შოთა მიშველიძის მცირე ბრინჯაო

AutoSharing Option
ჩეხანოვოში (პოლონეთი) ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე გუშინ 62 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძალოსანმა ვაჟებმა იასპარეზეს.

თხუთმეტ მონაწილეს შორის იყო მსგავსი შეჯიბრების შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი (ოღონდ 56 კილოში) შოთა მიშველიძე (ქუთაისი). იგი შემართებით ჩაება საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში. ატაცში ჯერ 107, შემდეგ კი 111 და 114 კილოგრამი დაძლია, რაც საბოლოოდ მესამე შედეგი აღმოჩნდა და ჩვენებურს მცირე ბრინჯაოს მედალი ერგო.

ქუთაისელ ძალოსანს ხუთ-ხუთი კილოთი გაუსწრეს და პირველი-მეორე ადგილები გაინაწილეს რუმინელმა ფლორინ კატალინ ბეჯენარიუმ და ბელარუსმა არტსიომ შანაუმ. კარპატელი პირადი წონით ნაკლები (340 გრამით) აღმოჩნდა და
მცირე ოქროს ერგო.

მიშველიძემ აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა - 126, 131 და 135 კილო (სხვათა შორის, ერთი თვის წინათ საქართველოს ლიგის გათამაშებაზე შოთამ თავისი საუკეთესო შედეგები აჩვენა - 110 და 130 კილოგრამი, რომლებიც ევროპის პირველობაზე, შესაბამისად, 4 და 5 კილოთი გააუმჯობესა), რაც საპრიზო ადგილებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა:

აზერბაიჯანელმა ელხან ალიგულიზადემ 146-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და მცირე ოქროსთან ერთად ორჭიდში 258 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მიშველიძე 249 კილოთი მე-4 ადგილზე გავიდა. ორჭიდში 264-264 კილოგრამით კვარცხლბეკის პირველი-მეორე საფეხურები, შესაბამისად, ბეჯენარიუმ და შანაუმ გაინაწილეს. აკვრაში მცირე ვერცხლი და ბრინჯაოც (145-145 კგ.) მათ ერგოთ ასეთივე თანმიმდევრობით.

დღეს ჩეხანოვოში 69 კილოგრამი წონითი კატეგორიის 24 სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს. ქართველთაგან ფიცარნაგზე გავლენ შარშანდელი მსგავსი შეჯიბრების მონაწილე ჩაქველი ჯაბა ჩიბურდანიძე (რომელსაც თავისი მონაცემებით საპრიზო ადგილების დაკავება შეუძლია) და ევროპის პირველობის ზუგდიდელი დებიუტანტი ბაჩანა ქუხილავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული