უზრდელი და უხეში არისტოკრატები ჩოგბურთში

AutoSharing Option
ჩოგბურთი ელიტურ და არისტოკრატულ სახეობათაც კი მიიჩნევა, მაგრამ გამარჯვებისთვის და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, ჩოგბურთელები ხანდახან ისეთ საქციელს ჩადიან, რომ მათ მაგივრად სხვები გრძნობენ უხერხულობას.

ავსტრიელი დანიელ კელერერი კორტზე არ ბრწყინავდა, სამაგიეროდ, თავი დაგვამახსოვრა ხულიგნური გამოხტომებით. ერთხელ ესპანელ ნიკოლას ალმაგროს "ბოზის შვილი" უწოდა. ასეთი შეურაცხყოფისთვის კელერერმა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. 2010 წელს, ბანანი უტრიალა ცხვირწინ შავკანიან ჟულიო სილვას.

მატჩის შემდეგ კი ბრაზილიელს დაუყვირა: "ეი, მაიმუნო, დაბრუნდი უკან, ჯუნგლებში!" ამ სიტყვებთან ერთად, კელერერი ფეხიდან ფეხზე დახტოდა, თავს იფხანდა და ღმუოდა. შეურაცხყოფილმა ბრაზილიელმა პოლიციას
მიმართა. ყველაფერთან ერთად გაირკვა, რომ ავსტრიელი ხულიგანი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდა. კელერერი დააჯარიმეს და სიცოცხლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მისცეს.

* * *
ჩოგბურთელმა ისრაელიდან დენიზ ჰაზანიუკმა თანაგუნდელები "ჩაუშვა". მან განაცხადა, რომ ფედერაციის თასის მატჩის წინ, ნაკრების ლიდერები პეერი და გლუშკო გვიან ღამემდე ერთობოდნენ ღამის კლუბებში. "ისინი განიხილავდნენ არა მომავალ შეხვედრას, არამედ მანიკურის ფერს!" - აღშფოთებას ვერ მალავდა ჰაზანიუკი. მოგვიანებით, როცა შაარ პეერი დენიზას კორტზე შეხვდა, დემონსტრაციულად უთხრა უარი ხელის ჩამორთმევაზე.

"ეს გოგონა - ერთი ჩვეულებრივი ყალბი არსებაა", - უთხრა ჟურნალისტებს, რითაც მიანიშნა, რომ ჰაზანიუკი ისრაელში უკრაინიდან გადავიდა.

* * *
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ჩილელმა მარსელო რიოსმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ საშინელი ხასიათით. ერთხელ მან სასტუმროს აუზში შიშველმა იცურავა, რითაც მომსახურ პერსონალისა და სტუმრების შოკი გამოიწვია. კინაღამ დაახრჩო საკუთარი მწვრთნელი, რადგან ეს უკანასკნელი ცუდ დროს გადაეყარა ჩოგბურთელს. მარსელო ცემდა ოფიციანტებს, ჩხუბობდა პოლიციელებთან. ერთხელ ძალიან აწყენინა მარტინა ჰინგისს, როცა სქელ უკანალზე მიუთითა. შვეიცარიელი სიბრაზისგან გაცოფებული იყო, რადგან ყოველთვის ამაყობდა თავისი აღნაგობით!

"უფრო ამაზრზენი ადამიანი არ მინახავს. ის სრული იდიოტია", - ასე განაცხადა რიოსზე ლეგენდარულმა რუმინელმა ჩოგურთელმა ილიე ნასტასემ.

* * *
ჰინგისსაც უყვარს უადგილო ლაპარაკი. ამელი მორესმოს, რომელიც დიდი ხანი მალავდა თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას, მარტინამ მშვიდად უწოდა "ნახევრად მამაკაცი". როცა დები უილიამსების მამამ აშშ-ის ღიას ფინალში თავისი ქალიშვილების გასვლა იწინასწარმეტყველა, ჰინგისმა ხისტად განაცხადა: "რიჩარდ უილიამსი ხშირად აღებს თავის დიდ პირს და დროა დახუროს".

მამას გამოესარჩლა უმცროსი ქალიშვილი - სერენა. ამერიკელმა განაცხადა, რომ მარტინას, როგორც ჩანს, ბავშვობაში აღზრდა დააკლეს.

* * *
მოგვიანებით, სერენა უილიამსმა მარია შარაპოვას შეუტია. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვერ შეურიგდა იმ ფაქტს, რომ მისი ყოფილი შეყვარებული, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი მარიაზე გადაერთო:

"ამ ბიჭს "შავი" გული აქვს, მაგრამ მაინც მარიასთან უნდა".
შარაპოვას ეს უკომენტაროდ არ დაუტოვებია:

"უმჯობესია, სერენამ თავის ბოიფრენდზე მოყვეს, რომელიც დაქორწინებული იყო. უილიამსის გამო მეუღლეს გაშორდა და ბავშვები მიატოვა".

ლაპარაკია მწვრთნელ პატრიკ მურატოგლუზე. სერენა მიხვდა, რომ ამ დებატების გაშლა არ ღირდა და შარაპოვას ბოდიში მოუხადა.

