ავსტრალიის ღია პირველობა: ფედერერის, კვიტოვასა და ამერიკელების გარეშე

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის მეხუთე და მეექვსე სათამაშო დღეს 1/16 ფინალი ეტაპის მატჩები გაიმართა და ამ რაუნდსაც არ ჩაუვლია სენსაციების გარეშე...

ფედერერის შეწყვეტილი სერია
როჯერ ფედერერისა და ანდრეას სეპის მეთექვსმეტედფინალის წინ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ იტალიელი არა თუ მოიგებდა ამ მატჩს, არამედ წინააღმდეგობას გაუწევდა შვეიცარიელს. ფედერერმა სეპის 2007-13 წლების პერიოდში ისე მოუგო ათი შეხვედრა, რომ ჯამში ერთი სეტი დაუთმო მას. მაგრამ, ამჯერად, იტალიელმა გაიმარჯვა ანგარიშით - 6:4, 7:6(5), 4:6, 7:6(5) და კარიერაში მეოთხედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში.

რაც შეეხება ფედერერს,
მან 2001 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო ავსტრალიის ღიაზე მერვედფინალში გასვლა. წინა ოთხ ტურნირზე როჯერი ნახევარფინალში აგებდა, მანამდე კი ოთხჯერ გამარჯვებული გახდა. ამასთან, მელბურნში ბოლო 11 გათამაშებაში შვეიცარიელი მინიმუმ ნახევარფინალამდე გადიოდა.

კვიტოვამ მეორე კვირამდე ვერ მიაღწია
შაბათს, ქალთა ბადეში ბრძოლას გამოეთიშა ჩოგბურთელი, რომელიც მელბურნში ტიტულზე აცხადებდა პრეტენზიას. პეტრა კვიტოვამ ერთი კვირის წინ სიდნეის წარმომადგენლობითი ტურნირი მოიგო, მაგრამ მელბურნში მესამე წრეში დამარცხდა 19 წლის ამერიკელ მედისონ კისთან, რომელსაც მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ლინდსი დავენპორტი ავარჯიშებს და ქალთა ტურის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

2013 წელს, ტოკიოში კვიტოვას უპირატესობა კისზე აშკარა იყო - 6:3, 6:3, მაგრამ, ამჯერად, ამერიკელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ის ჩეხს დარტყმების სიზუსტეში სჯობდა და ამის ხარჯზე მოუგო უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს. ახლა, მსოფლიოს 35-ე ნომერი მერვედფინალში თანამემამულესა და სეხნიას მედისონ ბრენგლს (64-ე ნომერი) შეხვდება. ორივე ამერიკელი პირველად არის გასული "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში.

აზარენკა ელიტას უბრუნდება
ტრავმების გამო ჩაგდებული შარშანდელი სეზონის შემდეგ, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა, როგორც ჩანს, უბრუნდება ტურში წამყვან პოზიციებს. ამჟამად, 25 წლის ყოფილი პირველი ნომერი რეიტინგში 44-ე ადგილზეა, მაგრამ ცხადია, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება: ბელარუსის შედეგები უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მელბურნში რთული ბადის მიუხედავად, აზარენკამ სამ მატჩში არც ერთი სეტი არ წააგო - პირველ წრეში მოუგო ამერიკელ სლოუნ სტივენსს (32-ე ნომერი), მეორეში დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის (8), მესამეში ამ ტურნირზე სისწრაფით მესამე მოწოდების (202 კმ/სთ) მქონე ჩეხ ბარბორა წახვალოვას (23) - 6:4, 6:4.

ვიქტორიას შემდეგი მეტოქე იქნება მელბურნის შარშანდელი ფინალისტი დომინიკა ციბულკოვა. სლოვაკი საშიში მოწინააღმდეგეა, მაგრამ არასაკმარისად სტაბილური, ამიტომაც ბელარუსს მინიმუმ შარშანდელი შედეგის - მეოთხედფინალის გამეორების კარგი შანსი აქვს.

