უიმბლდონი: როგორც ყოველთვის, სერენამ მარიას მოუგო

AutoSharing Option
გუშინ უიმბლდონზე ქალთა ტურნირის ფინალისტები ირკვეოდნენ. პირველები კორტზე პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა და ესპანელი გარბინ მუგურუსა გავიდნენ და ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი ითამაშეს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ორივე ჩოგბურთელის ნახევარფინალში გასვლა მოულოდნელობა იყო. რადვანსკას ძალიან სუსტი სეზონი აქვს. მისი წარუმატებელი გამოსვლის კულმინაცია იყო როლან გაროსის პირველ წრეში მარცხი, თუმცა ბალახზე შეძლო საკუთარი თამაშის პოვნა. ნახევარფინალმა ნოტინგემში და ფინალმა ისტბურნში პოლონელს დამაჯერებლობა დაუბრუნა და მუგურუსასთან მატჩამდე ისე მივიდა, რომ მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

რაც შეეხება ესპანელს, უიმბლდონის წინ, გასახურებელ ტურნირებზე
მან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და დამარცხდა მაგდალენა რიბარიკოვასთან და იოჰანა კონტასთან. სამაგიეროდ, უიმბლდონზე სულ სხვა დონის თამაში აჩვენა და გზად ნახევარფინალამდე ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც არიან ანჟელიკ კერბერი, კაროლინ ვოზნიაცკი და ტიმეა ბაშჩინსკი.

გუშინდელი ნახევარფინალის პირველი ნახევარი ისე წარიმართა, რომ წესით, აგნიეშკა რადვანსკას განადგურება არ უნდა ასცდენოდა. მუგურუსა იდეალურად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე - პირველ სეტში და მეორე პარტიის პირველ ნახევარში საკუთარ მოწოდებაზე 20-დან 19 ქულა აიღო. მატჩის ამ მომენტისთვის პოლონელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონდა გამომუშავებული, მუგურუსამ კი საწყისი პარტია 6:2 მოიგო და მეორეში ბრეიკით იყო წინ - 3:2.

და სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, ესპანელის თამაში მთლიანად მოიშალა. რადვანსკამ მეორე პარტიის მეექვსე გეიმში პირველი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ის მაშინვე გამოიყენა. შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და ბოლოს სეტზეც ჩააწოდა - 6:3. დაიწყო მესამე პარტია და აგნიეშკამ ზედიზედ მესამე ბრეიკი შეასრულა, ჯამში, ზედიზედ მეხუთე გეიმი აიღო და მუგურუსა რეალური მარცხის წინაშე დადგა.

ესპანელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის დროზე მოვიდა გონს და იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ, გარკვეული ხანი თანაბარი თამაში წავიდა. ჩოგბურთელებს მიღებაზე შანსები არ ეძლეოდათ. ნავსი ისევ მუგურუსამ გატეხა, რომელმაც მეექვსე გეიმში ბრეიკი შეასრულა - 4:2 და სულ მალე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. და აქ ესპანელმა კინაღამ ისევ მისცა მეტოქეს თამაშის შემოტრიალების საშუალება. 3:5-ზე რადვანსკამ ბოლომდე იბრძოლა, ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო, მაგრამ გარბინმა თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გეიმი არ დაანება პოლონელს და პირველივე მატჩბოლი გამოიყენა, რამაც კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ფინალი მოუტანა.

ამ მოგების შემდეგ მუგურუსა პირველად შევა რეიტინგის ტოპ-ათეულში. ის პირველი ესპანელია 1996 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონის ფინალში გასვლა მოახერხა. 19 წლის წინ, ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში არანჩა სანჩეს-ვიკარიომ ითამაშა. მას აქ ორი ფინალი ჰქონდა და ორივეში დამარცხდა.

* * *
მუგურუსას მეტოქე უნდა გარკვეულიყო სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას რიგით მე-20 შეხვედრაში. ამერიკელმა რუსთან ორჯერ წააგო 2004 წელს და იქიდან მოყოლებული, 11 წელია (!) არ მარცხდება. სერენას მარიას წინააღმდეგ 16-მატჩიანი (!) მოგებათა სერია დაუგროვდა.

გუშინ შარაპოვას ამ სერიის შეწყვეტის არანაირი შანსი არ ჰქონია. მთელმა შეხვედრამ ისე ჩაიარა, რომ რუსმა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც ვერ მიიღო. სერენა ბრწყინვალედ აწვდიდა - 13 ეისი დაუგროვდა და პირველი მოწოდებით ქულების 86 პროცენტი აიღო. უილიამსი მიღებაზეც კარგი იყო - ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და აქედან სამი შანსი გამოიყენა: პირველ სეტში ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მეორეში - ერთხელ. საბოლოოდ, საათსა და 20 წუთში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 6:2, 6:4 მოიგო და 25-ედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. აქედან 20-ჯერ მოიგო და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება გარბინ მუგურუსასთან მომავალ ფინალს, ესპანელს ერთხელ ჰყავს დამარცხებული ამერიკელი - 2014 წლის როლან გაროსის მეორე წრეში, სულ ურთიერთშეხვედრებში კი სერენაა წინ - 2:1.

1/2-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მარია შარაპოვა (რუს, 4) 6:2, 6:4; გარბინ მუგურუსა (ესპ, 20)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13) 6:2, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული