თბილისი აპრილში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

AutoSharing Option
წლეულს, 11-18 აპრილს თბილისი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს დედაქალაქს 45 ქვეყნის 400-ზე მეტი ათლეტი ეწვევა. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გადასცემს კონტინენტის უდიდესი სპორტული ტელეარხი "ევროსპორტი", რომელიც მსოფლიოს 54 ქვეყანაში მაუწყებლობს.

მოახლოებულ შეჯიბრებასთან დაკავშირებით, 26 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის - "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენცია გაიმართა.

ჩემპიონატის მნიშვნელობაზე, საორგანიზაციო საკითხებსა და სამოქმედო გეგმებზე ილაპარაკეს შეჯიბრების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბოქოლიშვილმა, საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა ირაკლი მეძმარიაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრმა ლევან ყიფიანმა, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიაშვილმა, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - რაფაელ ჩიმიშკიანი და საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იურიკ ვარდანიანი; ასევე, ძალოსნობის ფედერაციის უხუცესი წევრი შოთა ბუაძე, რომელსაც 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სეოკ-ის მედალი და ფულადი ჯილდო გადასცა.

იუბილარს ფულადი ჯილდო ერგო ძალოსნობის ფედერაციისგანაც, სპორტის სამინისტრო კი სპორტის რაინდის წოდებას მიანიჭებს.

კახი კახიაშვილი: "წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უპირველესად, ცხადია, მას მაღალ დონეზე უნდა ვუმასპინძლოთ, თანაც კონკურენტუნარიანი გუნდით წარვდგეთ, რადგან 2015-16 წლების ევროპის ჩემპიონატები "რიო 2016"-ისთვის სალიცენზიო ქულებს იძლევა.

საორგანიზაციო კომიტეტს ერთი თვის წინათ ჩავუდექი სათავეში. ბევრი პრობლემა უკვე მოგვარებულია. ჩემპიონატისთვის "ელიკოს" ფირმის ინვენტარი შევიძინეთ, კერძოდ, შტანგების 85 კომპლექტი, რომლებისთვისაც ფირმას 200.000 ლარი დავაკლებინეთ.

ამასთანავე, ფირმამ გვაჩუქა შტანგების ხუთი კომპლექტი, ხოლო ოლიმპიურ ჩემპიონებს - რაფაელ ვარდანიანს, გიორგი ასანიძესა და მე სახელობითი ინვენტარი გამოგვიგზავნა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც თბილისისა და დუშეთის ოლიმპიურ ბაზებს, ასევე რეგიონებს თანამედროვე ინვენტარით უზრუნველვყოფთ.

ჩემპიონატის შემდეგ დაგვრჩება ელექტრონული სისტემა, შევიძენთ გამოცდილებას და სხვა დროსაც შეგვეძლება, ნებისმიერი რანგის შეჯიბრებას ვუმასპინძლოთ, არ არის გამორიცხული - 2016 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს.

- ძალოსნობის ფედერაციის ყრილობაზე რას იტყვით?
- ახლა მთელი ძალები ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისკენ გვაქვს მიმართული. შეჯიბრების შემდეგ მშვიდ გარემოში ჩავატარებთ საარჩევნო ყრილობას. პრეზიდიუმის ბოლო სხდომაზე განვაცხადე და განცხადებაც დავწერე, რომ პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრი.

ლევან ყიფიანი: "ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი რანგის ჩემპიონატის მასპინძლობა, რაც კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძის დამსახურებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ევროპის 45 ქვეყნიდან 1000-მდე სტუმარი გვეყოლება და უკმაყოფილო არავინ უნდა დაგვრჩეს. დარწმუნებული ვარ, ამ შეჯიბრების ჩატარებას საქართველოში ძალოსნობის პოპულარიზაცია მოჰყვება".

იურიკ ვარდანიანი: "მესიამოვნა, რომ შევიტყვე, ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართებოდა. ცხადია, აუცილებლად დავესწრები. ასპარეზობის ორგანიზატორებს ვუთხარი, რითაც შემეძლება, დავეხმარები, რათა ამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ორგანიზაციის მხრივ, ბევრი რამ არის გაკეთებული. საქართველოს სტუმარ-მასპინძლობა არ ეშლება. ისღა დამრჩენია, ჩემპიონატზე ქართველ და სომეხ ძალოსნებს წარმატებები ვუსურვო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გისურვებთ წარმატებებს
პაატა
12:29 04-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული