პირველად 1978 წლის შემდეგ, ამ ტურნირის ფინალში გააღწია ბრიტანეთის ნაკრებმა. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მოვლენაა ბრიტანული ჩოგბურთისთვის და ამ წარმატების მთავარი შემოქმედი, მსოფლიოს მესამე ჩოგანი ენდი მარეი მზად არის ფინალისთვის უკეთ მოსამზადებლად, ATP-ის წლის შემაჯამებელი ჩემპიონატიც კი გამოტოვოს.
ბრიტანელთა ლიდერის გადაწყვეტილება დამოკიდებულია კორტის საფარზე, რომელსაც მატჩის მასპინძლები - ბელგიელები აირჩევენ.
"თუ დევისის თასის ფინალის თამაში გრუნტზე მოგვიწევს, წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჩემი მონაწილეობის საკითხი კითხვის
გახსოვთ, რამდენად რთული იყო გასულ წელს ATP-ის ჩემპიონატზე გამოსვლა როჯერ ფედერერისთვის. მან იქ ფინალში გააღწია, შემდეგ კი დევისის თასის ფინალშიც ითამაშა და წააგო სასტარტო შეხვედრა გაელ მონფილსთან.
თუ ფინალამდე მივაღწევ, ზედიზედ ხუთი მატჩის ჩატარება დამჭირდება, შემდეგ ორ დღეს დავისვენებ და ორი დღე დამრჩება გრუნტზე სავარჯიშოდ დევისის თასის ფინალის წინ. ეს კი არასაკმარისია", - განაცხადა მარეიმ.
დევისის თასის ფინალი 27-29 ნოემბერს, ბელგიის ნაკრების მოედანზე გაიმართება. ბელგიელებმა ამ სეზონში საშინაო მატჩები გრუნტზეც ჩაატარეს და ჰარდზეც.
* * *
აქვე გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს დევისის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე.
4 - ზედიზედ მეოთხედ დევისის თასის ფინალში ორი ევროპული გუნდი ითამაშებს. ბოლოს არაევროპული გუნდი ფინალში 2011 წელს იყო, როცა ესპანელებმა არგენტინას მოუგეს.
4 - სტივ დარცისმა კარიერაში მეოთხედ მოიგო მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა დევისის თასის მატჩში. ადრე ბელგიელმა დაამარცხა - სერგეი ბუბკა (2009), კარტსენ ბოლი (2010) და ამირ ვაინტრაუბი (2013).
6 - დევისის თასის მიმდინარე გათამაშებაში ენდი მარეიმ ექვსიდან ექვსი ერთეულთა მატჩი მოიგო. სამივეჯერ სწორედ ენდის მოჰქონდა თავისი ნაკრებისთვის გადამწყვეტი ქულა.
11 - ბელგიამ და ბრიტანეთმა 11-ჯერ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და ბრიტანელებმა შვიდჯერ მოიგეს. ბოლო 50 წლის განმავლობაში, მათი გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა - 2012 წელს. მაშინ გამარჯვება ბელგიელებს დარჩათ.
37 - პირველად ბოლო 37 წლის განმავლობაში, ბრიტანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. 1978 წელს, ბრიტანელებმა გადამწყვეტ მატჩში აშშ-სთან წააგეს, რომლის რიგებში ორივე ერთეულთა მატჩი მოიგო ჯონ მაკინროიმ.
41 - ლეიტონ ჰიუიტი 41-ედ იყო გამოძახებული ავსტრალიის ნაკრებში. დიდი ალბათობით, ვეტერანმა ბოლოჯერ ითამაშა ნაკრებში, რადგან მომავალი წლის დასაწყისში აპირებს კარიერის დასრულებას.
70 - ბერნარდ ტომიჩმა 70 სარეიტინგო ქულა მიიღო მსოფლიოს მე-300 ჩოგანის დენ ევანსის დამარცხებისთვის. ამით ავსტრალიელი კარიერაში პირველად შევიდა კლასიფიკაციის ტოპ-ოცეულში.
111 - პირველად ბოლო 111 წლის განმავლობაში, ბელგიამ მიაღწია დევისის თასის გადამწყვეტ მატჩამდე. ეს ამ ქვეყნის მეორე გასვლაა ფინალში. 1904 წელს, მან "მშრალი" ანგარიშით წააგო ბრიტანეთთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"