ჩინეთის გავლით სინგაპურში

AutoSharing Option
ქალთა სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და ყოველი კვირა საინტერესოა "ჩემპიონთა რბოლაში" ბრძოლის მხრივ, რადგან ექვსი ჩოგბურთელი იბრძვის წლის შემაჯამებელი ტურნირის დარჩენილი ოთხი საგზურისთვის.

ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო ტიანძინის ტურნირი პოლონელი აგნიეშკა რადვანსკასთვის. ტიტულის აღების შემთხვევაში, ის ინაღდებდა სინგაპურში თამაშს. პოლონელს ჩინეთში ყველაზე რთული მეტოქე ნახევარფინალში ჰყავდა ჩეხი კაროლინა პლიშკოვას სახით, რომელიც ასევე იბრძვის WTA-ის დასკვნით ტურნირზე მოსახვედრად. რადვანსკამ არ შეიმჩნია კაროლინას წინააღმდეგობა და მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო მას.

აგნიეშკა ფინალში დანკა კოვინიჩს ეთამაშებოდა. ჩერნოგორიელი ექვსჯერ გადიოდა WTA-ის ტურნირების მეოთხედფინალში და მხოლოდ
მეშვიდე ცდიდან შეძლო შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. იმის გამო, რომ პირველ წრეში ფლავია პენეტა დამარცხდა, კოვინიჩმა იოლი ბადე მიიღო - ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა კატერინა ბონდარენკო, ტელიანა პერეირა, დუან ინინი და ბოიანა იოვანოვსკი. მაგრამ ფინალში არაფერი გამოუვიდა რადვანასკას წინააღმდეგ.

ჩერნოგორიელს არ მისდიოდა მოწოდება, განსაკუთრებით მეორე, რომლის დროსაც ქულების მხოლოდ 19 პროცენტი აიღო. მიღებაზე კი ასე თუ ისე გამოსდიოდა თამაში, მაგრამ ხუთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. რადვანსკამ დამაჯერებლად მოიგო - 6:1, 6:2 და გაინაღდა სინგაპურში თამაში. ეს იყო პოლონელის მე-16 ტიტული კარიერაში, ხოლო წლის შემაჯამებელ ტურნირზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს.

* * *
ჰონგ კონგის ტურნირის მოგების შემთხვევაში, ასევე მოხვდებოდა სინგაპურში ანჟელიკ კერბერი. უფრო ადრე, წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის შანსი დაკარგა ვინუს უილიამსმა, მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ კონგში ნახევარფინალამდე მივიდა. აქ ამერიკელმა ვერ შეძლო ელენა იანკოვიჩის ბარიერის გავლა - 4:6, 5:7.

კერბერმა ფინალამდე ერთი სეტი წააგო. ნახევარფინალში მან 6:2, 6:2 დაამარცხა ავსტრალიელი სამანტა სტოსური. ავსტრალიელს რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შანსი გამოიყენა.

ფინალში ელენა იანკოვიჩიც ბევრ შანსს ანიავებდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ტიტულის მოგებაში. კერბერი სეტნახევარი აკონტროლებდა სიტუაციას და იგებდა - 6:3, 6:5. მაგრამ, აქედან მოყოლებული, გერმანელმა მხოლოდ ორი გეიმის აღება შეძლო. ტაი-ბრეიკზე წაგების შემდეგ, კერბერის თამაში საბოლოოდ მოიშალა - 3:6, 7:6(4), 6:1 სერბის სასარგებლოდ.

ასე რომ, გერმანელი ჯერ ვერ მოხვდა სინგაპურში, მაგრამ მაინც კარგ შანსს ინარჩუნებს. ამ კვირას, მოსკოვის ტურნირზე მას ორი მოგება სჭირდება ამოცანის შესასრულებლად. კერბერი წლის შემაჯამებელ ტურნირზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მოხვდება, თუ მოსკოვში ლუსი საფაროვა ნახევარფინალამდე მივა, ხოლო ფინალში კარლა სუარეს ნავარო ფლავია პენეტას დაამარცხებს.

ჰონგ კონგი
ფინალი

ელენა იანკოვიჩი (სერ, 4)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 2) 3:6, 7:6(4), 6:1.
ტიანჩინი (ჩინეთი)

ფინალი
აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 2)-დანკა კოვინიჩი (ჩერ) 6:1, 6:2.
ლინცი (ავსტრია)

ფინალი
ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 7)-ანა-ლენა ფრიდსემი (გერ) 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული