სერენა უილიამსმა ქურდი დაიჭირა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა საინტერესო ისტორია მოყვა - როგორ დაიხსნა ქურდისგან საკუთარი ტელეფონი.

"გუშინ, ვახშმის დროს, გიჟური ისტორია შემემთხვა. ვვახშმობდი და ჩინური სამზარეულოსგან სიამოვნებას ვიღებდი. მაგიდასთან მე და ჩემი მეგობარი ვისხედით და ისე გავერთეთ საუბრით, თითქოს მრავალი წელი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. იქვე ბიჭი იდგა და ოდნავ დავიძაბე - წინათგრძნობა რაღაცას მკარნახობდა.

ჩემი ტელეფონი სკამზე იდო, მაგრამ დიდად არ ვნაღვლობდი, რადგან ბიჭი საკმაოდ მოშორებით იყო. გავიაზრე: "ის გამყიდველია ან ტუალეტში რიგს ელოდება". თვალით მაინც ვდარაჯობდი.

და მოულოდნელად, მან
ტელეფონს ხელი სტაცა და გაიქცა. სკამს დავხედე და დავიყვირე: "ქურდი! მან ჩემი ტელეფონი მოიპარა". წამოვხტი, გზად ორი სკამი წავაქციე, თუმცა სირბილი არ შევწყვიტე. ის გარბოდა, მაგრამ ძალიან სწრაფი ვიყავი - სპრინტერული ვარჯიშები დამეხმარა. დავეწიე.

ამ დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად ვკითხე - იქნებ შეეშალა და სხვა ტელეფონი აიღო. ალბათ, არ ელოდა, რომ ყველაფერი ასე მობრუნდებოდა და დიდხანს ფიქრობდა ჩემს სიტყვებზე. ბოლოს მიპასუხა: "იცით, რა გავაკეთე? იმდენად დავიბენი, რომ, ალბათ, სხვა ტელეფონი ავიღე". ამ დროს, ჩემმა ტელეფონმა დარეკა - მეგობარი მელოდებოდა. არ ვაპირებდი ბიჭისგან თავის მართლების მოსმენას. მადლობა გადავუხადე და გავუშვი.

სუპერგმირი ვარ? შესაძლოა. კარგი სისწრაფე მაქვს, ხტომები, ძალა, სხეული, სექსუალურობა, ლიდერის თვისებები და აუღელვებლობა. ყოველთვის უსმინეთ სუპერგმირის შინაგან ხმას. იბრძოლეთ იმისთვის, რაც სწორია. დაიჯერეთ საკუთარი თავის და იქნებით სუპერგმირი.

რესტორანში დაბრუნების შემდეგ, ყველამ ტაში დამიკრა. ამის გამო ამაყი ვიყავი. ვუჩვენე თითოეულ ადამიანს, რომ ამ სიტუაციას არ შევუშინებივარ - შევძელი საკუთარი თავის დაცვა. ეს გამარჯვება ქალებისთვისაა", - დაწერა სერენამ ინსტაგრამზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული