ავსტრალიის ღია პირველობა: ოჯახური ნახევარფინალი არ იქნება

AutoSharing Option
ქალთა ნახევარფინალურ ეტაპზე არ გაიმართება უილიამსების ოჯახური დაპირისპირება. ამას ხელი შეუშალა თინეიჯერმა მედისონ კისმა, რომელმაც შეძლო მელბურნში ვინუს უილიამსის ბრწყინვალე სვლის შეჩერება.

კისმა ძალიან კარგად დაიწყო მატჩი და პირველი სეტი 6:3 მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივა ვინუსის მხარეს გადავიდა და ვეტერანი მალე 4:1 დაწინაურდა. სწორედ ამ დროს, კისმა სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა - მას მთელი მატჩის განმავლობაში ბარძაყის ტრავმა აწუხებდა. როგორც ჩანს, იძულებითმა პაუზამ რიტმიდან ამოაგდო უფროსი უილიამსი. მან წააგო ზედიზედ სამი გეიმი და ანგარიში გათანაბრდა - 4:4.

თუმცა კისის პრობლემები
არსად გამქრალა და ვინუსმა ისევ ჩაიგდო ხელთ თამაშის სადავეები. მომდევნო ექვს გეიმში ხუთის მოგებით უილიამსმა მეორე პარტია 6:4 მოიგო, მესამეში კი 3:1 დაწინაურდა. მართალია, მედისონმა სხვაობა შეამცირა, თუმცა ვეტერანი მაინც ახლოს იყო მოგებასთან - ბრეიკით იგებდა 4:3-ს.

რთული სათქმელია, რა მოხდა ამ მომენტში, მაგრამ მანამდე კორტზე თითქმის უმოძრაოდ მყოფი კისი გააქტიურდა და ზედიზედ სამი გეიმის მოგებით კარიერაში პირველად მოიპოვა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება.

უნდა ითქვას, რომ ამ მატჩში უფრო ხშირად ჩოგბურთელები ერთმანეთის შეცდომების ხარჯზე გადიოდნენ ფონს. ჯამში, 86 უნებლიე შეცდომა დაფიქსირდა. ასევე, იყო 12 ბრეიკი, აქედან შვიდი კისის ანგარიშზე და ხუთი - ვინუსის.

* * *
ასეა თუ ისე, კისმა არ გაუშვა ვინუსი ნახევარფინალში თავის უმცროს დასთან შესახვედრად. სერენა უილიამსმა, როგორც იქნა, აჩვენა ის თამაში, რომელსაც მისგან თაყვანისმცემლები ელიან. ზედიზედ ორი სამსეტიანი შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გუშინ 65 წუთში გადაუარა ავსტრალიის ღიას შარშანდელ ფინალისტს, დომინიკა ციბულკოვას - 6:2, 6:2. სერენა 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში.

სერენას 31 "ვინერსი", 15 ეისი და მხოლოდ 18 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. მან თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა, მეტოქეს კი მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რაც სლოვაკმა ვერ გამოიყენა.

საინტერესოა, რომ სერენა მეექვსედ გავიდა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში. წინა ხუთ შემთხვევაში ის მელბურნში ჩემპიონი ხდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა ბადის ფინალში აუცილებლად გაიმართება რუსულ-ამერიკული ფინალი. ერთ ნახევარფინალში მარია შარაპოვა და ეკატერინა მაკაროვა შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეში - სერენა უილიამსი და მედისონ კისი.

ქალები
1/4-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11) 6:2, 6:2; მედისონ კისი (აშშ)-ვინუს უილიამსი (აშშ, 18) 6:3, 4:6, 6:4.

1/2-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მედისონ კისი (აშშ); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10)-მარია შარაპოვა (რუს, 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული