ავსტრალიის ღია პირველობა: ასეც შეიძლება მოხდეს: მეოთხედფინალში კონტა vs ჟანგი

AutoSharing Option
ასევე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი ქალებს შორის. და მივიღეთ ერთი უცნაური მეოთხედფინალური წყვილი, რომელიც არაგანთესილმა ჩოგბურთელებმა დააკომპლექტეს. იოჰანა კონტამ შეწყვიტა ბრიტანელი ქალების უიღბლო სერია ავსტრალიის ღია პირველობაზე. კერძოდ, ამ ქვეყნის წარმომადგენლები 33 წლის განმავლობაში ვერ გადიოდნენ მელბურნში მეოთხედფინალურ ეტაპზე და ნავსი გუშინ, სწორედ კონტამ გატეხა.

ბრიტანელი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას რუსი ეკატერინა მაკაროვას წინააღმდეგ. პირველ სეტში ბრეიკით იგებდა, მაგრამ დათმო პარტია, მეორე სეტი ისე ჩაატარა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს, მესამეში კი 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ვერ
შეძლო შანსის გამოყენება.

ყველაფერი მე-13 გეიმში გადაწყდა, რომელშიც ბრიტანელმა პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რის შემდეგაც მატჩზე ისე ჩააწოდა, რომ ქულა არ მისცა მაკაროვას.

ამასობაში, გრძელდება ჩინელი შუაი ჟანგის ზღაპრული სვლა. ჩოგბურთელმა, რომელსაც აქამდე "დიდი სლემის" ტურნირებზე 14-დან 14-ჯერ ჰქონდა წაგებული პირველი წრე, მეოთხედფინალამდე მიაღწია და წინ აქვს კონტასთან შეხვედრა. ჩინელმა დაამტკიცა, რომ პირველ წრეში სიმონა ჰალეპის დამარცხება შემთხვევითობა არ ყოფილა.

გუშინ, აზიელმა მორიგი განთესილი ჩამოიცილა გზიდან - მე-15 ნომერს, ამერიკელ მედისონ კისს სამ სეტში მოუგო, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კისმა მეორე სეტში ფეხი იტკინა და თვალცრემლიანი ასრულებდა შეხვედრას.

ვიქტორია აზარენკა აგრძელებს მთავარი ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას. ბელარუსმა, ამჯერად, ჩეხი ბარბორა სტრიკოვა დაამარხა ორ სეტში. ეს იყო პირველი რთული მატჩი ტურნირის ორგზის ჩემპიონისთვის. სირთულე კი იმაში მდგომარეობდა, რომ აზარენკამ პირველად წააგო ამ ტურნირზე სეტში ოთხი გეიმი - 6:2, 6:4.

ვიქტორიას მორიგი მეტოქე გერმანელი ანჟელიკ კერბერი იქნება, ვინც შანსი არ დაუტოვა თანამემამულე ანიკა ბეკს - 6:4, 6:0. კერბერი უშანსოდ ჩანს აზარენკასთან. ბელარუსს გერმანელისთვის ექვსიდან ექვსი მატჩი აქვს მოგებული, მათ შორის, სამი კვირის წინ, ბრისბენის ფინალი ორ სეტში.

აქაც ჩაწყობა?
ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგის ერთ-ერთმა მატჩმა ბუკმეიკერთა ეჭვი გამოიწვია. ლაპარაკია ჰლავაჩკოვა/კუბოტისა და არუაბარენა/მარეროს შეხვედრაზე. ამ თამაშზე საეჭვოდ დიდი რაოდენობის ფსონები შევიდა.

ეს იყო პირველი წრის მატჩი და ის ჰლავაჩკოვასა და კუბოტის გამარჯვებით დასრულდა - 6:0, 6:3. New York Times-ის ინფორმაციით, ბუკმეიკერები შეშფოთდნენ ამ წყვილის მოგებაზე შესული თანხის დიდი რაოდენობით.

მატჩის დაწყებამდე 13 საათით ადრე, ფსონების მიღება შეწყვიტეს. Tennis Integrity Unit-ის წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ მატჩის მონაწილეებს. არუაბარენამ და მარერომ უარყვეს ბრალდება და წაგება მარეროს მუხლის ტრავმას დააბრალეს.

ქალები
1/8 ფინალი
კერბერი (გერ, 7)-ბეკი (გერ) 6:4, 6:0
აზარენკა (ბლრ, 14)-სტრიკოვა (ჩეხ) 6:2, 6:4
კონტა (ბრიტ)-მაკაროვა (რუს, 21) 4:6, 6:4, 8:6
ჟანგი (ჩინ)-კისი (აშშ, 15) 3:6, 6:3,6:3

1/4 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-შარაპოვა (რუს, 5)
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-სუარეს ნავარო (ესპ, 10)
კერბერი (გერ, 7)-აზარენკა (ბლრ, 14)
კონტა (ბრიტ)-ჟანგი (ჩინ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული