პირველი ნახევარფინალისტები
აშშ-ის ღიაზე გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა. გუშინდელი ოთხი შეხვედრის შემდეგ, პირველი ნახევარფინალური წყვილები გაირკვა კაცებისა და ქალების ბადეში: ჯოკოვიჩი-მონფილსი და კერბერი-ვოზნიაცკი.ქალები
1/4 ფინალი
ვოზნიაცკი (დან)-სევასტოვა (ლატ) 6:0, 6:2
კერბერი (გერ, 2)-ვინჩი (იტა, 7) 7:5, 6:0
მორიგი ნაბიჯი სერენას დასამხობად
ქალთა ბადეშიც გუშინ, ორი ნახევარფინალისტი გაირკევა. აგრძელებს ტიტულისთვის და რეიტინგში ლიდერობისთვის ბრძოლას ანჟელიკ კერბერი, რომელმაც ორი განსხვავებული სეტი ჩაატარა შარშანდელი ფინალისტის, იტალიელი რობერტა ვინჩის წინააღმდეგ - 7:5, 6:0.გერმანელი პირველ სეტში სამჯერ ჩამორჩა ბრეიკით, მაგრამ სამივეჯერ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, თან მეტოქის მოწოდებაზე
კერბერმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ, როგორც იქნა, თავისი მოწოდება აიღო და ამას მეოთხე ბრეიკიც მიაყოლა, რამაც ურთულეს პირველ სეტში გამარჯვება მოუტანა - 7:5. პარტია 55 წუთი გაგრძელდა და კერბერმა ძალიან ბევრი - 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
სამაგიეროდ, გერმანელმა მეორე სეტში აჩვენა საჩემპიონო თამაში. ამ პარტიაში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. კერბერმა მხოლოდ პირველ გეიმში მისცა შანსი მეტოქეს, როცა ვინჩიმ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ამის შემდეგ, ანჟელიკმა 23 მომდევნო გათამაშებიდან 21 ქულა აიღო, მათ შორის, 12 ზედიზედ. მეორე პარტიამ მხოლოდ 24 წუთი დაიკავა და ვინჩიმ ვერც ერთი გეიმის აღება ვერ შეძლო. კერბერმა კი მატჩი ზედიზედ ცხრა მოგებული გეიმით დაასრულა და 2011 წლის შემდეგ დაბრუნდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში.
შეგახსენებთ, რომ კერბერს რეიტინგში პირველი ადგილის მოსაპოვებლად, მინიმუმ სერენა უილიამსის შედეგის გამეორება სჭირდება. ყველა სწორედ ამ ორი ჩოგბურთელის ფინალს ელოდება, რადგან გადამწყვეტ მატჩში მოგებას ორმაგი ფასი ექნება - ტიტული და კლასიფიკაციაში ლიდერობა.
ეს უკვე ძველი ვოზნიაცკია
კერბერს ფინალში გასასვლელად კრიზისიდან გამოსული კაროლინ ვოზნიაცკის დამარცხება დასჭირდება. დანიელმა ჩოგბურთელმა შეაჩერა ლატვიელი ანასტასია სევასტოვას სენსაციური სვლა, თან ეს ძალიან იოლად გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ სკანდინავიელს გაუმართლა, რადგან სევასტოვამ მატჩის დასაწყისში ფეხი გადაიბრუნა და ექიმის დახმარება დასჭირდა. ლატვიელს უჭირდა გადაადგილება და ცდილობდა, გათამაშებები სწრაფად დაესრულებინა, მაგრამ ეს ნომერი ვოზნიაცკისთან არ გავიდა.
დანიელი დამაჯერებლად იყენებდა მეტოქის დაზიანებას და 6:0, 4:0 წაიყვანა ანგარიში. და მხოლოდ ამის შემდეგ გაქვითა ანგარიში სევასტოვამ, რასაც პუბლიკა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. საბოლოოდ, აშშ-ის ღიას ორგზის ფინალისტმა 6:0, 6:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, რითაც რეიტინგში 42 ადგილს მოიგებს და TOP30-ში შევა. სხვათა შორის, კაროს მოგების მიზეზი მხოლოდ მეტოქის ტრავმა არ ყოფილა - დანიელმა შემტევი და აგრესიული ჩოგბურთი ითამაშა და მხოლოდ 5 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
ეს არის ზედიზედ მეოთხე შემთხვევა, როცა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში განუთესავმა ჩოგბურთელმა გააღწია. ბოლოს ვოზნიაცკი "დიდი სლემის" ნახევარფინალში 2014 წელს, აშშ-ის ღიაზე იყო. სხვათა შორის, ეს მისი საყვარელი ტურნირია - როგორც გითხარით, ორჯერ იყო ფინალში და ორჯერ ნახევარფინალში, სულ კი ნიუ იორკში 34 მოგება და მხოლოდ 9 წაგება აქვს.
რაც შეეხება ვოზნიაცკისა და კერბერის ურთიერთშეხვედრებს, ისინი მეცამეტედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წინ გერმანელია - 7:5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"