ვინუს უილიამსის დაბრუნება მერვედფინალში
პარადოქსია, მაგრამ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ჩოგბურთელი, 34 წლის ვინუს უილიამსი ბოლო დროს ვერ ხვდებოდა "დიდი სლემის" ტურნირების მერვედფინალში. ბოლოს ეს მოხდა 2011 წლის უიმბლდონზე. და აი, ახლა, ამერიკელმა რთულ ბრძოლაში დაამარცხა იტალიელი კამილა ჯორჯი - 4:6, 7:6(3), 6:1 და დაბრუნდა მერვედფინალში, სადაც პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას შეხვდება. ეს საშუალებას მისცემს უფროს უილიამსს კიდევ უფრო მაღლა აიწიოს კლასიფიკაციაში (ის ტურნირს მე-18 ნომრად იწყებდა),

ამერიკელების მორიგი კრახი
შაბათს, ჯონ ისნერმა ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან წააგო, სტივ ჯონსონმა კი იაპონელ კეი ნიშიკორისთან და ამით დასრულდა ამერიკელების გამოსვლა მამაკაცთა ბადეში. "დიდი სლემის" უკვე ზედიზედ მესამე ტურნირში ამერიკელი მამაკაცები ვერ ახერხებენ მერვედფინალამდე მისვლას. მეოთხედფინალში კი აშშ-ის წარმომადგენელს 2011 წლის აშშ-ის ღიას შემდეგ არ უთამაშია. მაშინ საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის ისნერი და ენდი როდიკი მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღიას წელვანდელ გათამაშებაში 7 ამერიკელი ჩაერთო.

კაცები
1/16 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 31) 7:6(8), 6:3, 6:4; ჟილ მიულერი (ლუქ)-ჯონ ისნერი (აშშ, 19) 7:6(4), 7:6(6), 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12)-იერჟი იანოვიჩი (პოლ) 7:6(6), 6:4, 7:6(3); მილოშ რაონიჩი (კან, 8)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:4, 6:3, 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 6:2, 6:4; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ)-ვასეკ პოსპიშილი (კან) 6:2, 6:4, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 9)-ჟილ სიმონი (საფ, 18) 6:2, 7:5, 5:7, 7:6(4); კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-სტივ ჯონსონი (აშშ) 6:7(7), 6:1, 6:2, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:4, 6:3, 6:4; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-სემ გროტი (ავსტრა) 6:4, 7:6(8), 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14)-რიშარ გასკე (საფ, 24) 6:4, 7:6(3), 7:6(6); რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-დუდი სელა (ისრ) 6:1, 6:0, 7:5; ენდი მარეი (ბრიტ, 6)-ჟოაო სოუზა (პორ) 6:1, 6:1, 7:5; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 10)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 4:6, 6:3, 3:6, 6:3, 6:3; ნიკ კირგიოსი (ავსტრა)-მალეკ ჟაზირი (ტუნ) 6:3, 7:6(6), 6:1; ანდრეას სეპი (იტა)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:4, 7:6(5), 4:6, 7:6(5).

ქალები
1/16 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 26) 4:6, 6:2, 6:0; გარბინ მუგურუსა (ესპ, 24)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 6:3, 4:6, 6:0; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11)-ალიზ კორნე (საფ, 19) 7:5, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ, 25) 6:4, 6:4; მედისონ კისი (აშშ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4) 6:4, 7:5; მედისონ ბრენგლი (აშშ)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:3, 6:2; ვინუს უილიამსი (აშშ, 18)-კამილა ჯორჯი (იტა) 4:6, 7:6(3), 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 6)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 30) 6:0, 7:5; იულია გორგესი (გერ)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 7:6(6), 7:5; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 22) 6:4, 6:4; იანინა ვიკმაიერი (ბელ)-სარა ერანი (იტა, 14) 4:6, 6:4, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:4, 7:5; ეჟენი ბუშარი (კან, 7)-კაროლინ გარსია (საფ) 7:5, 6:0; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-კარინა ვიტჰოფტი (გერ) 6:4, 6:4; შუაი პენგი (ჩინ, 21)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 7:6(7), 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ზარინა დიასი (ყაზ, 31) 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული