რეიტინგები: ამიერიდან, ბრიტანეთი მხოლოდ მარეით არ იამაყებს

AutoSharing Option
პეკინის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის მოგების შემდეგ, პოლონელმა აგნიეშკა რადვანკამ 1000 ქულა მოიპოვა, რითაც გაიმყარა პოზიციები მესამე ადგილზე. სულ მალე, რადვანსკას ჩამოაკლდება შარშან, სინგაპურის ტურნირის მოგებისთვის მიღებული ქულები, ასე რომ, პეკინში გამარჯვება მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

სხვათა შორის, სერენა უილიამსამდე აგნიეშკას ათასზე ნაკლები ქულა აშორებს, მაგრამ პოლონელს წელს ამერიკელის გასწრების თეორიული შანსიც არ აქვს.

ამასობაში, ქალთა რეიტინგის TOP10-ს დებიუტანტი ჰყავს - ბრიტანელი იოჰანა კონტა. ის რამდენიმე თვე ახლოს იყო ათეულთან და, როგორც იქნა, შეძლო იქ შეღწევა.
ბრიტანეთისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან კონტა
ამ ქვეყნის პირველი ქალი ჩოგბურთელია ბოლო 32 წლის განმავლობაში, ვინც საუკეთესო ათ ჩოგბურთელს შორის შეძლო მოხვედრა! ბოლოს ეს გააკეთა ჯო დიურიმ, რომელიც დღეს კომენტატორად მუშაობს.
კონტამ ათეულიდან გამოაგდო კარლა სუარეს-ნავარო, რომელმაც ზედიზედ მეორე წელია ჩააგდო სეზონის დასკვნითი ნაწილი.

პეკინში ნახევარფინალში გასვლით, კარიერის რეკორდი დაამყარა მედისონ კისმა - მეშვიდე ადგილზე გადავიდა.

გარბინ მუგურსამ ვერ შეძლო შარშანდელი ტიტულის დაცვა. ერთი წლის წინ, ესპანელი ბრწყინვალედ გამოვიდა უჰანსა და პეკინში, წელს კი ძალიან წარუმატებელი იყო. ამიტომაც, მუგურუსა მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა, ხოლო კარიერაში პირველად მოხვდა TOP5-ში კაროლინა პლიშკოვა. ის მეორე ჩეხია ბოლო ორ წელიწადში, ვისაც დებიუტი ჰქონდა პირველ ხუთეულში. შარშან იგივე გააკეთა ლუსი საფაროვამ.

* * *
გასულ კვირას, მამაკაცებმა ტოკიოსა და პეკინში ითამაშეს. იაპონურ ტურნირში ახალგაზრდა ავსტრალიელმა ნიკ კიგიოსმა, როგორც იქნა, შეძლო უშუალოდ ჩოგბურთზე კონცენტრირება და დაძაბულ ფინალში დაამარცხა დავიდ გოფენი. ეს დაეხმარა ნიკს მისთვის სარეკორდო მე-14 ადგილზე გადასულიყო კლასიფიკაციაში.

რაფაელ ნადალმა ვერ შეძლო პეკინში შარშანდელი ფინალისთვის მოპოვებული ქულების დაცვა, რადგან მეოთხედფინალში დამარცხდა გრიგორ დიმიტროვთან. ამის გამო, ესპანელმა მეოთხე ადგილი გადაულოცა კეი ნიშიკორის, რომელმაც ტრავმის მიზეზით ვერ შეძლო ტოკიოში თამაში.

ტრავმა მიიღო მილოშ რაონიჩმა, რომელიც კვალდაკვალ მისდევს ნადალს. რაფას სეზონის ბოლოს ბევრი ქულა აქვს დასაცავი, ასე რომ, შესაძლოა, სულ მალე TOP5-შიც დაკარგოს ადგილი. რაც შეეხება რაონიჩს, მას პეკინის ნახევარფინალში გასვლა ეყო იმისთვის, რომ წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზური მოეპოვებინა.

WTA. TOP10
1(1). ანჟელიკ კერბერი (გერ) 8 390
2(2). სერენა უილიამსი (აშშ) 7 050
3(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6 145
4(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) 5 097
5(6). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 4 450
6(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 366
7(9). მედისონ კისი (აშშ) 3 687
8(7). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 3 540
9(14). იოჰანა კონტა (ბრიტ) 3 455
10(8). დ. ციბულკოვა (სლოვაკ) 3 445

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 540
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 9 845
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 910
4(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 740
5(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 730
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) 4 690
7(7). როჯერ ფედერერი (შვეიც) 3 730
8(8). გაელ მონფილსი (საფ) 3 725
9(9). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 470
10(10). დომინიკ ტიმი (ავსტრი) 3 295

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული