ავსტრალიის ღია პირველობა: ზაზუნას დღე შარაპოვასთვის

AutoSharing Option
გუშინდელი დღის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას რიგით 21-ე დაპირისპირება იყო. ცნობილია, რომ რუსს ამერიკელის კომპლექსი აქვს:

2004 წლიდან მოყოლებული, მარიას არ მოუგია სერენასთვის. უილიამსს ზედიზედ 17-ჯერ ჰყავდა დამარცხებული პრინციპული მეტოქე და მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში - 18:2 იყო. იმასაც შეგახსენებთ, ეს ჩოგბურთელები შარშან, ფინალში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მატჩი შარაპოვასთვის ძალიან კარგად დაიწყო: მან მეტოქის პირველივე გეიმი აიღო და 2:0 დაწინაურდა. თუმცა რუსს ინიციატივა დიდი ხანი არ ჰქონია. მარიას თავიდანვე არ წაუვიდა მოწოდება, არადა, წინა ორ
შეხვედრაში, ჯამში 37 ეისი შეასრულა. სერენამაც მოუმატა თამაშს. მეოთხე გეიმში შარაპოვამ ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკ-პოინტი აჩუქა, შემდეგ კი მარცხნიდან დარტყმა გაუშვა აუტში - 2:2.

ორმაგი შეცდომები მერეც ჰქონდა რუსს. 3:4-ზე, მორიგი ასეთი შეცდომის შემდეგ, მარიას 0:40-დან მოუწია გეიმის გადარჩენა და ეს მოახერხა - 4:4.

პირველ პარტიაში და, შესაძლოა, მთლიანად მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეცხრე გეიმი. შარაპოვამ ის შესანიშნავად დაიწყო - ორი კარგი კომბინაცია შეასრულა, რასაც ამერიკელის ორმაგი შეცდომაც დაემატა და რუსმა ბრეიკ-პოინტი მიიღო.

უილიამსმა საფრთხე ეისით მოიგერია. ამას მოჰყვა მარიას კარგი თამაში მიღებაზე და ბრეიკის შესრულების მეორე შანსი. სერენას ისევ კარგი მოწოდება დაეხმარა ანგარიშის გათანაბრებაში. ცოტა ხანში, შარაპოვამ გეიმბოლი მოიგერია და გეიმში მეოთხედ გახდა ანგარიში - "თანაბარი". მაგრამ იქვე, ამერიკელმა მორიგი ეისი შესრულა და 5:4 დაწინაურდა.

შემდეგ კი მოხდა ის, რასაც ხშირად ვხედავთ ასეთ შემთხვევებში: მეტოქის მოწოდების აღების კარგი შანსის განიავების შემდეგ, მარიამ საკუთარი გეიმი და მასთან ერთად სეტი წააგო. რუსმა იბრძოლა, სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ სერენამ მეოთხე შანსი გამოიყენა - 6:4.

მეორე სეტის სტარტზე უმცროსმა უილიამსმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო საკუთარი გეიმი, შემდეგ იგივე გააკეთა შარაპოვას მოწოდებაზე. თამაშის ამ მონაკვეთში, მარია თითქმის ვეღარაფერს უპირისპირებდა მსოფლიოს პირველ ჩოგანს და დაახლოებით 20 წუთში, ანგარიში 5:0 გახდა.

მეორე სეტში ძალიან კარგად მუშაობდა სერენას მოწოდება, თუმცა მეხუთე გეიმში მან მისცა მეტოქეს ბრეიკის შესრულების შანსი, მაგრამ იქვე ისევ მოწოდება დაეხმარა ამერიკელს.

შარაპოვამ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ერთი გეიმის მოგება, მაგრამ რუსი განწირული ჩანდა - 6:4, 6:1.

* * *
უფრო ადრე ითამაშეს პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ და ესპანელმა კარლა სუარეს-ნავარომ. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაში გერმანელ ფრიდზემთან, რადვანსკას გაუმართლა - მესამე სეტში პოლონელი 2:5 იყო ჩამორჩენილი, რის შემდეგაც მისმა მეტოქემ ტრავმა მიიღო და სრული ძალით ვეღარ ითამაშა. ამჯერად, აგნიეშკას არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

მან 6:1 მოიგო პირველი სეტი, მეორეში კი თავიდან ბრძოლა იყო, მაგრამ 3:3-ის შემდეგ, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და ნახევარფინალში სერენა უილიამსზე გავიდა. ამერიკელთან მას ძალიან ცუდი ბალანსი აქვს - ექვსიდან ექვსი წაგება.

1/4 ფინალი
ქალები

ს. უილიამსი (აშშ, 1)-შარაპოვა (რუს, 5) 6:4, 6:1
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-სუარეს ნავარო (ესპ, 10) 6:1, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შარაპოვამ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ერთი გეიმის მოგება, მაგრამ რუსი განწირული ჩანდა - 6:4, 6:1.
1/4 ფინალი
ქალები
ს. უილიამსი (აშშ, 1)-შარაპოვა (რუს, 5) 6:1, 6:3
რომელია მართალი
14:43 27-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული