ფორტეპიანო, ხმალი და ევროპული კვარცხლბეკი - ინტერვიუ თეოდორა კახიანთან

AutoSharing Option
ამას წინათ თბილისში დამთავრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა თეოდორა კახიანმა.

მოხმალავე ქალთა ჯგუფურ ტურნირში მან ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო: ზედიზედ სძლია ანა-სოფი ქინდლერს (გერმანია, 5:2), სევილ ბუნიატოვას (აზერბაიჯანი, 5:3), მარტინა კომირჟიკს (პოლონეთი), ბიანკა პასკუს (რუმინეთი, 5:4) და მხოლოდ ერთი პაექრობა დათმო ირინე ვეჩნისთან (იტალია, 1:5). ამის შემდეგ კახიანმა წარმატებით განაგრძო ბრძოლა პლეი ოფში: პირველ წრეში გზიდან ჩამოიშორა აზერბაიჯანელი სევინჯ ბუნიატოვა (15:10), შემდეგ მაყურებლებში გაისტუმრა უნგრელი რენატა კატონა (15:13) და იტალიელი ლორეტა გულოტა (15:13), ნახევარფინალში უნგრელ ლიზა პუშტაის მოუგო
– 15:12, გადამწყვეტ პაექრობაში იტალიელი როსელა გრეგორიო დაჯაბნა – 15:8 და საქართველოს ქალთა შორის ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა.

ევროპის ჩემპიონი თეოდორა კახიანი დღეს გაზეთ "ლელოს" სტუმარია.

გამოყენებული შანსი
- ამ გამარჯვებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი, - გვითხრა თეოდორამ. - ორი თვის წინათ პენსილვანიის უნივერსიტეტი დავამთავრე და იქიდან რუსეთის დედაქალაქში ჩავედი, სადაც ჩვენი მოხმალავეები ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გადიოდნენ. შემდეგ "მოსკოვის ხმალზე" საერთაშორისო ტურნირზე გამოვედი, რაც წარმატებული არ ყოფილა. მაღალ შედეგებს არც მოველოდი, რადგან უამრავი ხელშემშლელი პირობა იყო. ნაკრების მწვრთნელებთანაც ასე გვქონდა გათვლილი - მომზადების პიკისთვის ევროპის ჩემპიონატზე მიგვეღწია.

- დარწმუნებული იყავით, რომ მედალს აიღებდით?
- არასდროს მითქვამს, შეჯიბრებას მოვიგებ-მეთქი. შეიძლება, ეს ჩემი ნაკლიცაა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, გავაკეთო ის, რაც შემიძლია, რომ შემდეგ გულნაკლული არ დავრჩე. მწვრთნელებს რვა საუკეთესოში მოხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი. მას შემდეგ, რაც მეტოქეთა ვინაობას გავეცანი, ვიცოდი, პროგრამა მინიმუმის შესრულება არ გამიჭირდებოდა. საუკეთესო ოთხეულში რომ გავედი, ყველა მილოცავდა, მედალი განაღდებულია და აწი შეგიძლია, თავისუფლად იფარიკაოო. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ კი, პირიქით, უნდა იბრძოლოო, მითხრა, თან შემაგულიანა: "შეუძლებელი არაფერია, ძლიერი მეტოქეები გყავს, მაგრამ არაჩვეულებრივად ფარიკაობ, დღეს შენი დღეა და ეს უნდა გამოიყენო".

მწვრთნელის სიტყვებმა გამამხნევა. მეც ვგრძნობდი, რომ ძალიან ახლოს ვიყავი მწვერვალთან და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა, რადგან ვინ იცის, კიდევ როდის მომეცემოდა, ევროპული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შესაძლებლობა.

- როდის იგრძენით, რომ ჩემპიონობის მოპოვება შეგეძლოთ?
- ყველაზე რთული ორთაბრძოლა მეოთხედფინალში გადავიტანე: იტალიელ ლორეტა გულოტასთან 4:8-ს ვაგებდი, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია, ჩემი ამერიკელი მწვრთნელის - ვეს გლონის სიტყვები გამახსენდა: დასაწყისი კარგია, მაგრამ ფინიში უფრო მნიშვნელოვანია. მეც ის ორთაბრძოლა 15:13 მოვიგე და ოთხეულში გავედი. იქ კი ოქროს მოპოვება არ გამჭირვებია.

დაჯილდოების შემდეგ ამერიკაში გლონს ველაპარაკე. ჩემი ორთაბრძოლები უნახავს. ჩემპიონობა მომილოცა და მითხრა, პირველი პაექრობის მერე დარწმუნებული ვიყავი, შეჯიბრებას მოიგებდიო. მე კი ორი დღე დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ევროპის ჩემპიონი ვარ.

