ფიცარნაგზე დავა რეკორდით დაგვირგვინდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა საჩხერელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ წლეულს ვალენსიაში ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე ორჭიდში 345 კგ (158+187) მოაგროვა და ოქროს მედალიც დაიმსახურა. 16 წლის სპორტსმენმა გუშინ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც მოსინჯა ძალები და მეორე ადგილი დაიკავა. ორჭიდში მან 348 კილოგრამი (160+188) დაძლია, რითაც თანატოლებში საქართველოს რეკორდი დაამყარა. კობა ტალახაძის ვაჟი წლეულს აგვისტოში სინგაპურში მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იგი იქაც მედლის რეალური კანდიდატი იქნება.

ეროვნული ჩემპიონატი კი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზში სამ დღეს მიმდინარეობდა. განსაკუთრებით
ახალგაზრდებმა იყოჩაღეს. 56 კილოში წლევანდელი ევროპის პირველობის მესამე პრიზიორმა შოთა მიშველაძემ ამჯერად 62 კილოში იასპარეზა და პირველობაც არავის დაუთმო. მსგავს წარმატებას მიაღწია ჭაბუკებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონმა გიორგი ლომთაძემ, რომელმაც ერთი წონით მაღლა აინაცვლა და კონტინენტის პირველობაზე ნაჩვენები შედეგიც 14 კილოგრამით გააუმჯობესა.

კარგად დაიწყო შეჯიბრება იკა ცანავამ (94 კგ), რომელმაც 155 კილო აიტაცა, მაგრამ მერე მოთელვისას ტრავმა მიიღო და ასპარეზობა ვეღარ განაგრძო. 105 კილოში კარგად გამოვიდა დავით გოგია, რომელსაც ვერცხლი ხვდა. იგი წლეულს ოცწლამდელთა ევროპის პირველობაზე გაემგზავრება და იქაც ფავორიტად მიაჩნიათ.

`ეროვნულმა ჩემპიონატმა დაგვარწმუნა, რომ ძალოსნობაში ბევრი ტალანტი გვეზრდება და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, სასურველ მიზანსაც მივაღწევთ. რაც შეეხება ამ შეჯიბრებას, იგი მართლაც შესაშურ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდა, რაშიც უდიდესი წვლილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და პარლამენტარ გიორგი ასანიძეს მიუძღვით~, _ გვითხრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ.

აქვე ჩემპიონატის გამარჯვებულებისა და პრიზიორების შედეგებსაც გაგაცნობთ:

56 კგ. 1. ზვიად ფუტკარაძე (აჭარა, 190=80+110 კგ), 2. რამინ შამილაშვილი (აჭარა, 186=80+106), 3. სეფერ კესეჯი (ქუთაისი, 165=75+90).

62 კგ. 1. შოთა მიშველაძე (ქუთაისი, 230=103+127), 2. გიორგი ქუსიკაშვილი (რუსთავი, 209=95+114), 3. ზაზა ფუტკარაძე (აჭარა, 208=93+115).

69 კგ. 1. გიორგი ლომთაძე (ქუთაისი, 275=125+150), 2. ლაშა კოპალიანი (თბილისი, 267=119+148), 3. ვაჟა ქავთარაძე (აჭარა, 261=118+143).

77 კგ. 1. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა,284=127+157), 2. ლევან ხუზაურაშვილი (თბილისი, 281=125+156), 3. გელა ირომაშვილი (თბილისი, 254=113+141).

85 კგ. 1. რაულ ცირეკიძე (ქუთაისი, 345=155+190), 2. ზაურ დევაძე (თბილისი, 305=135+1790), 3. გოდერძი ზოიძე (აჭარა, 261=115+146).

94 კგ. 1. ვაჟა ღონღაძე (ქუთაისი, 352=165+187), 2. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი, 320=145+175), 3. ბექა ბახტურიძე (მარნეული, 343=165+170).

105 კგ. 1. გია მაჭავარიანი (აჭარა, 382=170+212), 2. დავით გოგია (ზუგდიდი, 370=168+205), 3. თემურ გოგია (ზუგდიდი, 365=170+195).

+105 კგ. 1. ირაკლი თურმანიძე (აჭარა, 400=185+215), 2. ლაშა ტალახაძე (საჩხერე, 348=160+188), 3. ზვიად ქაჯაია (წყალტუბო, 327=150+177).




მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ძეტკაა
burger
17:21 08-08-2017
0
მე ვჯობივარ
შავტუხა2
16:31 08-08-2017
0

სიახლეები პოპულარული