17 წლის ყმაწვილი ბედისწერას არ დანებდა. მას შემდეგ 12 წელიწადი გავიდა. ბუნებით დაუდგრომელმა ოჯახის წევრებისა და ახლობლების დახმარებით ხან რა სცადა, ხან - რა.
ბოლოს ცურვაში იპოვა მოწოდება: 2010 წელს საწყლოსნო კომპლექს "ლაგუნა ვერეზე" დაიწყო ვარჯიში ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით.
"მახსოვს, თვაურების ახლო ნათესავმა ომარ ტონიამ მიამბო ნიკას ამბავი და მითხრა - ბიჭს ცურვაში ვარჯიში უნდა და ხელს თუ შეუწყობთო. აბა, უარს როგორ ვეტყოდი.
ჰენრი კუპრაშვილი მონდომებით
მასწავლებლისა და შეგირდის თავდადებულმა გარჯამ მალე შედეგი გამოიღო: შარშან თურქეთში შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიკა თვაურს 50 მეტრზე ბრასით ცურვაში ბრინჯაოს მედალი ერგო.
და აი, ახალი წარმატება: შეზღუდული შესაძლებლობების მოცურავეთა იტალიის ღია ჩემპიონატზე, რომელიც 2012 წლის ლონდონის პარალიმპური თამაშების სალიცენზიო ტურნირიც იყო, ნიკამ ბრასით 50 მეტრი 42,48-ში გაცურა და ოქროს მედალი მოიპოვა, 100 მეტრზე კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
- ამაყი ვიყავი, დაჯილდოებისას კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვიდექი და ყველაზე მაღლა ჩემი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა რომ ფრიალებდა.
მართალია, დროშას მე ვერ ვხედავდი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პარალიმპური კომიტეტის გენერალური მდივანი გიორგი წასიძე და მწვრთნელი ედიშერ ტურაბელიძე მიხსნიდნენ ყველაფერს. - მითხრა იტალიიდან დაბრუნებულმა ნიკამ. - 50 მეტრზე შეჯიბრებისას ფინალის მონაწილეებმა სტარტი, სურვილისამებრ, წყლიდან აიღეს. ერთადერთი მე ვიდექი ტუმბოზე და, ალბათ, ეს იყო ჩემი უპირატესობა, რომ ფინიშთან პირველი ვიყავი. სამი საათის შემდეგ 100 მეტრზე შეჯიბრებისთვის გამომიძახეს. ამ დისტანციაზე მოასპარეზეთაგან მხოლოდ მე გავცურე 50 მეტრი.
საბოლოოდ 1.34,81-ით მესამე ადგილი დავიკავე და პარალიმპური თამაშების ლიცენზიამდე 8,8 წამი დამაკლდა.
ყოველივეს მიუხედავად, კმაყოფილი ვარ, შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი იტალიაში 16 წამით გავაუმჯობესე, რაც საცურაო აუზების - "ლაგუნა ვერეს", "ოლიმპიკისა" და "არენას" ხელმძღვანელთა, ჰენრი კუპრაშვილისა და ახლანდელი მწვრთნელების - ზურაბ ხომასურიძისა და ედიშერ ტურაბელიძის დამსახურებაა.
საქართველოს პარალიმპურმა კომიტეტმა, სპორტის სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთეს, რომ იტალიაში მედლებისა და ლიცენზიისთვის მებრძოლა. მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ.
მომავალი კვირიდან საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხომასურიძე წვრთნის ახალ პროგრამას შემიდგენს, რომლითაც მასთან და ედიშერ ტურაბელიძესთან ერთად შევუდგები ვარჯიშს, ალბათ, "ლაგუნა ვერეზე" და ახალი მიღწევებისთვის ყველაფერს ვიღონებ...
ლევან ოდიშარია, საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი: ნეაპოლში 11 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ მედლებისა და ლონდონის საგზურებისთვის.
ნიკა თვაურმა ორივე დისტანციაზე შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენა. მართალი გითხრათ, შედეგების ამგვარ გაუმჯობესებას ნამდვილად არ ველოდით. მან ეს თავდადებული გარჯითა და შეუპოვრობით მოახერხა. ასეთი მოტივირებული ადამიანი ცხოვრებაში იშვიათად მინახავს. წარმატებებსაც ამიტომ აღწევს.
გულდასაწყვეტია, რომ სალიცენზიო ნორმატივი ვერ შეასრულა, მაგრამ ლონდონში წასვლის შანსი ჯერ კიდევ რჩება: ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე გავუგზავნე თხოვნა და განაცხადი, რომ თვაურის საკითხი განიხილონ.
პარალიმპურ თამაშებზე, საერთოდ, მოცურავეთა მცირე რაოდენობა ჰყავთ. ამიტომ შესაძლებელია, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა და ნიკა ბრიტანეთის დედაქალაქში გაემგზავროს. პასუხს ივნისის შუა რიცხვებისთვის ველით. ღმერთმა ქნას, ის დადებითი აღმოჩნდეს. ხვედრს შეურიგებელი ნიკა თვაური პარალიმპურ თამაშებზე გამოსვლას იმსახურებს.
"ხვედრს დაუმორჩილებელი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"