რატომ ფარიკაობა?
- რადგან ამერიკაში გადავინაცვლეთ, იქ გატარებულ ოთხ წელიწადზე რას გვეტყვით?
- პენსილვანიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და იქვე ვვარჯიშობდი ფარიკაობაში ვეს გლონის ხელმძღვანელობით. პირველ წელიწადს გუნდურში მოვიგეთ ამერიკის უნივერსიადა, ხოლო ინდივიდუალურში მესამე ადგილზე გავედი. მეორე წელიწადსაც პირადში ბრინჯაო მერგო. შარშან, ტრავმის მიუხედავად, მაინც ვიასპარეზე და მე-7 ადგილით დავკმაყოფილდი, წლეულს კი იოლად მივედი ფინალამდე, იქ კი ფრანჩესკო რუსოსთან ერთი ქულით (14:15) წავაგე და მეორე ადგილზე გავედი. ეს მარცხი ჩემთვის ერთგვარი დოპინგიც აღმოჩნდა: უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს თავს რომ ვკითხე, რა გზას დავადგე-მეთქი, სარბიელიდან ძლეული ნუ წახვალო. მეც კარიერის გაგრძელება გადავწყვიტე და მიზანსაც მივაღწიე.

- იქნებ, გზის დასაწყისზეც გვითხრათ...
- თანატოლი გოგონების მსგავსად, ცეკვაზე დავდიოდი, მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე. მერე დედამ, მეგობრის რჩევით, მე და ჩემი უფროსი და სოფი ფარიკაობაზე მიგვიყვანა. პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა ფორტეპიანოს ხმალზე გაცვლა, მაგრამ თამაზ კაკულიამ ისე შეგვაყვარა ეს სახეობა, რომ 12 წელიწადია, სხვა სპორტზე არც მიფიქრია.

ჩემს დაოსტატებაში, კაკულიას გარდა, დიდი წვლილი მიუძღვით ლუდვიგ ღაღანიძეს, გიორგი პაიჭაძეს და ვეს გლონს.

- სოფი?
- მაშინ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას იმდენი შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ ყველა სპორტსმენისთვის სათანადოდ შეეწყო ხელი. არადა, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში პირველი-მეორე ადგილებისთვის მე და ჩემი და ვუპირისპირდებოდით ერთმანეთს. 2006 წელს თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე მან მაჯობა, ირანის ტურნირზეც გამისწრო, მაგრამ პერსპექტივა რომ არ იყო, ფარიკაობას თავი დაანება.

შენი ხმალი და ჩემი კისერიო
- თეო, ვიცით, რომ ამერიკაში შეყვარებული გყავთ და თქვენთვის უთქვამს - შენი ხმალი და ჩემი კისერიო. დაქორწინების შემდეგ არჩევანის წინაშე ხომ არ დაგაყენებთ - ან ხმალი, ან ჩემი კისერიო?
- (ეცინება). არა მგონია. თავადაც ყოფილი მოფარიკავეა და ჩემი ხასიათიც იცის. ერთ-ერთმა პირველმა მომილოცა ევროპის ჩემპიონობა. ისიც მითხრა, უხერხულობას თუ გრძნობ, მართმადიდებლად მოვინათლები და ჯვარიც თბილისში დავიწერეთო. მე ქართველი ვარ და ყოველთვის საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ.

- სამომავლოდ რას აპირებთ?
- რამდენიმე დღე მარტვილში ბებიასთან დავისვენებ მყუდრო გარემოში, თუ ამინდები ხელს შემიწყობს, მდინარე ტეხურასა და აბაშაში ვიბანავებ, მერე თბილისში დავბრუნდები და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის წვრთნას განვაგრძობ. ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას 19-26 ივლისს გერმანია უმასპინძლებს. ორმაგად მომიწევს ვარჯიში, რადგან მსოფლიოზე როგორც ინდივიდუალურში, ისე გუნდურშიც ვიასპარეზებთ საპრიზო ადგილებისთვის. თბილისურმა პაექრობებმა დამარწმუნა, რომ ამჟამინდელი მომზადებით ორივე ფრონტზე წარმატებით გამოსვლა გამიჭირდება.

საბოლოო მიზანი კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაა. იქ კი კვარცვხლბეკზე ასასვლელად და ქომაგების გასახარებლად არაფერს დავიშურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ გამარჯვებებით გევლოს ცხოვრებაში, მრავალჯერ მრავალჯერ გაგვახარე და გაიხარე სამაგალითო ქართველო ქალბატონო.
murtalo
15:30 25-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული