ალექსანდრე მეტრეველი - რეალობა და სამომავლო კონტურები

AutoSharing Option
წლეულს ქართველმა ჩოგბურთელებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. თუნდაც ის რად ღირს, რომ საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ასეულში დაიმკვიდრა ადგილი ნიკოლოზ ბასილაშვილმა და რიოს ოლიმპიადაზე მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდა.

მისი მეწინავეობით ვაჟთა ნაკრები ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფში აღზევდა, წინსვლა აქვთ სხვა ჩოგბურთელებსაც. ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი.

- წლევანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა, - გვითხრა ბატონმა ალექსანდრემ. - ვაჟთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში გამოდიოდნენ ჩვენი ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი მწვრთნელ ვლადიმერ გაბრიჩიძის ხელმძღვანელობით,
დევისის თასზე ევროაფრიკული ზონის მესამე ჯგუფში მშრალი ანგარიშებით დაამარცხა ალბანეთი, მალტა, ისლანდია, ესტონეთი და შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ მეორე ჯგუფში აინაცვლა.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი ნაკრები ახალგაზრდულია და მომავლის გუნდია - ბასილაშვილი 23-ის, დანარჩენები კი 20-22 წლისანი არიან და მომავალი წინ აქვთ. ნოემბრის დასაწყისში დევისის თასის წილისყრა გაიმართება და მომავალი მეტოქის ვინაობას გავიგებთ. შესაძლოა, ისეთ ძლიერ გუნდს ვუმასპინძლოთ, როგორიც ბულგარეთია, ან სამხრეთაფრიკელებთან სტუმრად ვითამაშოთ. ახლა ბიჭები აღმავლობის გზაზე არიან და მეორე ჯგუფშიც კარგი შედეგის მიღწევის ამბიცია გვაქვს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბასილაშვილი, რომელმაც წლეულს მნიშვნელოვანი გამარჯვებები იზეიმა: ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში ჩელენჯერტურნირი მოიგო - ფინალში რუსი ანდრეი კუზნეცოვი დაამარცხა - 2:1, 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და საუკეთესო ასეულში შევიდა. მერე ისრაელში 125.000-იან ტურნირში გაიმარჯვა, უიმბლდონზე ხუთ მეტოქეს აჯობა, არადა, ნიკას ხუთსეტიანი ორთაბრძოლების გამოცდილება, ფაქტობრივად, არ ჰქონდა. ამერიკის ღია პირველობაზე ისეთ სახელოვან ჩოგბურთელს სძლია, როგორიც ფელისიანო ლოპესია.

მართალია, ბასილაშვილი შანხაიში ძირითადი ბადის პირველსავე წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას, მაგრამ არ იკითხავთ, ვისთან დამარცხდა - კლასიფიკაციით მე-18 ადგილზე მყოფ ჟილ სიმონთან, რომელიც მსგავსი ტურნირის შარშანდელი ფინალისტია. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ტურნირია დარჩენილი და, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ლიდერი კიდევ შეძლებს წინ წაწევას.

მინდა ალექსანდრე მეტრეველის წარმატებებიც აღვნიშნო: წლეულს მან პანტიანისა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირიდან დაიწყო აღმასვლა და რეიტინგში 328-ე ადგილს უწია. ერთეულთა თანრიგში მან ხუთი, ხოლო წყვილებში ერთი საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო, სტამბოლის ჩელენჯერზე ორი წრე გაიარა. რეიტინგები გაიუმჯობესეს გიორგი ცივაძემ და გიორგი ჯავახიშვილმა.

- ქალებზე არაფერი გითქვამთ...
- სოფიო შაფათავამ, ეკატერინე გორგოძემ, ოქსანა კალაშნიკოვამ, მარიამ ბოლქვაძემ მარგალიტა ჩახნაშვილ-რანცინგერის ხელმძღვანელობით კარგად ითამაშეს ფედერაციის თასზე, პორტუგალია და ბულგარეთი დაამარცხეს და ვეროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს. შაფათავამ წლეულს განსაკუთრებით წყვილებში იყოჩაღა - ექვსი მთავარი პრიზი მოიპოვა, აქედან სამ შეჯიბრებაში გორგოძესთან ერთად მიაღწია გამარჯვებას. ეკატერინემ რვა ტურნირში იყოჩაღა, ქვაცაბაიამ ექვსი 10.000-იანი ტურნირი მოიგო, მათ შორის - ოთხი პირადში. ოქსანა კალაშნიკოვა ორ დიდ ტურნირში იყო პირველი და სტაბილურად ინარჩუნებს წყვილთა შორის საუკეთესო ასეულში ადგილს. ქომაგების გასახარად შაფათავამ და კალაშნიკოვამ გადაწყვიტეს, რომ რიო-2016-ისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქართული წყვილი შექმნან. თუმცა მათ ერთად თამაშის გამოცდილებაც აქვთ - ფედერაციის თასზე ოცზე მეტ მეტოქეს გაუმკლავდნენ.

- ოლიმპიადაზე მოხვედრა კარგია, მაგრამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ჩოგბურთელებს სათანადო დახმარებაც ხომ სჭირდებათ.
- გეთანხმებით. ეს ჩვენი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ბასილაშვილს წლეულს ჩვენი ფედრაციაც დაეხმარა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც, ცხადია, არსებული რეალობიდან გამომდინარე. ისიც კარგად გვესმის, რომ ეს დაფინანსება საკმარისი არ არის. რამდენიმე დღის წინათ სეოკ-ში ვისაუბრეთ ამის თაობაზე. გაისად ნიკას დახმარება გაეზრდება, რომ მან შეძლოს ტურნირებისთვის მომზადება რეიტინგისთვის აუცილებელი ქულების მოსაპოვებლად. არც შაფათავას და კალაშნიკოვას ოლიმპიადაზე მოხვედრის სურვილს დავტოვებთ უყურადღებოდ. ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი თუ გაუჩნდებათ, აუცილებლად დავუდგებით გვერდით.

რაც შეეხება ჩვენს ბიუჯეტს, წლეულს 550.000 ლარი გვქონდა. დღევანდელი კურსიდან გამომდინარე, ეს დაახლოებით 229.000 დოლარია. ამ თანხით კი წლის განმავლობაში ყველაფერს ვერ გასწვდები.

არადა, დატვირთული გრაფიკი გვქონდა. პანტიანსა და თელავში ქალ-ვაჟთა ათი 10.000-იანი და ბათუმში ერთი 25.000-იანი შეჯიბრება ჩავატარეთ, ერთიც 18-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლეთ თბილისში.

ახალგახსნილ საჩოგბურთო ბაზაზე "თბილისი-2015"-ის პროგრამით საჩოგბურთო ასპარეზობაშიც მივიღეთ მონაწილეობა. კარგი თაობა მოდის. ნიკა დავლიანიძეს, ანა შანიძეს, ანა მაქაცარიას, დათო ჭელიძესა და სხვებს სულ მალე ნებისმიერი მეტოქისთვის შეეძლებათ სათანადო კონკურენციის გაწევა. მთავარია, მათ სათანადო ხელშეწყობა ჰქონდეთ. საამისოდ კი არაფერს დავიშურებთ. სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის ჩვენი ბიუჯეტი გაიზრდება, რაც ჩოგბურთელებისთვის სათანადო დახმარების საშუალებას მოგვცემს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული