ძალოსნობა: რიოს ოლიმპიადაზე სამი ლიცენზიით

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსანთა (ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი) ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის - გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, წარმატებით იასპარეზა ჰიუსტონში, მსოფლიოს ჩემპიონატზე - ჩვენმა ათლეტებმა სამი მედალი და რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სამი საგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ სამივე მედალი სახელოვანი ძალოსნის - კობა ტალახაძის ვაჟმა ლაშა ტალახაძემ (+105) დაიმსახურა. ატაცში მან 207 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა, აკვრაში 247 კილოთი მესამე იყო, ხოლო ორჭიდში 454 კილოგრამით ვერცხლის მედალი ერგო. ახალგაზრდა სპორტსმენმა საკუთარ გუნდს სოლიდური სალიცენზიო ქულები მოუტანა.

მძიმე წონაში კარგად გამოვიდა ევროპის 2015 წლის
ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე. მან ორჭიდში 422 კილოს მოუყარა თავი და მე-12 ადგილს დასჯერდა. თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ თურმანიძემ 202 კილო აიტაცა და ამ მოძრაობაში ბრინჯაოსპრიზიორს მხოლოდ კილოგრამით ჩამორჩა და მეოთხე ადგილი იკმარა.

ტალახაძისა და თურმანიძის გარდა, ნაკრებს სალიცენზიო ქულები კიდევ 18 წლის გიორგი ჩხეიძემ, გია მაჭავარიანმა, რაულ ცირეკიძემ და გიორგი ლომთაძემ შესძინეს.

ევროპის ექსჩემპიონი ცირეკიძე ამჯერად 94 კილოში გამოდიოდა. ორჭიდში მან 356 (160+196) კილოგრამით მე-20 ადგილი დაიკავა. 77 კილოში 331 კილოგრამით (149+182) გიორგი ლომთაძე 24-ე იყო. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში 18 წლის გიორგი ჩხეიძე 375 კილოგრამით (168+207) მე-17 ადგილზე გავიდა. ამავე წონაში გია მაჭავარიანს 356 (160+196) კილოგრამით 25-ე ადგილისთვის ეყო. შოთა მიშველიძე 69 კილოში (140+169) 27-ე აღმოჩნდა.

ქალთა ტურნირში ძალებს ცდიდნენ ანასტასია გოტფრიდი (+75) და 22 წლის თათია ლორთქიფანიძე (63). ამ უკანასკნელმა 79 კილო აიტაცა, 95 კილო აკრა და ორჭიდში 174 კილოგრამით 33-ე იყო. ანასტასია გოტფრიდმა (მძიმე წონა) 263 კილო (121+142) დაძლია, მე-12 ადგილზე გავიდა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქომაგები, რომ ინდივიდუალურში ლიცენზიის მოპოვების შანსი აქვს.

ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონატს წინ უძღვოდა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, რომელზეც გადაწყდა, რომ ახალგაზრდა ძალოსანთა 2016 წლის მსოფლიოს პირველობას თბილისი უმასპინძლებს.

მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძალოსნებს 2 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე შეხვდნენ. სტუმარ-მასპინძლებმა ამერიკულ ბატალიებსა და ძალოსნობის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული