დომინიკა ციბულკოვას ტიტული ორი წაგების შემდეგ

AutoSharing Option
სინგაპურში WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი სენსაციურად დასრულდა - სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ანჟელიკ კერბერი დაამარცხა და დებიუტანტის რანგში შეძლო სეზონის ბოლო ტურნირის მოგება.

ციბულკოვამ ნახევარფინალში ისე გააღწია, რომ ჯგუფში პირველი ორი შეხვედრა წააგო. ბოლო ტურის წინ, სლოვაკს მცირე შანსი რჩებოდა - მას ორ სეტში უნდა დაემარცხებინა სიმონა ჰალეპი, გარდა ამისა, ანჟელიკ კერბერს, რომელსაც უკვე განაღდებული ჰქონდა ნახევარფინალის საგზური, ასევე ორ სეტში უნდა მოეგო მედისონ კისისთვის. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა და ციბულკოვა ნახევარფინალში სვეტლანა კუზნეცოვაზე გავიდა. რუსმა ჯგუფში ორი
უმძიმესი სამსეტიანი მატჩი მოუგო აგნიეშკა რადვანსკასა და კაროლინა პლიშკოვას და პირველი ადგილი დაიკავა.

ურთიერთშეხვედრებში ციბულკოვა 5:3-ს უგებდა კუზნეცოვას, თან სლოვაკს ბოლო ხუთი შეხვედრა ზედიზედ ჰქონდა მოგებული.

პირველ სეტში ბრძოლა არ გამოვიდა. ციბულკოვამ მოიგო პირველი გეიმი თავის მოწოდებაზე, რის შემდეგაც, ზედიზედ ექვსი გეიმი რუსმა აიღო. მეორე სეტში თამაშის სურათი შეიცვალა. სლოვაკი უკეთ ათამაშდა მიღებაზე და სამჯერ გავიდა წინ ბრეიკით, აქედან ორჯერ სეტზე აწვდიდა, მაგრამ კუზნეცოვამ სამივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. და მაინც, ტაი-ბრეიკზე ინიციატივა ციბულკოვას დარჩა და ეს დაეხმარა მე-13 გეიმის მოგებაში.

ეს იმას ნიშნავდა, რომ კუზნეცოვას მეოთხე სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწევდა სინგაპურის ტურნირზე. მესამე პარტიის სტარტზე ციბულკოვა უკეთ გამოიყურებოდა და ბრეიკით წაიყვანა ანგარიში. რუსს დაღლა ეტყობოდა, მაგრამ გამონახა ძალა იმისთვის, რომ ზედიზედ ოთხი გეიმი მოეგო და თავად გასულიყო წინ. თითქოს, კუზნეცოვამ საბოლოოდ გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა, თუმცა ციბულკოვამ ბოლომდე იბრძოლა. 3:4-ზე მას მეტოქე დაეხმარა, როცა ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა, 4:4-ზე კი ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და წინ გავიდა - 5:4. მეათე გეიმში ციბულკოვამ პირველივე მატჩბოლის გამოყენება მოახერხა და კარიერაში პირველად გავიდა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში.

სლოვაკის მეტოქე ანჟელიკ კერბერისა და მოქმედი ჩემპიონის აგნიეშკა რადვანსკას მატჩში ირკვეოდა. ჯგუფურ ეტაპზე კერბერმა უმაღლესი დონის ჩოგბურთი აჩვენა და სამ თამაშში მხოლოდ ერთი სეტი წააგო. რადვანსკასაც შეეძლო თავის ჯგუფში სამივე მატჩის მოგება, მაგრამ უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა კუზნეცოვასთან, ამის გამო, ნახევარფინალში კერბერზე გავიდა და არა ციბულკოვაზე. და როგორც გაირკვა, პოლონელს გერმანელის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდა.

ორივე სეტის დასაწყისი ერთნაირი გამოვიდა - პირველ სამ გეიმში ბრეიკი ფიქსირდებოდა, რის შემდეგაც, კერბერი უმატებდა თამაშს და საბოლოოდ, ყველაფერი რადვანსკას განადგურებით დასრულდა - 6:2, 6:1.

