ტომაშ ბერდიხმა შანსი დაიტოვა

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელ ტურნირზე გუშინ მეორე ტურის მატჩები გაიმართა A ჯგუფში. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩოგბურთელები, რომლებმაც პირველ ტურში პირწმინდად წააგეს თავიანთი შეხვედრები - ტომაშ ბერდიხი და მარინ ჩილიჩი. მათ ერთნაირი ანგარიშით - 1:6, 1:6 წააგეს, შესაბამისად, სტენ ვავრინკასთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი ჩილიჩი ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა წლის დასკვნით ჩემპიონატს და ამჯერადაც უშანსო წააგო - 75 წუთში 3:6, 1:6. ხორვატი აგრესიულ თამაშს ცდილობდა და ექვსი ბრეიკ-პოინტიც მოიპოვა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ძალიან ბევრი უნებლიე
შეცდომა დაუშვა. ბერდიხმა ამით ძალიან კარგად ისარგებლა და თითო სეტში ორ-ორი ბრეიკით გავიდა ფონს. ჩეხმა ჩილიჩთან ურთიერთშეხვედრებში გაზარდა თავისი უპირატესობა - 6:4.

გვიან ღამით A ჯგუფში მეორე შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩი სტენ ვავრინკას ხვდებოდა.

ფრანგული არჩევანი
ცნობილი გახდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დევისის თასის ფინალური მატჩისთვის. ფრანგები 21-23 ნოემბერს ლილში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდებიან გადამწყვეტ შეხვედრაში.

საფრანგეთის საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჟო-ვილფრიდ ცონგა, გაელ მონფილსი, რიშარ გასკე და ჟულიან ბენეტო. წინასწარ შემადგენლობაში ბენეტოს ნაცვლად ჟილ სიმონი ეწერა, მაგრამ ჟულიანი ამჟამად წყვილებს შორის წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოდის და ნაკრების ხელმძღვანელობა ფინალში მისი წყვილთა მატჩში გამოყენებას აპირებს.

უფრო ადრე გამოცხადდა შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა. ამ გუნდში ორივე ლიდერი ითამაშებს - როჯერ ფედერერი და სტენ ვავრინკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული