ვაჟებში ჩემპიონი და პრიზიორები 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. სულ 30 სპორტსმენი ცდიდა ძალებს. ქართველთაგან C ჯგუფში ნოდარ კაკაბაძემ იასპარეზა. მან 133 კილო აიტაცა, 153 კილო აკრა და ორჭიდში 286 კილოგრამით მე-17 ადგილს დასჯერდა.
ამ წონაში ფავორიტად მიაჩნდათ 18-წლამდელებში მსოფლიოს რეკორდსმენი, 17 წლის კოლუმბიელი იეისონ ლოპეს ლოპესი. მანაც ქომაგთა იმედები გაამართლა. კოლუმბიელმა ათლეტმა 156 კილოგრამი აიტაცა, 18-წლამდელებში სომეხი ანდრანიკ კარაპეტიანის მსოფლიო მიღწევა კილოგრამით გააუმჯობესა და მცირე
მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუსი ვიაჩესლავ იარკინი (153) და კოლუმბიელი სანტიაგო ბრაიან როდალეგას კარვახალი (151) გავიდნენ. მართალია, რუმინელმა დორუ ლიე სტოიანმაც 151 კილო აიტაცა, მაგრამ იგი პირადი წონით კოლუმბიელზე მძიმე აღმოჩნდა და მე-4 ადგილს დასჯერდა.
ლოპესმა ატაცის შემდეგ იერიში აკვრასა და ორჭიდში საკუთარ რეკორდებზე მიიტანა: აკვრაში თავის მსოფლიო მაჩვენებელს (186 კგ) ოთხი კილოგრამით გადაამეტა, ორჭიდის ჯამში 346 კილოს მოუყარა თავი, რაც მის უწინდელ საუკეთესო შედეგზე 12 კილოგრამით მეტია.
აკვრაში ჩემპიონს ექვსი კილოგრამით ჩამორჩა უზბეკი შახზოდ კუდაბერგანოვი, რომელსაც მცირე ვერცხლი კი ერგო, მაგრამ ორჭიდში 329 კილოგრამით მეხუთე ადგილს ვერ ასცდა. ორი მოძრაობის ჯამში ამდენივე მოაგროვა ჩინელმა იუკინ ჟოიმ (მე-6 ადგილი), რომელიც აკვრაში 181 კილოთი მესამე იყო.
180-180 კილო ერთბაშად ოთხმა სპორტსმენმა დაძლია.
მსოფლიოს პირველობის მეოთხე დღეს გოგონები საპრიზო ადგილებს 58 კილოში ეცილებოდნენ ერთმანეთს. ატაცში ჩინელმა ლინგ ლი ოუმ და ტაილანდელმა ნავპორნ დეჰგსრიმ 97-97-კილოგრამიანი შტანგები დაიმორჩილეს. პირადში ტაილანდელი უფრო მსუბუქი აღმოჩნდა და მცირე ოქროც მას ერგო, სამაგიეროდ, ჩინელი შეუდარებელი იყო აკვრასა (120) და ორჭიდში (217) და ორი ოქროს მედალიც დაიმსახურა. სამი ბრინჯაოთი უზბეკმა მუატარ ნაბიევამ დაიმშვენა მკერდი.
კვარცხლბეკი
ვაჟები (77 კგ)
1. იეისონ ლოპეს ლოპესი (კოლუმბია) 346 (156+190)
2. ვიაჩესლავ იარკინი (რუსეთი) 333 (153+180)
3. სანტიაგო კარვახალი (კოლუმბია) 331 (151+180)
17. ნოდარ კაკაბაძე (საქართველო) 286 (133+153).
გოგონები (58 კგ)
1. ლინგ ლი ოუ (ჩინეთი) 217 (97+120)
2. ნავპორნ დეჰგსრი (ტაილანდი) 211 (97+114)
3. მუატარ ნაბიევა (უზბეკეთი) 207 (95+112).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"