ტურნირის მეორე დღეს ყველაზე გრძელი დისტანცია - 1500 მეტრი ავსტრალიელმა დევიდ მაკოენმა დამაჯერებლად მოიგო - მან უახლოეს მდევარს იუმა კოსაკას 15 წამი მოუგო. დევიდის წარმატება მისმა უმცროსმა დამ - ემამ გაიმეორა. სხვათა შორის ის ძმისგან განსხვავებით, სპრინტერულ დისტანციებზე სპეციალიზდება. შარშან, ემამ ოთხი მედალი მოიგო იუნიორთა ოლიმპიადაზე, რომელიც სწორედ სინგაპურში გაიმართა. ახლა
ამავე დისტანციაზე აღსანიშნავია ლისბეტ ტრიკეტის გამოსლა, რომლისთვისაც იან ტორპის მსგავსად, ეს იყო მისი პირველი საერთაშორისო ტურნირი კარიერის განახლების შემდეგ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეხუთე შედეგი აჩვენა.
საინტერესო ბრძოლა იყო ორ ავსტრალიელს შორის მამაკაცთა ბრასში. ბრენტონ რიკარდი ყველაზე ტიტულოვანი მოცურავეა ამ სტილში, მაგრამ პარასკევს ორჯერ წააგო თავის თანამემამულესთან კრისტიან სპრენგერთან - თავიდან ოქრო 50 მეტრზე და შემდეგ ბრინჯაო 200 მეტრზე. საყვარელი ასმეტრიანი დისტანცია რიკარდის ბოლო იმედი იყო, მაგრამ აქაც ჩამორჩა ახალგაზრდა სპრენგერს. ბრენტონი 75 მეტრის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ფინიშზე უკეთ კრისტიანმა იმუშავა და რიკარდს სამი მეასედი მოუგო.
მსოფლიოს თასის ეტაპებზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა ავსტრალიელმა გულაღმა მოცურავემ რეიჩელ გომ. წინა დღეს მან დაადასტურა მაღალი კლასი 50 მეტრზე - ეს დისტანცია მან ზედიზედ მეოთხედ მოიგო, შაბათს კი წარმატებას მიაღწია ორჯერ გრძელ დისტანციაზე. სულ კი ავსტრალიის ნაკრებმა სინგაპურში 12 ოქროს, 16 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თუმცა ავსტრალიელების რამდენიმე მოულოდნელი მარცხიც ვიხილეთ. ასე მაგალითად, 200 მეტრზე ბატერფლაიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ჯესიკა შიპერმა ამ დისტანციაზე სამეულშიც შესვლაც ვერ შეძლო, არადა, სამი მეოთხედი ლიდერთა შორის იყო. ხოლო მამაკაცებს შორის 50 მეტრზე თავისუფალში რამდენიმე ძლიერი ავსტრალიელი გამოდიოდა - კაილ რიჩარდსონი, მეტ ებოდი, იმონ სალივანი, მაგრამ გამარჯვება ჩინელმა ლუ ჟივუმ მოიპოვა.
რაც შეეხება იან ტორპს, ის ამჯერად ვერ ვიხილეთ ფინალურ გაცურვებში - ლეგენდარულმა ავსტრალიელმა 100 ბატერფლაის ფინალში გასვლა ვერ შეძლო.
სამხრეთაფრიკელმა ჩად ლე კლომ, ისევე როგორც დუბაიში, აქაც ექვსი ოქრო მოიპოვა! თუმცა შაბათს სამი გამარჯვება რთულ ბრძოლაში იქნა მოპოვებული. 200 მეტრზე კროლში ლე კლოსთვის კონკურენციის გაწევა სცადა ავსტრალიელმა კემერონ მაკივოიმ, მაგრამ ბოლო 25 მეტრი ჩადს დარჩა. კომპლექსურში ლე კლო ბოლო სახეობის წინ შვიდ მეათედს აგებდა კოსუკე ჰაგინოსთან, მაგრამ აქაც ფინიში უკეთ გამოუვიდა. დაბოლოს, 100 მეტრზე ბატერფლაიში ლე კლო ისევ დაეწია კონკურენებს და კენიელი ჯეისონ დანფორდის ბრწყინვალე სასტარტო გარღვევის მიუხედავად, მაინც პირველი მივიდა ფინიშთან.
სინგაპურის შემდეგ ჩადის მონაგარმა ამ სეზონში 16 გამარჯვებას მიაღწია მსოფლიოს თასის ეტაპებზე. თანაც მან საუკეთესო შედეგი აჩვენა ამ ტურნირზე და საერთო ჩათვლაში ლიდერობა გაიმყარა. ის უახლოეს მდევარ ჰიდემასუ სანოს 41 ქულით უსწრებს.
ქალებს შორის ბრძოლა უფრო დაძაბულია - ალშამარმა ხუთი ეტაპის შემდეგ 70 ქულა დააგროვა და გაუთანაბრდა მისი ფრანკლინს. მაგრამ ეს უკანასკნელი, ალბათ, არ გამოვა ჩინეთსა და ტოკიოში დასკვნით ორ ეტაპზე, ამიტომაც შვედს დიდი შანსი აქვს გაიმეოროს შარშანდელი შედეგი, როცა მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"