ბორნა ჩორიჩი უკვე ვარსკვლავია

AutoSharing Option
მამაკაცთა პროფესიულ ტურში ახალი ვარსკვლავი იბადება. ეს არის 18 წლის ხორვატი თინეიჯერი ბორნა ჩორიჩი, რომელმაც გუშინ, დუბაიში კარიერაში მეორე გამარჯვება მოიპოვა რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრთან.

მეოთხედფინალში ჩორიჩს მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება გამოუვიდა - მსოფლიოს მესამე ჩოგანი ენდი მარეი 6:1, 6:3 გაანადგურა. თან პირველი მოწოდებისას ქულების 89 პროცენტი აიღო და რვა ბრეიკ-პოინტიდან ოთხი შანსი გამოიყენა. ხორვატის ტრიუმფს ხელი შეუწყო მარეის უზუსტო თამაშმა - 80 წუთში ბრიტანელის ანგარიშზე 55 უნებლიე შეცდომა იყო.

სხვათა შორის, ეს ამ ჩოგბურთელთა მეორე შეხვედრა იყო. 2013 წელს, დევისის თასის
მატჩში მარეიმ მოუგო მაშინ 16 წლის ბორნას, გუშინ კი ხაზი გაუსვა ხორვატის პროგრესს.

როგორც გითხარით, ეს იყო ჩორიჩის მეორე მოგება ტოპ-ათეულის წევრებთან. პირველი შარშანდელი ოქტომბრის თვით თარიღდება, როცა ბაზელის ტურნირის ნახევარფინალში ბორნამ სენსაციურად მოუგო ესპანელ რაფაელ ნადალს.

დღეს, ნახევარფინალში ჩორიჩი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს შეხვდება, რომელსაც ერთი სეტის თამაში მოუწია რიშარ გასკესთან, მოიგო ის 6:1, რის შემდეგაც ფრანგმა ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა მატჩი. ფედერერს ამ შეხვედრაში ერთგვარი იუბილე ჰქონდა - კარიერაში 9000 ეისი დაუგროვდა.

მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ტომაშ ბერდიხმა. სერბმა 6:1, 6:1 გაანადგურა თურქი მარსელ ილჰანი, ბერდიხს კი სამი სეტი დასჭირდა უკრაინელ სერგეი სტახოვსკისთან მოსაგებად - 6:3, 4:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული