რეიტინგი: სამი ჩეხი საუკეთესო ათეულში

AutoSharing Option
გასულ კვირას ჩატარებული ტურნირების შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდა როგორც ქალების, ასევე, კაცების რეიტინგის ტოპ-ოცეულებში.

დავიწყოთ ქალებით, რომლებიც ვაშინგტონსა და სტენფორდში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ წლევანდელი და შარშანდელი კალენდრები არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომაც ჩოგბურთელებს გამოაკლდათ ის ქულები, რომელიც შარშან, კანადის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე მოიპოვეს.

ყველაზე მეტი ზარალი პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ ნახა - მან სტენფორდში მეოთხედფინალში წააგო და ერთბაშად 900 ქულა დაკარგა. შედეგად, ეს ჩოგბურთელი მეშვიდედან მე-14 ადგილამდე ჩამოქვეითდა. ოცეულიდან გავარდა მონრეალის შარშანდელი ფინალისტი ვინუს უილიამსი - მეთხუთმეტედან მე-20 პოზიციამდე
ჩამოვარდა.

რადვანსკას ადგილი ტოპ-ათეულში კაროლინა პლიშკოვამ დაიკავა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. კაროლინამ სტენფორდში ფინალამდე მიაღწია და ახლა ერთბაშად მერვე პოზიციაზე დამკვიდრდა. ასე რომ, პირველად ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში, ჩეხეთს WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულში სამი წარმომადგენელი ჰყავს - პლიშკოვა, კვიტოვა და საფაროვა.

სტენფორდში გამარჯვება ანჟელიკ კერბერმა მოიპოვა. გერმანელმა ამ სეზონში უკვე "პრემიერ" კატეგორიის (საპრიზო ფონდი - მინიმუმ მილიონი დოლარი) მეოთხე ტურნირი მოიგო, რაც წელს არავის გაუკეთებია. კერბერმა მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა და მხოლოდ 45 ქულით ჩამორჩება მეათე ადგილზე მყოფ კარლა სუარეს ნავაროს.

ვაშინგტონში თავისი პირველი ტიტული მოიპოვა სლოუნ სტივენსმა. ის 29-ე ადგილამდე ამაღლდა. გადამწყვეტ მატჩში ამერიკელმა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა დაამარცხა, რომელიც წელს პირველად თამაშობდა WTA-ს ტურნირის ფინალში. ამით რუსმა მეორმოცედან 32-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

მართალია, ვაშინგტონში ბელინდა ბენჩიჩმა პალიუჩენკოვასთან წააგო, მაგრამ ამ კვირას მან კარიერაში პირველად შეაღწია ტოპ-ოცეულში - ვიქტორია აზარენკასა და ვინუს უილიამსს გაუსწრო. შვეიცარიელი 1996 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ჩოგბურთელია, რომელიც საუკეთესო ოცეულის წევრი გახდა. გარდა ამისა, სტენფორდის ფინალში გასულმა უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ პირადი რეკორდი განაახლა - მე-15 ადგილამდე ამაღლდა.

რამდენიმე სიტყვით უნდა ვახსენოთ "ჩემპიონთა რბოლა". აქ პლიშკოვა მეხუთე ადგილზეა, კერბერი - მეექვსეზე. საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის დაკარგა ადგილი პეტრა კვიტოვამ. თუმცა ქულებში სხვაობა უმნიშვნელოა და სინგაპურის საგზურებისთვის ბრძოლაში ბევრი რამ უახლოეს ორ "პრემიერ 5"-ისა და აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ გაირკვევა.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 12 371
2(2). მარია შარაპოვა (რუს) 6 386
3(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 5 151
4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 995
5(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 905
6(6). ანა ივანოვიჩი (სერ) 3 706
7(8). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 465
8(11). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 3 335
9(9). გარბინ მუგურუსა (ესპ) 3 315
10(10). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 195

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული