერბერს სამი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ სამივე გაანიავა და კვიტოვას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. თუმცა იქვე სტუმარმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მესამედ მიიღო სეტზე ჩაწოდების უფლება. პარტიამ კულმინაციას მე-12 გეიმში მიაღწია, სადაც შვიდჯერ დაფიქსირდა "თანაბარი". კერბერმა კიდევ სამი სეტბოლი მიიღო, მაგრამ მაინც წააგო გეიმი და შემდეგ ტაი-ბრეიკზე დამარცხდა - 5:7.
ბუნებრივია, კერბერმა ამდენი გამოუყენებელი შანსის გამო ფსიქოლოგიური შოკი მიიღო და მეორე სეტის სამი სასტარტო გეიმი შვიდ წუთში წააგო - 0:3. მატჩისა და მთლიანად ტიტულის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ გერმანელი დაბრუნდა და თანაც როგორ! კერბერმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 4:3 წაიყვანა ანგარიში. გეიმების გაცვლის შემდეგ ანჟელიკმა მორიგი ბრეიკი გააკეთა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
დაინიშნა მესამე სეტი, რომელიც სცენარით პირველსაც ჰგავდა და მეორესაც. კერბერმა 3:0 დაწინაურება შეძლო და ისევ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა. თუმცა პირველი პარტიისგან განსხვავებით, 5:2-მდე ვერ მივიდა. 4:2-ზე მან საბოლოოდ გადაულოცა ინიციატივა კვიტოვას, რომელმაც ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და ჩეხეთს გადამწყვეტი ქულა მოუტანა. ეს გუნდი ფედერაციის თასის მფლობელი გახდა, ხოლო დარჩენილ მატჩებს აზრი დაეკარგა.
ჩეხეთი-გერმანია 3:1
1:0 პეტრა კვიტოვა-ანდრეა პეტკოვიჩი 6:2, 6:4
2:0 ლუსი საფაროვა-ანჟელიკ კერბერი 6:4, 6:4
3:0 პეტრა კვიტოვა-ანჟელიკ კერბერი 7:6(5), 4:6, 6:4
3:1 ჰლავაჩკოვა/ჰრადეცკა-გორგესი/ლისიცკი 4:6, 3:6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"