* * *
საერთოდ, მარია შარაპოვა ბევრს არ აძლევს მოსვენებას. დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის არ მოსწონს კორტზე შარაპოვას ყვირილი. მისი თქმით, რუსი ვარჯიშებზე თამაშისას ჩუმადაა, მაგრამ, როგორც კი მატჩი იწყება - მაშინვე ყვირილს იწყებს. თავად ვოზნიაცკიმ, ბრძოლის დროს, შესაძლოა, მსაჯს ან მეტოქეს შეაგინოს.

თავის დროზე, შარაპოვასთან ერთ გუნდში თამაში არ სურდა ანასტასია მისკინას. 2004 წელს, სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე მისკინა წყობიდან გამოიყვანა მარიას მამამ - იური შარაპოვმა. ის ტრიბუნაზე იჯდა და ყველანაირად ამცირებდა ანასტასიას, ერთხელ შეაგინა კიდეც.

"იური შარაპოვი საშინლად იქცეოდა, - იხსენებს ლარისა სავჩენკო. - სიტუაციის განმუხტვისთვის საჭირო გახდა ტარპიშჩევის ჩარევა".

ის სკანდალი მართლაც რთულად ჩაფარცხეს. ახლა, მისკინა - რუსეთის ნაკრების ახალი მწვრთნელია, შარაპოვა მის გუნდში პერიოდულად თამაშობს, იური შარაპოვი პუბლიკის წინაშე აღარ ჩნდება.

* * *
იტალიელი ფაბიო ფონინისთვის მსაჯებთან სკანდალი ან ვინმესთვის შუა თითის ჩვენება - ჩვეულებრივი ამბავია. ერთხელ ისე "გაერთო", რომ სერბ ფილიპ კრაინოვიჩს "ბოშური ნეხვი" უწოდა. 2015 წელს, ავსტრალიის ღიას დროს სამ ასოზე გაუშვა ფრანგი ნიკოლა მაუ.

* * *
ესპანელი ფერნანდო ვერდასკო დიდი ხანია ვერ იტანს ხორვატ ივო კარლოვიჩსა და კანადელ მილოშ რაონიჩს. კერძოდ, აღიზიანებს მათი მძლავრი მოწოდება.

"ასეთი ბიჭებისთვის სხვა ლიგა უნდა შეიქმნას. როცა მოთამაშე საათში 220 კილომეტრი სიჩქარით აწვდის და ხაზზე აჯენს ბურთს, ამას ვერაფერს მოუხერხებ, - ჩიოდა ვერდასკო. - საოცარია, რაონიჩს 12 წლის ყმაწვილის სხეული აქვს, მხრები ჩემზე ორჯერ წვრილი. და აწვდის 220 კმ/სთ-ით. რა მარაზმია? მაგრამ გრუნტზე ვუჩვენებ ამ თავხედს - სადაც არის მისი ადგილი".

და უჩვენა კიდეც. გრუნტის საფარზე ვერადსკომ სამიდან სამჯერ მოუგო კანადელს.

* * *
უიმბლდონის 1996 წლის ჩემპიონი, ჰოლანდიელი რიხარდ კრაიჩეკი დიდი ხანია აღარ თამაშობს. მაგრამ მისი ამაზრზენი ურთიერთობები ქალ ჩოგბურთელებთან დღემდე აღშფოთებას იწვევს სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის. ერთხელ, კრაიჩეკმა მათ "მსუქანი და ზარმაცი ღორები" უწოდა. და ეს იმიტომ, რომ წინააღმდეგი იყო ქალებისთვის ჩოგბურთში ისეთივე ჰონორარი გადაეხადათ, როგორც მამაკაცებისთვის.

* * *
კანადელი ეჟენი ბუშარი კრაიჩეკის განსაზღვრებაში ნამდვილად არ ჯდება - გარეგნობა და აღნაგობა არ დაეწუნება. მაგრამ ზოგიერთი მისი საქციელი გაკვირვებას იწვევს. მაგალითად, ფედერაციის თასის მატჩის წინ, წილისყრის ცერემონიაზე ხელი არ ჩამოართვა რუმინელ ალექსანდრა დულგერუს. ერთი წლით ადრე, სლოვაკეთის ნაკრებთან მატჩის წინ, ანალოგიურად მოიქცა. ეჟენიმ გაწყვიტა ურთიერთობა საუკეთესო მეგობართან ლორა რობსონთან, ცოტა ხნის წინ კი ბელარუს ვიქტორია აზარენკას მწვრთნელი წაართვა.

* * *
ერთხელ, როცა ენდი მარეი და ლუკაშ როსოლი მოედანს ცვლიდნენ, ჩეხმა შემთხვევით მხარი გაკრა შოტლანდიელს. მარეიმ ტკივილი იგრძნო, მაგრამ მატჩი მაინც მოიგო. ამის შემდეგ როსოლს უთხრა: "ყველა ჩოგბურთელს ეზიზღები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული