დუბაის ქალთა ტურნირი: 8 განთესილი - 0 მოგება

AutoSharing Option
დუბაის ქალთა ტურნირი ისტორიაში შევა, რადგან პირველად WTA-ის ტურნირებზე (ასეთი რამ მამაკაცთა ტურშიც არ მომხდარა) ვერც ერთი მატჩის მოგება ვერ შეძლეს განთესილმა ჩოგბურთელებმა.

კუზნეცოვამ მხოლოდ ერთი გეიმი აიღო გორგესთან, კაროლინა პლიშკოვამ ზედიზედ მეორედ წააგო კოკო ვანდევეგესთან, ვინჩი დამარცხდა შვედოვასთან, ბენჩიჩი - იანკოვიჩთან. მიუხედავად ამისა, ვინჩი კარიერაში პირველად შევა TOP10-ში, ბენჩიჩი კი მეშვიდე ადგილამდე აიწევს.

სიმონა ჰალეპმა ანა ივანოვიჩთან მატჩით აიღო სტარტი და მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეტში სეტბოლი ჰქონდა, ორ სეტში დამარცხდა. იგივე ანგარიშით წააგო გარბინ მუგურუსამ ელინა სვიტოლინასთან. სხვათა
შორის, უკრაინელს ამ ტურნირზე ლეგენდარული ჟუსტინ ანენი ახლდა, რომელიც სვიტოლინას მწვრთნელად იწყებს მუშაობას.

წააგო კიდევ ერთმა ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ - ის კაროლინ გარსიამ გამოთიშა ბრძოლას. პეტრა კვიტოვამ პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოუგო ბრენგლს, მეორეს ბრეიკით იგებდა და მაინც მოახერხა წაგება.

განუთესავ მეოთხედფინალისტებს შორის ყველაზე ტიტულოვანი იყო ანა ივანოვიჩი, მაგრამ სერბი კვლავაც არასტაბილურია. ჰალეპთან ბრწყინვალე მოგების შემდეგ, ანამ არათანაბრად ჩაატარა მატჩი ბარბორა სტრიკოვასთან და ჩეხი ნახევარფინალში გაუშვა. ამ ეტაპზე ბარბორამ გადამწყვეტ სეტში სძლია გარსიას და კარიერაში მეორედ გავიდა "პრემიერ" კატეგორიის ფინალში.

ბადის ქვედა მხარეს წინ მიიწევდა სარა ერანი, რომლისთვისაც სეზონი ცუდად დაიწყო - წააგო ავსტრალიის ღიას პირველი წრე და ერთეულების მატჩები ფედერაციის თასზე. დუბაიში კი პირველ წრეში 1:5-ს აგებდა პირველ სეტს ჩინელ სასაი ჟანგთან, მაგრამ სეტიც და მატჩიც გადაარჩინა, მეოთხედფინალში ბრენგლთან ბრეიკით იყო ჩამორჩენილი მესამე სეტში და აქაც გადარჩა. იტალიელის შეჩერება ვერც სვიტოლინამ შეძლო და ერანი ფინალში გავიდა.

სარა მეორედ თამაშობდა დუბაის ფინალში. სამი წლის წინათ, მან გადამწყვეტი მატჩი პეტრა კვიტოვასთან წააგო. მაშინ ჩეხი აშკარა ფავორიტი იყო, ახლა კი სტრიკოვასთან ფინალში მეტოქეთა შანსები თანაბრად ფასდებოდა. მაგრამ, მოსალოდნელი დაძაბული ბრძოლის ნაცვლად, მაყურებელმა სწრაფი განადგურება იხილა.

სტრიკოვას არაფერი გამოსდიოდა და პირველი პარტია "მშრალად" წააგო, მეორეში მცირე წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, მაგრამ 43-მა უნებლიე შეცდომამ წარმატების შანსი არ დაუტოვა - 0:6, 2:6. ერანიმ კარიერაში პირველად მოიგო "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული