თბილისმა, შესაძლოა, ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლოს

AutoSharing Option
14 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში, ევროპის ჩემპიონატის მორიგი ორთაბრძოლების დაწყებამდე, ასპარეზობის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს.

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებს აუწყა, რომ ასპარეზობის სამმა დღემ ნორმალურ სიტუაციაში ჩაიარა. შეჯიბრების ორგანიზაციით კმაყოფილნი არიან ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების მესვეურები, სტუმრები, ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, არბიტრები.

"ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ევროპის ამ ჩემპიონატმა შემდგომი ბიძგი მისცეს საქართველოში ძალოსნობის განვითარება-პოპულარიზაციას. უმაღლეს ეშელონებში უკვე არის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ორ-სამ წელიწადში თბილისმა ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. არ არის გამორიცხული უფროსებშიც მსგავსი შეჯიბრების გამართვის
პატივიც გვერგოს", - აღნიშნა კახი კახიაშვილმა, რომელმაც წარმატება მიულოცა 17-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის ვერცხლისპრიზიორ რევაზ დავითაძესა და მის მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას, რომლებიც პრესკონფერენციას ესწრებოდნენ.

ირაკლი მეძმარიაშვილი, ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი:

"ასპარეზობის პირველი დღიდან შეჯიბრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის სტუმრებისგან სამადლობელი სიტყვები არ მოგვკლებია. მეამაყება, რომ ჩემს ქვეყანას უცხოელები მაღალ შეფასებას აძლევენ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს საამისოდ ძალ-ღონე არ დაგვიზოგავს. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ გულშემატკივრებსაც მეტი ენთუზიაზმი მართებთ, რადგან ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება ერის ღირსების საქმეცაა".

გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ის ადამიანები, ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებაში საკუთარი წვლილი რომ შეიტანეს. ამ მაჟორულ სიტუაციაში ჩვენმა სპორტსმენებმაც უნდა თქვან თავიანთი სიტყვა. ასპარეზობის პირველ დღეს, მართალი გითხრათ, მედალს ველოდით 56 კილოში რამინ შამილიშვილისგან. ეს ახალგაზრდა სპორტსმენი სტაბილურად გამოდიოდა 62 კილოში, მაგრამ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, წონა დაიკლო. ეტყობა, ამ ფაქტმა და ასეთ დიდ შეჯიბრებაზე საკუთარი გულშემატკივრების წინ დებიუტმა მასზე უარყოფითად იმოქმედა. დარწმუნებული ვარ, სხვა შეჯიბრებებში იგი აუცილებლად გვასახელებს.

15 და 16 აპრილს ფიცარნაგზე საქართველოს ქალთა ძალოსნობის პირველი მერცხლები - თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) და სოფიო მუქათარიძე (69) მოსინჯავენ ძალებს. 17 აპრილს ნიკა ნანაძე გამოვა საასპარეზოდ, ხოლო 18 აპრილს ერთბაშად ოთხი ქართველი ათლეტი ჩაებმება მედლებისთვის ბრძოლაში. ესენი არიან: დავით გოგია, გია მაჭავარიანი (ორივე - 105 კგ), გიორგი ჩხეიძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე - მძიმე წონა). გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, ჩემპიონატის ბოლო დღეს ორი მედალი მაინც უნდა მოვიპოვოთ. ამ ტურნირის შემდეგ ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობისათვის მოვემზადებით. ეს შეჯიბრება კი 6-13 ივნისს პოლონურ ვროცლავში გაიმართება, სადაც 5-6 ძალოსანს წავიყვანთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული