ძმათა დუელი გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და კუვეიტის 140-დე წარმომადგენელი მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის თასის ღია გათამაშებაში (მთავარი მსაჯი - ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ აფციაური), რომელსაც ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ფინალური ორთაბრძოლა ხმალში, სადაც ერთმანეთს ძმები - ბექა და სანდრო ბაზაძეები დაუპირისპირდნენ.

შარშან საქართველოს ჩემპიონატი ბექამ მოიგო, ხოლო თასის გათამაშებაში უმცროსმა ძმამ სანდრომ აჯობა. ამჯერად უშეღევათო პაექრობის შემდეგ გამარჯვება (15:3) უფროს ძმას დარჩა. რაპირაში თბილისელი არჩილ უგულავა შეხვდა ქუვეითელ ახმედ ყაედს, ვლადიმერ აფციაურის ყოფილ შეგირდს,
რომელიც ახალგაზრდებში არაბეთის შარშანდელი ჩემპიონია, ხოლო უფროსებში II ადგილი დაიკავა. ქუთაისის სპორტის სასახლეშიც იგი ვერცხლის მედალს დასჯერდა, რადგან უგულავასთან 13:15 დამარცხდა.

- ამ შეჯიბრებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სპორტსმენთა მომზადების დონის გაგება გვინდოდა, - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ. - წლეულს 13 ივლისიდან შეფილდი (დიდი ბრიტანეთი) მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. იქ გასამგზავრებელი საქართველოს ნაკრების დასაკომპლექტებლად ქუთაისურმა ბატალიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, თუმცა გუნდის საბოლოო შემადგენლობა ერთი კვირის შემდეგ გაირკვევა. მადლობა ქუთაისის მერიას, რომელმაც სპორტის სასახლე 3 დღის განმავლობაში უსასყიდლოდ დაგვითმო.

კვარცხლბეკი
ხმალი. ვაჟები. 1. ბექა ბაზაძე, 2. სანდრო ბაზაძე, 3. მიხეილ მარდალეიშვილი და გიორგი გორგიძე (ყველა-ქუთაისი). გოგონები. 1. სევინჯ ბუნიატოვა (ბაქო), 2. თათია აფციაური, 3. ქრისტინე ნოზაძე (ორივე-თბილისი) და თამარ ტეტემაძე (აჭარა).

რაპირა. ვაჟები. 1. არჩილ უგულავა (თბილისი), 2. ახმედ ყაედი (კუვეიტი), 3. გიგა ჭოლაძე (ქუთაისი) და სანდრო სიხარულიძე (თბილისი). გოგონები. 1. თეონა გოგლიძე, 2. ქეთევან ერემეიშვილი, 3. ნუცა იაგორაშვილი (სამივე-თბილისი) და ნინო ფანცხავა (ქუთაისი).

დაშნა. ვაჟები. 1. დავით არველაძე (ქუთაისი), 2. არმენ კაზარიანი, 3. ანდრანიკ კირაკოსიანი (ორივე-სომხეთი) და ნიკოლოზ ზურაბაშვილი (თბილისი). გოგონები. 1. ნათია ჩაჩხიანი, 2. ხატია ლელაძე, 3. თეონა ჭეიშვილი და თეონა ბენიძე (ყველა-ქუთაისი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული