ბოგოტა ბერნარდ ტომიჩის ქალაქია

AutoSharing Option
გასულ კვირას სამი ტურნირი ჰქონდათ მამაკაცებს. დევისის თასზე უმძიმესი მატჩების შემდეგ, ესპანელი ვეტერანი ტომი რობრედო შვედეთის ბაშტადში გაემგზავრა და იქ ფინალამდე მიაღწია, თანაც, ესპანელმა ყველა მატჩი ორ სეტში მოიგო.

მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რობრედოს ძალები არ ეყო. თან, კარიერაში საუკეთესო ტურნირი ითამაშა ფრანგმა ბენუა პერმა. მან მეორე წრეში პირველ ნომრად განთესილ დავიდ გოფენს მოუგო და ფინალამდე იოლი გზა მიიღო.

ტიტულისთვის მატჩის პირველ სეტში ჩოგბურთელები ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს და შვედურ პუბლიკას დაძაბული ტაი-ბრეიკი აჩუქეს, რომელშიც პერმა 9:7 მოიგო. მეორე სეტში ბენუამ მატჩში
ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და კარიერაში ჯერჯერობით მთავარ გამარჯვებას მიაღწია - 7:6(7), 6:3.

* * *
ხორვატულ უმაგში ფინალამდე მიაღწიეს დომინიკ ტიმმა და ჟოაო სოუზამ. ავსტრიელს გასულ წელს დიდი პროგრესი ჰქონდა, მაგრამ 2015 წელს წინსვლა შეჩერდა. ხორვატიაში ავსტრიელმა მთავარი მატჩი გაელ მონფილსს მოუგო - 1:6, 6:3, 6:1. ბადის ქვედა მხარიდან ფინალში ჟოაო სოუზამ გააღწია. პორტუგალიელს ემოციური გამარჯვება ჰქონდა ფაბიო ფონინის წინააღმდეგ გადამწყვეტ ტაი-ბრეიკზე - 8:6. ნახევარფინალში კი მეორე ნომერ რობერტო ბაუტისტა-აგუტს მოუგო - 4:6, 6:2, 6:3.

ფინალში ტიმს ზუსტად საათი და ერთი წუთი დასჭირდა პორტუგალიელის გასანადგურებლად - 6:4, 6:1. ავსტრიელმა ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და კარიერაში მეორე ტიტული დაისაკუთრა.

* * *
კოლუმბიის ბოგოტაში ჰარდზე თამაშობდნენ, რაც არადამახასიათებელია სამხრეთ ამერიკისთვის. აქ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო ივო კარლოვიჩი იყო, მაგრამ მან ორი ტაი-ბრეიკი წააგო ადრიან მანარინოსთან. ფრანგმა კარიერაში პირველი ტიტულის მოგებისა და ბენუა პერის შედეგის გამეორების შანსი მიიღო.

ფინალში მანარინოს მოქმედი ჩემპიონის, ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩის წინააღმდეგ მოუწია თამაში. ტომიჩს სუსტი მეტოქეები ჰყავდა - მენენსედ-მასეირასი, იტო და ბერერი. მათთან ავსტრალიელს სეტი არ წაუგია, გადამწყვეტ მატჩში კი მეორე პარტია დაუთმო მანარინოს, მაგრამ პირველსა და მესამეში დომინირებდა - 6:1, 3:6, 6:2. საათსა და 32 წუთში ბერნარდმა ხუთი ბრეიკი შეასრულა და კარიერაში მესამე ტიტული მოიგო.

ამ კვირას, მამაკაცებს კიდევ სამი ტურნირი ელოდებათ. მთავარი სტარტი ჰამბურგშია, სადაც რაფაელ ნადალი ითამაშებს. ქალები აზერბაჯანსა და ბრაზილიაში გამოვლენ.

SkiStar Swedish Open
ბაშტადი (შვედეთი)
ფინალი
ბენუა პერი (საფ)-ტომი რობრედო (ესპ, 2) 7:6(7), 6:3.

Croatia Open
უმაგი (ხორვატია)
დომინიკ ტიმი (ავსტრია)-ჟოაო სოუზა (პორ) 6:4, 6:1.

Claro Open Colombia
ბოგოტა (კოლუმბია)
ფინალი
ბერნარდ დომიჩი (ავსტრა)-ადრიან მანარინო (საფ) 6:1, 3:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული