ცნობილია, რომ პენეტა ამ ტურნირის შემდეგ ასრულებს კარიერას. პირველ ტურში ის პირწმინდად დამარცხდა სიმონა ჰალეპთან, როცა მხოლოდ სამი გეიმი აართვა რუმინელს. ამიტომაც, სინგაპურში უფრო დიდი ხნით დარჩენის შანსი რომ შეენარჩუნებინა, იტალიელს მოგება სჭირდებოდა.
და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ფლავიამ თამაშის აგრესიული სტილი აირჩია - მან ჯამში 37 "ვინერსი" დააგროვა. თუმცა პირველ სეტში, კარგა ხანი უპირატესობა რადვანსკას ჰქონდა. ის ორჯერ
მეორე სეტში იტალიელმა გააგრძელა აქტიური თამაში. ის უკვე აღარ უშვებდა შეცდომებს საკუთარ მოწოდებაზე, მეშვიდე გეიმში კი უმნიშვნელოვანესი ბრეიკი შეასრულა და გადამწყვეტი უპირატესობაც მიიღო.
პენეტას შეეძლო მეცხრე გეიმში მიღებაზე დაესრულებინა მატჩი, მაგრამ რადვანსკამ სამი მატჩბოლი მოიგერია, თუმცა მეტოქის მომდევნო გეიმში პოლონელს შანსი აღარ ჰქონია - 7:6(5), 6:4 და იტალიელმა პირველი გამარჯვება მოიპოვა წლის შემაჯამებელ ტურნირზე.
მესამე ტურში პენეტა ჯგუფის ლიდერს მარია შარაპოვას შეხვდება და, შესაძლოა, ეს იყო მისი ბოლო მატჩი კარიერაში.
* * *
თავად შარაპოვამ გუშინ, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ლიდერების შეხვედრაში ის სიმონა ჰალეპს უპირისპირდებოდა, რომელიც წინა ხუთი მატჩიდან ხუთივეში ჰყავდა დამარცხებული. რუსმა გააგრძელა ეს წარმატებული სერია.
შეხვედრის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც კარგა ხანი ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. შარაპოვამ თამაშში გარდატეხა 4:4-დან შეიტანა, როცა მომდევნო რვა გეიმიდან შვიდი თავის სასარგებლოდ დაასრულა და 6:4, 5:1 დაწინაურდა.
თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ჰალეპმა კინაღამ გადაარჩინა პარტია. მომდევნო სამ გეიმში ორი ბრეიკი შეასრულა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თავად იყო მოწოდებაზე. თუმცა მარიამ მორიგი ბრეიკი შეასრულა და 6:4, 6:4 მოიგო. შარაპოვასთვის ეს იყო საიუბილეო, მე-20 მოგება შემაჯამებელ ტურნირებზე.
წითელ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:
1. მარია შარაპოვა - 2 მოგება/0 წაგება, სეტები - 4:1, გეიმები - 28:21.
2. სიმონა ჰალეპი - 1 მოგება/1 წაგება, სეტები - 2:2, გეიმები - 20:15.
3. ფლავია პენეტა - 1 მოგება/1 წაგება, სეტები - 2:2, გეიმები - 16:22.
4. აგნიეშკა რადვანსკა - 0 მოგება/2 წაგება, სეტები - 1:4, გეიმები - 23:29.
ბოლო ტურში შარაპოვა პენეტას ეთამაშება, ჰალეპი - რადვანსკას. საინტერესოა, რომ ჯერ არც ერთ ჩოგბურთელს არ აქვს გარანტირებული ნახევარფინალში თამაში და ყველა ინარჩუნებს შემდეგი ეტაპის შანსს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"