* * *
კერბერმა 2016 წელი მეათე ნომრად დაიწყო. ამ სეზონში, გერმანელი ყველა დიდი ტურნირის ფინალში იყო, როლან გაროსის გარდა - ავსტრალიის ღიაზე, უიმბლდონზე, ოლიმპიადაზე, აშშ-ის ღიასა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე. გარდა ამისა, მან რეიტინგში ლიდერობა ჩამოართვა სერენა უილიამსს და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წელს პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებს. თუმცა, გუშინ, კერბერმა ვერ შეძლო ფანტასტიკური სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულება.

ციბულკოვამ თავის სადებიუტო შემაჯამებელზე რადვანსკას შარშანდელი გმირობა გაიმეორა, როცა სტარტზე ორი მატჩი წააგო, მაგრამ ტიტულამდე მიაღწია. სლოვაკისთვის ეს იყო მეორე დიდი ფინალი კარიერაში. პირველი 2014 წელს, ავსტრალიის ღიაზე ითამაშა და ნა ლისთან წააგო.

ეს ჩოგბურთელები მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, პირველ ტურში ჰქონდათ. მაშინ, დაძაბულ სამსეტიანი შეხვედრაში კერბერმა მოიგო. ეს იყო ერთადერთი მატჩი სინგაპურში, რომელშიც ანჟელიკმა სეტი დათმო.

ციბულკოვამ ძალიან კარგად დაიწყო ფინალი და 3:0 წაიყვანა ანგარიში. კერბერი საკმაოდ გვიან მოვიდა გონს და შეძლო დაკარგული ბრეიკის დაბრუნება, მაგრამ მეექვსე გეიმში სლოვაკმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და ისე შეინარჩუნა ეს უპირატესობა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს.

ციბულკოვამ მაღალი დონე მეორე სეტშიც შეინარჩუნა. ის ფანტასტიკურად აწვდიდა (პირველი მოწოდების სიზუსტე 83 პროცენტი ჰქონდა) და კერბერს მიღებაზე შანსი არ ჰქონდა. ამასობაში, სლოვაკმა მეშვიდე გეიმში ბრეიკი შეასრულა და 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

აქ კი ციბულკოვა ანერვიულდა. სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. მეოთხე მატჩბოლზე სლოვაკს ისევე გაუმართლა, როგორც კუზნეცოვასთან ნახევარფინალში - მისი დარტყმა ბადე მოხვდა და მეტოქის მოედანზე გადავარდა.

ციბულკოვა გახდა პირველი დებიუტანტი პეტრა კვიტოვას (2011) შემდეგ, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე გაიმარჯვა. დომინიკამ მართლაც დიდი სამუშაო ჩაატარა 2016 წელს, რომელიც 66-ე ჩოგანის რანგში დაიწყო. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ კი სლოვაკი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი გახდება.

1/2 ფინალი
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 7)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 8) 1:6, 7:6(2), 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 2) 6:2, 6:1.

ფინალი
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 7)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 1) 6:3, 6:4.

მარეის მეშვიდე ტიტული
ბრიტანელმა ენდი მარეიმ გუშინ, ვენის ტურნირის ფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა - 6:3, 7:6, რითაც სეზონში მეშვიდე და კარიერაში 42-ე ტიტული მოიპოვა.

29 წლის ბრიტანელმა პირველ მოიგო ერთ სეზონში ექვს ტურნირზე მეტი და გაუთანაბრდა წლევანდელ ლიდერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს.

გარდა ამისა, მარეიმ მიიღო შანსი - ერთი კვირის შემდეგ სათავეში ჩაუდგეს მსოფლიოს რეიტინგს. ამ კვირას, ენდი და ჯოკოვიჩი პარიზის "მასტერსზე" ითამაშებენ. მარეის კლასიფიკაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად შემდეგი პირობების შესრულება სჭირდება:

1. მოიგოს ტიტული, ოღონდ ფინალში არ უნდა დაამარცხოს ჯოკოვიჩი.

2. მივიდეს ფინალამდე იმ პირობით, რომ ჯოკოვიჩი ნახევარფინალამდე ვერ მიაღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული