20 დეკემბერს ისინი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩოგბურთელ მანდილოსანთა 50.000-იან ტურნირში ჩაებნენ და პირველი ბარიერი იოლად გადალახეს. შაფათავამ ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3 და მერვედფინალში მეორე ნომრად განთესილ ელიზა კოსტოვას შეხვდება.
26 წლის ბულგარელმა სტარტზე დაძაბულ პაექრობაში თანამემამულე ალექსანდრინა ნაიდენოვა დაამარცხა - 6:7, 7:5, 7:5.
კოსტოვა რეიტინგით 139-ე ადგილზეა, 27 წლის შაფათავას 232-ე საფეხური უკავია. ისინი აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს.
ეკატერინე გორგოძემ ანკარაში გუშინ ერთეულთა თანრიგის პირველი შეხვედრა ხორვატ ანა ვრლიჩს მოუგო - 6:3, 6:2. მეორე წრეში მეტოქედ ასპარეზობის რეიტინგფავორიტი არინა საბალენკა (ბელორუსი) ეყოლება.
სლავმა ჩოგბურთელმა მასპინძელ სელინ ოვუნჩს სძლია - 6:2, 6:2.
გორგოძემ გუშინვე წყვილებშიც მოსინჯა ძალები - უკრაინელ ალონა ფომინასთან ერთად თურქებს - ბერკუ ჩენჯიზსა და სელინ ოვუნჩს მოუგო - 6:3, 6:3. ქართულ-უკრაინული დუეტი მეოთხედფინალშიც მასპინძლებთან - მეოთხე ნომრად განთესილ მელის სეზერსა და იპეკ სოილუსთან გაარკვევს ურთიერთობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"