ავსტრალიის ღია პირველობა: დიდი სამეული და რაონიჩი

AutoSharing Option
ბრიტანული ჩოგბურთის გულშემატკივრებს კონტას გარდა, კიდევ ერთი სანერვიულო ჰქონდათ, რადგან ენდი მარეის უწევდა ნახევარფინალის საგზურისთვის დავიდ ფერერთან ბრძოლა.

აქამდე, ეს ჩოგბურთელები 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 12:6 იყო ბრიტანელის სასარგებლოდ. თუმცა ფერერის ექვსი მოგებიდან ოთხი - გრუნტის საფარზე მოდიოდა, ჰარდზე კი ვეტერანს ყოველთვის უჭირდა ენდის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მარეის ბოლო ხუთი მატჩი მოგებული ჰქონდა ესპანელისთვის.

33 წლის ასაკში, ფერერი აგრძელებს ძალიან მაღალ დონეზე თამაშს. მეოთხედფინალისტებს შორის, ის ერთადერთი იყო, ვისაც სეტი არ ჰქონდა წაგებული. მიუხედავად ამისა, ფავორიტად მაინც ენდი მარეი
მიიჩნეოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მეტოქემ ტაქტიკად უკანა ხაზზე გრძელი გათამაშებები აირჩია. პირველ პარტიაში თანაბარი თამაში მოულოდნელად მაშინ შეწყდა, როცა დავიდმა 40:0-დან, საკუთარი შეცდომებით წააგო თავისი მოწოდება. ესპანელმა ბოლომდე იბრძოლა და რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მიიღო მაშინ, როცა მარეი სეტზე აწვდიდა, მაგრამ ენდიმ მაინც მოიგო პირველი სეტი.

მეორე სეტში ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა. ჯერ ფერერი გამოიყურებოდა კარგად და ბრეიკით დაწინაურდა, შემდეგ კი მარეიმ მოუმატა და არა მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში, არამედ ორი დაფარული სეტბოლი მიიღო. თავად ფერერს მიღებაზე ჰქონდა სეტბოლი, მაგრამ ენდიმ ეისით მოიგერია საფრთხე. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც თანაბარი თამაში მიდიოდა იქამდე, სანამ ენდიმ უკანა ხაზზე შეცდომა არ დაუშვა.

სამაგიეროდ, მარეიმ წარმატებით დაიწყო შემდეგი პარტია და სწრაფად წაიყვანა ბრეიკით ანგარიში. ამასობაში, მელბურნში გაწვიმდა და ცენტრალური კორტი გადაიხურა. დარბაზში ენდის საქმეები კიდევ უფრო უკეთ წავიდა.

მესამე სეტი მან ორმაგი ბრეიკით მოიგო და მეოთხეშიც მალე შეასრულა ბრეიკი. დავიდმა ბოლომდე იბრძოლა, ბრეიკი დაიბრუნა და აიძულა ენდი ბოლომდე დახარჯულიყო მატჩის ოთხ პარტიაში მოსაგებად - 6:3, 6:7, 6:2, 6:3.

საბოლოოდ, მამაკაცთა ტურნირის ნახევარფინალში პირველ სამ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები გავიდნენ და მათ დაემატა მილოშ რაონიჩი. წინა წრეში სტენ ვავრინკას მომგებ კანადელს მხოლოდ მეორე სეტში შეექმნა სირთულეები ფრანგი გაელ მონფილსის წინააღმდეგ, მაგრამ, საერთო ჯამში, დამაჯერებლად გაიმარჯვა - 6:3, 3:6, 6:3, 6:4. მილოში მეორედ ითამაშებს კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში.

კაცები
1/4 ფინალი

რაონიჩი (კან, 13)-მონფილსი (საფ, 23) 6:3, 3:6, 6:3, 6:4
მარეი (ბრიტ, 2)-ფერერი (ესპ, 8) 6:3, 6:7(5), 6:2, 6:3

1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფედერერი (შვეიც, 3)
რაონიჩი (კან, 13)-მარეი (ბრიტ, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული