დელ პოტრო დაბრუნდა და მოიგო

AutoSharing Option
არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელსაც მაჯის ტრავმის გამო გასული წლის თებერვლიდან არ ჰქონდა ჩატარებული ოფიციალური მატჩი, წარმატებით დაბრუნდა პროფესიულ ტურში. სიდნეის ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა ორ სეტში მოუგო უკრაინელ სერგეი სტახოვსკის - 6:3, 7:6(4).

დელ პოტრომ პირველ სეტში მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი და 3:1 დაწინაურდა. არგენტინელმა ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა. მეორე სეტში 26 წლის ხუან მარტინს ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა და საბოლოოდ, საათსა და 21 წუთში მოამთავრა საქმე. გამარჯვებულმა ერთი ბრეიკით დაასრულა შეხვედრა, მსოფლიოს 69-ე ნომერ
სტახოვსკის კი ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

"ეს უდიდესი მომენტია ჩემთვის, - განაცხადა მატჩის შემდეგ დელ პოტრომ. - ვფიქრობ, 10-თვიანი პაუზის შემდეგ საკმაოდ კარგად ვითამაშე. კარგად ვაწვდიდი და ფორჰენდიც კარგად მუშაობდა. ეს შესანიშნავი სიგნალია ჩემთვის მომავალი მატჩების წინ. ბევრი მუშაობა მჭირდება ბექჰენდის ასამუშავებლად; აგრეთვე, კორტზე უფრო მეტად უნდა ვიმოძრაო. მთავარი მაინც ის არის, რომ დაბრუნება შედგა. ამ მომენტს დიდხანს ველოდი".

სხვათა შორის, ამჟამად მსოფლიოს რეიტინგით 338-ე ნომერი სიდნეის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. შარშან დელ პოტრომ აქ ფინალში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული