სოფიო ქვაცაბაიამ ანტალიის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ანტალიაში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც ორი ქართველი მონაწილეობს.

გუშინ, 19 იანვარს, მესამე ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ ჩიარა გრიმი (შვეიცარია) დაამარცხა - 6:1, 7:5 და მერვედფინალში იულია კულიკოვასა (რუსეთი) და კაროლინ ილოვსკას (ავსტრია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წყვილებში ქვაცაბაია ეკატერინა წიკლაურთან (რუსეთი) ერთად გამოდის. სტარტზე ქართულ-რუსულმა დუეტმა სევენ ორალსა (თურქეთი) და ანა შეპიტას (რუსეთი) აჯობა - 6:4, 6:1 და მეოთხედფინალში მესამე ნომერ აგნეს ბუკტას (უნგრეთი)
და ვიქტორია ტომოვას (ბულგარეთი) გაუწევს მეტოქეობას.

უნგრულ-ბულგარულმა ტანდემმა ქემრე ანილი (თურქეთი) და იეშა ჰოლტონი (აშშ) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4.

თურქული ტურნირის ერთეულთა თანრიგში დღეს ჩაებმება წინა შეჯიბრების გამარჯვებული ეკატერინე გორგოძე, რომელსაც განთესვით მეორე ნომერი აქვს. ჩვენებური გერმანელ იანა მორდერგერთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
აქტობეში (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იანი ტურნირის სტარტზე გიორგი ცივაძემ ილია ვუჩიჩს (სერბეთი) მოუგო - 6:2, 6:3. მეორე წრეში რუსი ანტონ ზაიცევის მძლეველ (6:4, 6:3) ივან ბელიცას (სერბეთი) შეხვდება.

გიორგი ჯავახიშვილი მასპინძელ რომან ხასანოვს დანებდა - 2:6, 3:6.

წყვილებში ცივაძე და ჯავახიშვილი მეოთხედფინალში ინდოელ ძმებს - ჩანდრილ და ლაქშით სოოდებს გაეჯიბრებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული