ქართულ-რუსულმა დუეტმა ნახევარფინალში ასპარეზობის მეორე ნომერ ტაივანელებს - ჩინ-ვენ ჰსუსა და პეი-ჩი ლიის მოუგო - 6:4, 6:3 და ფინალში გავიდა. შაფათავა და გაბუევა გადამწყვეტ პაექრობაში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ჟაკლინ საკოსა (აშშ) და ალექსანდრინა ნაიდენოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდნენ.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეწყვილესთან ერთად პირველი ხელი მოიგო - 6:3, მაგრამ შემდეგ ორი სეტი დათმო - 4:6, 6:10 და მეორე ადგილს დასჯერდა.
* * *
ინგლისური შეფილდის 10.000-იან ტურნირში მესამე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე მეოთხედფინალში ასპარეზობის მე-6 ნომერ ჩეხ პეტრა კრეიშოვასთან ვერას გახდა - 4:6, 1:6 დამარცხდა. ჩეხმა ჩოგბურთელმა მომდევნო ორი ორთაბრძოლაც მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. * * *
გიორგი ცივაძემ შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) 10.000-იან ვაჟთა ტურნირის წყვილთა პაექრობაში რომან ხასანოვთან (ყაზახეთი) ერთად ნახევარფინალს უწია: ჯერ შვეიცარიელებს - მარტინესსა და როსიერს სძლია, მერე მათს გზას გაუყენა ინდოელები - ბჰატია და სუნიში, ნახევარფინალში კი იური ჯავაკიანისა (უკრაინა) და დენის ევსეევის (ყაზახეთი) ტანდემს ვერ გაუმკლავდა - 6:7, 3:6 წააგო. * * *
ახალგაზრდა ჩოგბურთელთა ფუჯაირახის თასი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გათამაშდა. ქართველთაგან ზურა ტყემალაძემ წყვილებში ეგვიპტელ ადამ გაბერთან ერთად იასპარეზა - ნახევარფინალში რეიტინგფავორიტებს - ანდრეუ პაულსონსა და დალიბორ სვრჩინას (ორივე-ჩეხეთი) სძლია - 6:3, 6:7, 11:9, გადამწყვეტ პაექრობაში კი მეორე ნომრებთან - მერთ ალქაიასა და ბორა სენგულთან (ორივე-თურქეთი) დამარცხდა - 1:6, 2:6. ზურა ტყემალაძე, ასევე, თბილისელი ჩოგბურთელები - მარიამ დალაქიშვილი და ნინო ნასიბიანი დუბაის ტურნირში ჩაებმებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"