უილიამსი, შარაპოვა და ჰალეპი გამარჯვებულები არიან

AutoSharing Option
გასულ კვირას ჩოგბურთელებმა პირველი რეპეტიცია გაიარეს ავსტრალიის ღია პირველობის წინ. ქალთა ტურში სამი ტურნირი იმართებოდა, რომელთაგანაც ყველაზე წარმომადგენლობითი ბრისბენი იყო.

აქ პირველ და მეორე ნომრებად რუსი მარია შარაპოვა და სერბი ანა ივანოვიჩი იყვნენ განთესილები. აქვე იყო ბელორუსი ვიქტორია აზარენკა, რომელიც შარშანდელი ჩაგდებული სეზონის გამო განთესილთა სიაში ვერ მოხვდა და პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, როცა ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან შეხვედრაში. ასევე ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ ავსტრალიის ღიას ფინალისტი დომინიკა ციბულკოვა, ელენა იანკოვიჩი და ანდრეა პეტკოვიჩი, ხოლო მეოთხედფინალის ბარიერი ვერ
გადალახა ანჟელიკ კერბერმა.

საბოლოოდ, შარაპოვამ და ივანოვიჩმა ძალიან იოლად გააღწიეს ფინალში. რუსმა გზად არც ერთი სეტი არ წააგო, სერბმა კი მხოლოდ ერთი პარტია დათმო მეოთხედფინალში კაია კანეპის წინააღმდეგ.

სამაგიეროდ, ფინალი ძალიან დაძაბული გამოვიდა და ის ორი საათი გაგრძელდა. სტარტზე შარაპოვამ შეძლო საკუთარი გეიმის შენარჩუნება, შემდეგ ბრეიკის შესრულება და 4:1-ით დაწინაურება. ივანოვიჩმა მეშვიდე გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, რაშიც რუსის ორი ორმაგი შეცდომა დაეხმარა.

სეტის მოგების პირველი შანსი შარაპოვამ მიიღო - მეტოქის მოწოდებაზე ორი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ანამ გადაარჩინა გეიმი და შემდეგ ტაი-ბრეიკი უფრო სტაბილურად ჩაატარა.

მეორე სეტის სტარტიდანვე მარიამ მოუმატა თამაშს და სათამაშო უპირატესობა აშკარად მის მხარეს იყო. მან თავიდანვე მოახერხა ბრეიკით დაწინაურება და საჭირო ჰანდიკაპი სეტის ბოლომდე შეინარჩუნა, მით უმეტეს, რომ ივანოვიჩს სეტის ბოლოს ექიმის გამოძახება დასჭირდა.

სერბს სამედიცინო ტაიმ-აუტმა ვერ უშველა. შარაპოვამ მოიგო მესამე სეტის პირველი სამი გეიმი. ივანოვიჩი არ დანებდა და საპასუხო ბრეიკი შეასრულა. საერთოდ, მატჩის ამ მონაკვეთში ორივე ჩოგბურთელი უკეთ მოქმედებდა მიღებაზე, ვიდრე მოწოდებაზე. სერბმა ორჯერ დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი და რუსმა ისევ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ანა ბოლომდე იბრძოდა და მარიას მოწოდებაზე ორი მატჩბოლიც მოიგერია, მაგრამ მესამე ცდიდან რუსმა მაინც მიაღწია საწადელს - 6:7(4), 6:3, 6:3.

* * *
პარალელურად გაიმართა WTA-ს კიდევ ორი ტურნირი - შენჟენსა და ოკლენდში. ორივეგან მოკრძალებული შემადგენლობა შეიკრიბა, მაგრამ რამდენიმე ვარსკვლავი კორტზე მაინც ვიხილეთ.

შენჟენში თამაშობდნენ მსოფლიოს მესამე ჩოგანი სიმონა ჰალეპი და უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი პეტრა კვიტოვა. რუმინელმა ბრწყინვალედ გაიარა მთელი დისტანცია და არც ერთ მატჩში არ წაუგია ექვს გეიმზე მეტი. ფინალში ჰალეპი გაუსწორდა შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკის, რომელმაც მანამდე სენსაციურად გამოთიშა ბრძოლას პეტრა კვიტოვა.

* * *
ოკლენდში კი 34 წლის ამერიკელის, ვინუს უილიამსის ტრიუმფი ვიხილეთ. ვეტერანმა დაამტკიცა, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. ფინალამდე ვინუსმა არც ერთი სეტი არ წააგო, გადამწყვეტ მატჩში კი დაძლია ტურნირის პირველი ნომრის, კაროლინ ვოზნიაცკის წინაადმეგობა. თავიდან დანიელი თითქოს იოლად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას, მაგრამ უილიამსმა თანდათან მოუმატა დარტყმის ძალას, ინიციატივას დაეუფლა და გაიმარჯვა ანგარიშით - 2:6, 6:3, 6:3. სხვათა შორის, ვინუსი აქ შარშანაც იყო ფინალში, მაგრამ წააგო გადამწყვეტი მატჩი ანა ივანოვიჩთან.

ბრისბენი (ავსტრალია)
ფინალი
მარია შარაპოვა (რუს, 1)-ანა ივანოვიჩი (სერ, 2) 6:7(4), 6:3, 6:3.

ოკლენდი (ზელანდია)
ფინალი
ვინუს უილიამსი (აშშ, 3)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 2:6, 6:3, 6:3.

შენჟენი (ჩინეთი)
ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუს, 1)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 8) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული