მილოშ რაონიჩმა ნავსი გატეხა

AutoSharing Option
გასულ კვირას, ხუთი ტურნირი გაიმართა - სამი WTA-ში და ორი - ATP-ში. ქალებმა უკვე დაიწყეს აზიური სერია, მამაკაცები კი ერთი კვირით ევროპაში შეყოვნდნენ. სანკტ-პეტერბურგში საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა, კერძოდ, აქ ჩამოვიდნენ სათამაშოდ ტომაშ ბერდიხი და მილოშ რაონიჩი.

თუმცა ჩეხმა პირველივე მატჩში წააგო ჟოაო სოუზასთან, სამაგიეროდ, კანადელმა ფინალამდე არა მხოლოდ არც ერთი სეტი, არამედ არც ერთი საკუთარი გეიმი არ დათმო.

ამ ტურნირზე კარგად გამოჩნდა რუსული ჩოგბურთის კრიზისი - ვერც ერთმა მასპინძელმა მეოთხედფინალურ ეტაპამდე ვერ მიაღწია.

ტიტულისთვის კი ფინალში რაონიჩი და სოუზა
შეებრძოლნენ ერთმანეთს. კანადელის მსგავსად, პორტუგალიელმაც სეტის წაუგებლად მიაღწია გადამწყვეტ მატჩამდე, თუმცა უფრო რთული შეხვედრების ჩატარება მოუწია. მიუხედავად ამისა, ფინალში ბრძოლა გაუმართა ფავორიტს.

შეხვედრა შეიძლებოდა რაონიჩისთვის იოლი გამოსულიყო: მან მოიგო პირველი სეტი - 6:3, მეორეში შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ამით გამხნევებულმა სოუზამ ბრეიკი შეასრულა და თავისი გეიმები დამაჯერებლად ჩაატარა, რითაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტი რაონიჩის ბრეიკით დაიწყო. პორტუგალიელმა დაკარგული მოწოდების დაბრუნების ექვსი შანსი მიიღო, თუმცა ბრეიკამდე მაინც ვერ მიაღწია და სამ სეტში წააგო - 3:6, 6:3, 3:6.

კანადელმა 2014 წლის აგვისტოს შემდეგ, პირველი ტიტული აიღო, სოუზამ კი ზედიზედ მეხუთე ფინალი დათმო.

* * *
საფრანგეთის ქალაქ მეცში, სანკტ-პეტერბურგის მსგავსად, ორი გამოკვეთილი ფავორიტი იყო. და აქაც, ერთმა ნაადრევ ეტაპზე დაასრულა გამოსვლა, მეორე კი ფინალამდე მივიდა. სტენ ვავრინკამ კინაღამ პირველივე წრეში წააგო: დასტინ ბრაუნი ღირსეულად გამოიყურებოდა და გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკამდე მიაღწია. სტენს უფრო იოლად მოგება შეეძლო, მაგრამ 11 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე კი შვეიცარიელი უკეთ მოქმედებდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ვავრინკა ტრავმით თამაშობდა. მართალია, მატჩი მან მოიგო, მაგრამ ტურნირის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

არ გააწბილა საკუთარი გულშემატკივრები ჟილ სიმონმა. მან საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო სამი მატჩი - თითო პარტიაში ოთხზე მეტი გეიმი არ დაუთმო მეტოქეებს. ფინალში მისი მოწინააღმდეგე ჟო-ვილფრიდ ცონგა გახდა, რომელმაც უფრო რთულად გაიარა საწყისი ეტაპები. სამაგიეროდ, ნახევარფინალში ორ პარტიაში დაამარცხა ფილიპ კოლშრაიბერი.

ფინალის შემადგენლობა: ცონგა-სიმონი სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ორივე ჩოგბურთელს აქ ორ-ორჯერ ჰქონდა ტიტული აღებული, ეს ფინალი კი 2013 წლის გადამწყვეტი მატჩის გამეორება იყო. მაშინ ჟილმა გაიმარჯვა, ახლა კი წარმატება მის თანამემამულეს ერგო.

პირველი სეტი დაძაბული გამოვიდა. ჩოგბურთელებმა უბრეიკოდ მიაღწიეს ტაი-ბრეიკამდე, ხოლო მეტოქის მოწოდების აღების უფრო მეტი შანსი სიმონს ჰქონდა - ექვსი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ჟილს 5:2 მიჰყავდა ანგარიში, მაგრამ შემდეგ ცონგამ ზედიზედ ხუთი ქულა აიღო. მეორე სეტში სიმონმა სწრაფად მოიგო შვიდიდან ექვსი გეიმი, მესამე პარტიაში კი უკვე ცონგა ათამაშდა მთელი ძალით და მესამე ტიტული გაიფორმა მეცში - 7:6(5), 1:6, 6:2.

ეს ტიტული მე-12 იყო ცონგას კარიერაში და პირველი ამ სეზონში.

ATP. სანკტ-პეტერბურგი
ფინალი
მილოშ რაონიჩი (კან, 2)-ჟოაო სოუზა (პორ, 7) 6:3, 3:6, 6:3.

ATP. მეცი
ფინალი
ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 3)-ჟილ სიმონი (საფ, 2) 7:6(5), 1:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული