პირადშიც, გუნდურშიც

AutoSharing Option
დღეს ყაზანის ორთაბრძოლების სასახლე "აკ ბარსში" სტარტს აიღებს 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის მე-4 ჩემპიონატი, რომელშიც კონტინენტის უძლიერესი ახალგაზრდა მუშკეტერები იასპარეზებენ. საპრიზო ადგილების მაძიებელთა შორის ქართველი მოხმალავენიც იქნებიან.

"საკმაოდ პერსპექტიული გუნდი გვყავს, - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენმა არჩილ გოგელიამ. - თუნდაც ის რად ღირს, რომ წლეულს იორდანიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მიხეილ მარდალეიშვილმა კადეტ მოხმალავეთა შორის მესამე ადგილი დაიკავა. სხვადასხვა ტურნირში საგულისხმო შედეგები ჰქონდათ ძმებს - ბექა და სანდრო ბაზაძეებსა და კახა მაღრაძეს. ოთხივე სპორტსმენი ყაზანში როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ პირველობებში
მოსინჯავს ძალებს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჩემპიონატში სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ბიჭები ამ შეჯიბრებისთვის კარგა ხანს მონდომებით ემზადებოდნენ. ერთობლივი წვრთნები უკრაინასა და გერმანიაში გაიარეს. დასკვნითი შეკრება კი თბილისში ჰქონდათ. გოგონებში მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს- მოხმალავე თათია აფციაური. ქართველი მოფარიკავეებიდან ასპარეზობაში პირველი სწორედ ის ჩაებმება".

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ დღეს, 27 მაისს, ყაზანის საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავე გოგონები და დაშნით მოასპარეზე ბიჭები გავლენ. მოხმალავე ვაჟები ხვალ იბრძოლებენ მედლებისთვის. ამ სახეობაში გუნდური პირველობა კი 31 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული