25 ოქტომბერს ანტალიის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) კორტებზე ორჯერ გავიდა თბილისელი სოფიო ქვაცაბაია და ორჯერვე თავაწეულმა დატოვა სარბიელი.
ერთეულებში ჩვენებური შეჯიბრების რეიტინგფავორიტია. გუშინ მან იოლად დაჯაბნა შვეიცარიელი ანდრინა პეერი - 6:3, 6:3 და მერვედფინალში დენის-ანტონელა სტოიცას (რუმინეთი) და ანასტასია პოპლავსკას (უკრაინა) შორის უძლიერესს შეხვდება.
წყვილებში ქვაცაბაია ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად მეორე ნომრადაა განთესილი. ქართულ-ბულგარულმა დუეტმა ძალების დაუძაბავად აჯობა იულია გრობლევსკისა (გერმანია) და კატერინა რომანიუტას (რუსეთი)
ანტალიის წინა ტურნირის ფინალისტებს - ქვაცაბაიას და ევტიმოვას მეოთხედფინალში მეტოქეობას გაუწევენ ალონა ფომინა (უკრაინა) და სელენ ტაკუნიაჩი (თურქეთი), რომლებმაც ელიზაბეტ დანაილოვა (ბულგარეთი) და ანასტასია პოპლავსკა (უკრაინა) ჩამოიშორეს გზიდან - 6:1, 6:3.
სოფიო შაფათავა ჩინურ ლიუჟოუს 50.000-იან ტურნირში თამაშობს. გუშინ წყვილთა სტარტზე იგი რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად მასპინძლებთან - ძიუ სანსა და ჟანლან ვეისთან დამარცხდა - 5:7, 2:6. ქართველ ჩოგბურთელს დღეს ერთეულებში ეძლევა რევანშის შანსი - პირველ წრეში კვალიფიკაციიდან აღზევებულ ჟანლან ვეის დაუპირისპირდება.
დიდ ბრიტანეთში 10.000-იან ტურნირში იასპარეზებს მარიამ ბოლქვაძე. მას განთესვით მე-4 ნომერი აქვს და დღეს მასპინძელ მანიშა ფოსტერს გამოცდის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"