სოფიო შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ ანკარაში პირველი ბრძოლები მოიგეს

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები კარგა ხანია, კორტებზე არ გამოჩენილან. ჩვენი ქალთა ნაკრების ლიდერი სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ტრავმებს იშუშებდნენ.

20 დეკემბერს ისინი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩოგბურთელ მანდილოსანთა 50.000-იან ტურნირში ჩაებნენ და პირველი ბარიერი იოლად გადალახეს. შაფათავამ ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3 და მერვედფინალში მეორე ნომრად განთესილ ელიზა კოსტოვას შეხვდება.

26 წლის ბულგარელმა სტარტზე დაძაბულ პაექრობაში თანამემამულე ალექსანდრინა ნაიდენოვა დაამარცხა - 6:7, 7:5, 7:5.

კოსტოვა რეიტინგით 139-ე ადგილზეა, 27 წლის შაფათავას 232-ე საფეხური უკავია. ისინი აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს.
2014 წელს ბოგოტაში (კოლუმბია) 100.000-იან ტურნირზე ბულგარელმა ჩვენებურს 6:3, 6:2 სძლია, შარშან უნგრეთში კი, ფედერაციის თასზე ბულგარელმა 6:3, 7:6 გაიმარჯვა. ქართველ ჩოგბურთელს რევანში აქვს ასაღები.

ეკატერინე გორგოძემ ანკარაში გუშინ ერთეულთა თანრიგის პირველი შეხვედრა ხორვატ ანა ვრლიჩს მოუგო - 6:3, 6:2. მეორე წრეში მეტოქედ ასპარეზობის რეიტინგფავორიტი არინა საბალენკა (ბელორუსი) ეყოლება.

სლავმა ჩოგბურთელმა მასპინძელ სელინ ოვუნჩს სძლია - 6:2, 6:2.

გორგოძემ გუშინვე წყვილებშიც მოსინჯა ძალები - უკრაინელ ალონა ფომინასთან ერთად თურქებს - ბერკუ ჩენჯიზსა და სელინ ოვუნჩს მოუგო - 6:3, 6:3. ქართულ-უკრაინული დუეტი მეოთხედფინალშიც მასპინძლებთან - მეოთხე ნომრად განთესილ მელის სეზერსა და იპეკ სოილუსთან გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული