რეკორდებით, მედლებით, მაგრამ ულიცენზიოდ

AutoSharing Option
წლეულს, ივლისში ბარსელონა მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ჩვენებურთაგან ამ შეჯიბრების ლიცენზია შარშან ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ირაკლი ბოლქვაძემ მოიპოვა, რითაც კატალონიის დედაქალაქში სამი მოცურავით გამგზავრების უფლებაც მივიღეთ.

საგულისხმოა, რომ ქართველ სპორტსმენს მაშინ 200 მეტრზე ბრასით ცურვაში ბრინჯაოს მედალი ერგო და ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც დაიმსახურა.

ბარსელონას მეორე ლიცენზიის მოპოვებას ჩვენი სპორტსმენები პრაღის საერთაშორისო ტურნირზე ცდილობდნენ.

ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით, ჩეხეთის დედაქალაქში ოთხმა მოცურავემ იასპარეზა და შვიდი მედალი მოიხვეჭა, თუმცა იქ ნაჩვენები შედეგები ლიცენზიისთვის საკმარისი არ გამოდგა.

ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე ბრასით (2.20,37) პირველი
იყო ფინიშთან და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა.

მასვე 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში (2.06,41) ვერცხლის მედალი ერგო. სპეციალისტები მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზიას ირაკლი რევიშვილისგან ელოდნენ.

გამოცდილი სპორტსმენიც ახლოს იყო მიზანთან - 200 მეტრი თავისუფალი ყაიდით 1.53,49-ში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ლიცენზიამდე 1,28 წამი დააკლდა. 400 მეტრზე ამავე ყაიდით მესამეზე გავიდა.

დავით სიხარულიძემ 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ დისტანციაზე 51,64 წამი საქართველოს ახალი მიღწევაა.

სიხარულიძემ ათიოდე დღის წინათ დამყარებული ქვეყნის თავისივე რეკორდი 50 მეტრზეც გააუმჯობესა, მაგრამ ეს შედეგი (23,85) საპრიზო ადგილისთვის არ ეყო.

საქართველოს დელეგაციას ორი ბრინჯაოს მედალი თეიმურაზ კობახიძემ შესძინა: 50 (25,54) და 200 (2.05,69) მეტრზე ბატერფლაით მან მესამე ადგილები დაიკავა.

რადგანაც მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ტურნირების ლიმიტი ამოიწურა, უკვე ცნობილია, რომ ბარსელონაში გასამგზავრებლად ირაკლი ბოლქვაძე, ირაკლი რევიშვილი და დავით სიხარულიძე მოემზადებიან.

რაც შეეხება თეიმურაზ კობახიძეს, მას 10 ივლისიდან ახალგაზრდებში კონტინენტის პირველობაზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ იმ პერიოდს ეროვნული გამოცდები ემთხვევა და კობახიძეც ევროპას გამოტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული