თითოეულ ათლეტს თავისი გუნდისთვის სოლიდური ქულების მოტანა შეუძლია დაკავებული ადგილების მიხედვით. ამიტომაც ჩვენი ქვეყნის ნაკრები, რომელიც წინა მსოფლიოს ჩემპიონატში მოპოვებული ქულებით ორი ლიცენზიის ზონაშია, ოკეანის გაღმა რვა სპორტსმენით გაემგზავრა.
ესენი არიან: რამინ შამილიშვილი (62 კგ, 23-წლამდელებში 2015
გიორგი ასანიძე: "ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სერიოზულად მოვემზადეთ: ორი შეკრება ბაზალეთზე მოვაწყვეთ, ერთიც - დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე. ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. თითოეულმა სპორტსმენმა თავისი შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესა, განსაკუთრებით, ეს საჩხერეში გამართულ შეჯიბრებაზე გამოჩნდა.
მაგალითად, ლაშა ტალახაძემ საქართველოს რვა რეკორდი დაამყარა, აიტაცა 207 და აკრა 248 კილოგრამი. იგი გამორჩეული ტალანტია და გვჯერა, რომ ჰიუსტონში მედლისთვის იბრძოლებს, თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა.
მოგეხსენებათ, მას დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ოფიციალურად ფიცარნაგს ერთი თვის წინ დაუბრუნდა. ცხადია, ლაშას ვარჯიში არასდროს შეუწყვეტია. საბედნიეროდ, დღეს იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ველოდით. უფრო მეტიც შეუძლია, ვიდრე საჩხერეში ნაჩვენები შედეგებია. გულდამშვიდებულნი რომ ვყოფილიყავით, კიოლნის ლაბორატორიაშიც ჩავაბარეთ ლაშას მონაცემები და დღეისთვის დოპინგის არავითარი კვალი არ ჩანს.
ეს კარგია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, დავით გოგიამ მშვიდად იასპარეზა, მაგრამ შემდეგ, რატომღაც, კიოლნის ლაბორატორიამ დოპინგი აღმოუჩინა. ამ საკითხზე მაშინვე შევიტანეთ საჩივრები საერთაშორისო ფედერაციაში. იმედია, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყდება. სხვათა შორის, იმ ჩემპიონატზე გამოჭერილ ყველა სპორტსმენს მისცეს დისკვალიფიკაცია, გოგიას გარდა. როგორც ჩანს, ჩვენი არგუმენტები მისაღები და გასათვალისწინებელია, ამიტომაც ვერ გამოაქვთ საბოლოო ვერდიქტი...
ირაკლი თურმანიძემ წლეულს ევროპის ჩემპიონობით გაგვახარა. დიდი ოსტატია და მსოფლიოს ჩემპიონატზეც მისგან მაღალ შედეგებს, სოლიდურ სალიცენზიო ქულებს ველით.
რაულ ცირეკიძე და გია მაჭავარიანი გამოცდილი ათლეტები არიან, ტრავმები მოიშუშეს და ახლა უკეთ გრძნობენ თავს. იმედია, ისინიც, როგორც ახალგაზრდები, სათანადო ქულებით შეეწევიან ნაკრებს, რომ რიოში გასამგზავრებლად სამი ლიცენზია დავიბევოთ..."
18 ნოემბერს, საღამოს გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2016 წელს ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"