ვინუს უილიამსი სინგაპურს მიუახლოვდა

AutoSharing Option
გასულ კვირას, ქალთა პროფესიულ ტურში მთავარი ტურნირი ჩინეთის ქალაქ უჰანში გაიმართა, რომელიც "პრემიერ 5"-ის კატეგორიისა იყო.

ტურნირი ტრავმიანობით იყო გამორჩეული. ვერ შეძლეს თავიანთი მატჩების დასრულება - მარია შარაპოვამ, ვიქტორია აზარენკამ, ბელინდა ბენჩიჩმა... მიუხედავად ამისა, ჩინურმა პუბლიკამ ბევრი კარგი მატჩი იხილა და საერთო ჯამში, ტურნირმა გაამართლა მოლოდინი.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გარბინ მუგურუსა და ვინუს უილიამსი. ესპანელმა უიმბლდონზე "დიდი სლემის" პირველი ფინალი ითამაშა, რის შემდეგაც, დაახლოებით ორი თვე ვერ აჩვენებდა მაღალ შედეგებს. და აი, უჰანში ფინალში გასვლა მოახერხა.

რაც შეეხება ვინუს უილიამსს,
გასულ კვირას მან თვალნათლივ დაგვანახა, რომ შეუძლია ერთი კონკრეტული ტურნირისთვის საბრძოლოდ განწყობა. ჩინეთში უფროს უილიამსს საკმაოდ რთული ბადე ჰქონდა. ადრეულ სტადიაზე მან რეიტინგის TOP10-ის ორი წევრი - აგნიეშკა რადვანსკა და კარლა სუარეს ნავარო დაამარცხა. ნახევარფინალში კი მატჩბოლი მოიგერია და მოუგო რობერტა ვინჩის, რითაც ერთგვარი რევანში აუღო იტალიელს აშშ-ის ღიაზე სერენა უილიამსის დამარცხებისთვის.

ორივე ფინალისტმა, თავის ნახევარფინალში დაზიანება მიიღო. უილიამსს გადამწყვეტ სეტში ფეხი აწუხებდა, რის გამოც კინაღამ დათმო მოგება. მუგურუსამ კი მეორე სეტის ბოლოს ფეხი გადაიბრუნა, მაგრამ შეძლო კერბერთან ორ სეტში მოგებული მატჩის დასრულება. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო - რამდენად იქნებოდნენ ჩოგბურთელები ფიზიკურად მზად გადამწყვეტი მატჩისთვის.

ფინალის დასაწყისში ვინუსს უჭირდა გადაადგილება. ამერიკელი ცდილობდა არ გაეწელა გათამაშებები და ამაში მუგურუსაც ეხმარებოდა. ესპანელი მძლავრ თამაშზე იყო კონცენტრირებული. მან სტარტზე ბრეიკი შეასრულა, მაგრამ თანდათან გამოჩნდა, რომ ასეთი სწრაფი გათამაშებები უილიამსს აძლევდა ხელს. სეტის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მოდიოდა, მაგრამ შემდეგ მუგურუსამ შეცდომებს უმატა. დაფარულ სეტბოლზე მან ორმაგი შეცდომა დაუშვა და ამერიკელმა სეტზე დამაჯერებლად ჩააწოდა.

მეორე პარტიაში ვინუსი თავიდანვე წინ გაიჭრა. თან გაირკვა, რომ მუგურუსა შეგნებულად ცდილობდა მოკლე გათამაშებებს, რადგან ბევრი სირბილი არ შეეძლო. გადაადგილების პრობლემა მეორე სეტში გამოჩნდა, მესამე გეიმში კი სრული ძალით ჩაწოდებასაც ვეღარ ახერხებდა. საბოლოოდ, 6:3, 3:0-ზე ესპანელმა მსაჯს განუცხადა, რომ არ შეუძლია თამაშის გაგრძელება. ნებისმიერ შემთხვევაში, გასული კვირა წარმატებული იყო ესპანელისთვის, რადგან პირველად კარიერაში კლასიფიკაციის TOP5-ში შევიდა.

ვინუს უილიამსმა კი კარიერაში 77-ე ფინალი ითამაშა და 47-ე ტიტული მოიგო. ამ მაჩვენებლით, მოქმედ ჩოგბურთელებს შორის ის მხოლოდ თავის დას - სერენა უილიამსს ჩამორჩება.

ამ გამარჯვებით, უფროსი უილიამსი მერვე ადგილზე გადავა "საჩემპიონო რბოლაში", ანუ ის სრულფასოვანი პრეტენდენტია სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად. თუმცა ამ რეიტინგში ისევ დიდი სიმჭიდროვეა და ამერიკელს ქულების დაგროვება სჭირდება. უფროსი უილიამსი ამ კვირას პეკინის ტურნირზე გამოვა. იქ მას მეორე წრეში სერბ ანა ივანოვიჩთან უწევს შეხვედრა. გარდა ამისა, ვინუსს განაცხადი აქვს შეტანილი ჰონგ კონგის ტურნირზე.

* * *
იმის გამო, რომ უჰანში "პრემიერ 5"-ის კატეგორიის ტურნირი იმართებოდა, დაზარალდა ტაშკენტის ტურნირის ბადე. აქ განთესილებს სათავეში ედგნენ გერმანელები - ანიკა ბეკი და კარინა ვიტჰოფტი, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ფინალში გასვლა.

პირველი ფინალისტი გახდა დონა ვეკიჩი, რომელიც, ბოლო დროს, უფრო ხშირად ახალ ამბებში ხვდებოდა არა სპორტული შედეგების გამო, არამედ როგორც კირგიოსისა და ვავრინკას ცნობილი სკანდალის ფიგურანტი. ტაშკენტში ხორვატმა სეზონში საუკეთესო ტურნირი ჩაატარა. მეოთხედფინალში მან სამი მატჩბოლის მოგერიების შემდეგ მოუგო ფრიდსემს, ნახევარფინალში კი უფრო იოლად გაუსწორდა რუს ევგენია როდინას. ვეკიჩი კარიერაში მეოთხედ გავიდა WTA-ის ტურნირის ფინალში.

ხორვატის მეტოქე გახდა ნაო ჰიბინო. რეიტინგში იაპონელი ვეკიჩზე მაღლა იყო, მაგრამ WTA-ის დონეზე გამოსვლის ნაკლები გამოცდილება გააჩნდა. პროფესიულ ტურში პირველი ტურნირი მან მხოლოდ ორი კვირის წინ, ტოკიოში ითამაშა. და ახლა, მეორე ცდაზე, ფინალამდე მიაღწია. თანაც, ჰიბინო ძალიან იოლად მივიდა გადამწყვეტ მატჩამდე - არც ერთი სეტი არ დათმო. და ფინალშიც არანაირი პრობლემა არ შექმნია - 6:2, 6:2 გაანადგურა ვეკიჩი. ეს გამარჯვება საშუალებას მისცემს იაპონელს - ფეხი მოიკიდოს TOP100-ში.

უჰანი (ჩინეთი)
ფინალი
ვინუს უილიამსი (აშშ)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 5) 6:3, 3:0.

ტაშკენტი (უზბეკეთი)
ფინალი
ნაო ჰიბინო (იაპ)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული