WTA: წერტილი ვინუს უილიამსმა დასვა

AutoSharing Option
WTA-ის ტურში ოფიციალურად დასრულდა სეზონი. ჩინეთის ქალაქ ჟუჰანში მნიშვნელობით მეორე "წლის შემაჯამებელი" ტურნირი გაიმართა, რომელიც ვინუს უილიამსმა მოიგო.

ტურნირში ის 12 ჩოგბურთელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც "ჩემპიონთა რბოლაში" მეცხრედან მე-20 ადგილებზე იმყოფებოდნენ. ისინი ოთხ ქვეჯგუფად დაიყვნენ და ჯგუფებში გამარჯვებულები ნახევარფინალში გავიდნენ. ესენი იყვნენ - რობერტა ვინჩი, ვინუს უილიამსი, ელინა სვიტოლინა და კაროლინა პლიშკოვა.

ნახევარფინალურ ეტაპზე ბრძოლა არ შედგა. უფროსმა უილიამსმა და ვინჩიმ ცოტა ხნის წინ, უჰანში ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და მაშინ, დაძაბულ ბრძოლაში, ამერიკელმა გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა, ამჯერად კი იოლად
მოიგო - 6:2, 6:2.

მოგვიანებით, კორტზე გავიდნენ პლიშკოვა და სვიტოლინა. ჩეხი შესანიშნავად აწვდიდა და პირველ ბურთზე 27-დან 24 გათამაშება მოიგო, ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და დამარჯერებლად გაიმარჯვა - 6:3, 6:1.

* * *
ფინალის დასაწყისში ისე ჩანდა, რომ ვინუსი იოლად მოიპოვებდა ტიტულს. მან 4:1 წაიყვანა ანგარიში და ორმაგი დაფარული სეტბოლი ჰქონდა. პირველ წუთებში მან მთლიანად დაჩაგრა მეტოქე, უფრო მძლავრად და ზუსტად თამაშობდა.

მაგრამ კაროლინმა მოთმინება გამოიჩინა და ამან შედეგი გამოიღო. ვინუსმა, რომელიც სრულად აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას, უცებ შეცდომების დაშვება დაიწყო. პლიშკოვას ზედიზედ მოგებული 12-ქულიანი სერია ჰქონდა, რითაც შემოაბრუნა სეტის მსვლელობა.

პარტიის ბოლო ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ჩეხი თავად მიდიოდა შეტევაში, მაგრამ ტაი-ბრეიკამდე ერთი ნაბიჯით ადრე, ორი შეცდომა დაუშვა და ეს სეტის წაგებად დაუჯდა.

მეორე სეტში პირველი ბრეიკი პლიშკოვამ გააკეთა, მაგრამ ვერ შეძლო მოწოდების შენარჩუნება. პარტია ისევ დაძაბულ ფინალში გადავიდა. ამჯერად, პლიშკოვამ 5:6-ზე შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც, ტაი-ბრეიკი მატჩის ნამდვილი მშვენება გახდა.

პლიშკოვამ პირველი სეტბოლი მოიპოვა და მომდევნო გათამაშებაში რეალური შანსი ჰქონდა - შეხვედრა მესამე სეტში გადაეყვანა, მაგრამ სიზუსტე ოდნავ დააკლდა. შემდეგ კი იყო ვინუსის მატჩბოლი.

ჩეხი უტევდა, წინ წავიდა, მაგრამ ამერიკელმა შესანიშნავი შემოვლითი დარტყმა შეასრულა და ტიტული მოიპოვა - 7:5, 7:6(6). 35 წლის უილიამსმა მესამე ტიტული მოიპოვა სეზონში. პირველად 2008 წლის შემდეგ, ამერიკელმა სეზონში 40-ზე მეტი შეხვედრა მოიგო. მან კარიერაში 48-ე ტიტული მოპოვა და სეზონი მეშვიდე ჩოგანის რანგში დაასრულა!

ჟუჰანი (ჩინეთი)
1/2 ფინალი
ვინუს უილიამსი (აშშ, 1)-რობერტა ვინჩი (იტა, 4) 6:2, 6:2; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 3)-ელინა სვიტოლინა (უკრ) 6:3, 6:1.

ფინალი
ვინუს უილიამსი (აშშ, 1)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 3) 7:5, 7:6(6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული