სერენა უილიამსი, როგორც მარტინ ლუთერ კინგი

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რასობრივი ურთიერთობების თემაზე ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა. ჩოგბურთელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავს საკითხებში აღარ შეიკავებს თავს კომენტარისგან.

"დღეს, ჩემს 18 წლის ნათესავ ბიჭს (ცნობისთვის, ის შავკანიანია) ვთხოვე შეხვედრაზე წაყვანა, რათა მანქანაში მშვიდად შემესრულებინა ტელეფონზე რაღაც სამუშაო. გზის ბოლოს პოლიციას მოვკარი თვალი. სწრაფად შევამოწმე, ხომ არ გადავაჭარბეთ სიჩქარეს.

და უცებ, გამახსენდა ის საშინელი ვიდეო გოგონათი ავტომობილში, რომლის შეყვარებული პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მაშინვე ვინანე, რომ თავად არ
დავჯექი საჭესთან. საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი, ჩემს ნათესავს რაიმე რომ შემთხვეოდა. ის ხომ არაფერშია დამნაშავე. როგორც სხვები.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ჯგუფის ყველა წარმომადგენელი აპრიორი ცუდი არ არის. მაგრამ არსებობენ უგულო, შეშინებული, გაუნათლებელი ან უგრძნობი ადამიანები და საბოლოო ჯამში, სწორედ მათ აქვთ გავლენა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე.

რატომ ვფიქრობთ ასეთ რამეზე 2016 წელს? ჩვენ ხომ საკმარისად მოვითმინეთ, ბევრი კარი გავაღეთ და მილიარდობით სხვა ადამიანს ცხოვრების საშუალება მივეცით? მაგრამ მივხვდი, რომ წინ უნდა ვიაროთ, რადგან საქმე იმაში არ არის, რამდენს მივაღწიეთ, არამედ იმაში, რომ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

და შემდეგ გავიფიქრე - ოდესმე ამის შესახებ ხმამაღლა მილაპარაკია? საკუთარ თავს გვერდიდან უნდა შეხედო. როგორც დოქტორ მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: "მოვიდა დრო, როცა სიჩუმე ღალატი ხდება".

მე აღარ გავჩუმდები", - დაწერა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული